„ქართველი მეწარმეები გადავიდნენ უმაღლესი ხარისხის ჩაის წარმოებაზე… ნედლეულის კრეფა შემცირდა“ – რა ხდება ჩაის ბაზარზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქართული ჩაის ( ჩაი, არომატიზებული ან არაარომატიზებული) ექსპორტი, ბოლო ხუთ წელიწადში 27.5%-ით შემცირდა.
2023 წლის იანვარ-დეკემბერში ექსპორტზე გავიდა 2249.22 ათასი დოლარის 1522.33 ტონა ჩაი, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 2099.27 ტონა (4402.83 ათასი დოლარი) შეადგინა.
„მეჩაიეთა ასოციაციის“ დირექტორი, თენგიზ სვანიძე ექსპორტის შემცირების მიზეზად ნედლეულის კრეფის შემცირებას ასახელებს.
„ქართველი მეწარმეები გადავიდნენ უმაღლესი ხარისხის ჩაის წარმოებაზე. ყველას სურს ხარისხიანი ჩაის მოკრეფა, შესაბამისად ნედლეულის კრეფა შემცირდა. უხარისხო ჩაის წარმოება, პრაქტიკულად, აღარ არის მომგებიანი და აღარც საჭირო. ჩაის ხარისხის ზრდა გამოიწვია კონკურენციამ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტული პროდუქციის სიმრავლითაა გამოწვეული“.
მისი თქმით, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე მონღოლეთია, თუმცა საექსპორტო მიმართულება აღმოსავლეთ ევროპის მხარეს უფრო იზრდება.
„მონღოლეთი მოწინავე პოზიციაზეა, მაგრამ აქ ძირითადად გადის ე.წ. „აგურა“ ჩაი, ორ კილოგრამიანი ფილები, რომლებიც მზადდება ლაო ჩაისგან და მაღალი ხარისხის ნატურალური ჩაი არ არის, თუმცა მონღოლეთში ძალიან მოსწონთ და ყიდულობენ. დანარჩენი, მაღალი ხარისხის ჩაის პროდუქცია, ძირითადად, დაფასოებული სახით გადის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ეს ბაზრები დღითი დღე ფართოვდება“
„კომერსანტი“ დაუკავშირდა ჩაის მწარმოებლ ქართულ კომპანიებს, რომლებსაც ნაწარმი ექსპორტზე გააქვთ. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა- „გეზრული ჩაი”.
როგორც კომპანიის დირექტორმა თორნიკე შეყილაძემ განაცხადა, მათი პროდუქცია საფრანგეთის, ჩეხეთის და გერმანიის ბაზრებზე გადის.
„წელს 400 კგ-მდე ჩაი ვაწარმოვეთ. გვაქვს 20-მდე კუპაჟი, თუმცა ძირითადად ვაწარმოებთ შავ, თეთრ და მოცვის ჩაის. ყველა ჩაი ბიოლოგიურად სუფთაა და უმაღლესი ხარისხის (მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ჩაის ვაწარმოებთ). ჩვენ მიერ წარმოებული ჩაის დაახლოებით 60% ექსპორტზე გავიდა საფრანგეთში, 30% ჩეხეთში, ხოლო დანარჩენი – გერმანიაში“.
კომპანიის დირექტორის თქმით, ჩაის ექსპორტი გაეზარდათ, რაც საოჯახო ტიპის სასტუმროს გახსნას უკავშირდება.
„ჩვენ შემთხვევაში ექსპორტის ზრდას ხელი შეუწყო იმან, რომ საოჯახო ტიპის სასტუმრო გავაკეთეთ, სადაც ჩაის ტურებს ვაკეთებთ. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ჩაის მოყვარულები და ჩაის გაყიდვებში ჩართული ადამიანები არიან. სწორედ ამას ვუკავშირებ ექსპორტის ზრდას (ჩვენს შემთხვევაში)“.
თორნიკე შეყილაძის თქმით, ჩაის პლანტაციის გაზრდას არ გეგმავენ, ვინაიდან სოფელში არსებობს ჩაის სხვა პლანტაციებიც, რომლებიც კერძო პირებს ეკუთვნით და მათგან შეისყიდიან უმაღლესი ხარისხის ნედლეულს.
„პლანტაციის გაზრდას არ ვგეგმავთ, ვინაიდან სოფელში არსებობს ჩაის სხვა პლანტაციებიც, რომლებიც კერძო პირების ხელშია და მათგან ვიღებთ ნედლეულს გარკვეული ფასის სანაცვლოდ“.
კომპანია „მანნას“ დირექტორის, ირაკლი ღურჭუმელიას თქმით, კომპანიის მიერ წარმოებული ჩაის ექსპორტი შემცირებულია.
„ სულ ვაწარმოებთ 14 სახეობის ჩაის. კომპანია ექსპორტს ძირითადად ევროპის მიმართულებით ჩეხეთში, პოლონეთში, გერმანიასა და სლოვაკეთში ახორციელებს.
წარმოების კუთხით 2022 წელი ყველაზე წარმატებული იყო, ვინაიდან გაყიდვები დაახლოებით 240-250%-ით გაიზარდა და ამით „მანნამ“ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. 2023 წლის მონაცემებით კი ექსპორტი ჩვენს შემთხვევაშიც შემცირდა, თუმცა ველოდებით გაზრდას. შემცირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია“.