საია – 2023 წელს ხელისუფლებას სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმისკენ არსებითი ნაბიჯები არ გადაუდგამს

2023 წელს ხელისუფლებას სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმისკენ არსებითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევად რჩება კორპორატივიზმი, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა და ინდივიდუალური მოსამართლეების შიდა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ბარიერები,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2023 წელს საქართველოში სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს.
გარდა აღნიშნულია, ანგარიშში ნათქვამია, რომ გაუარესდა და საფრთხის შემცველი გახდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირთა მდგომარეობა.
„2023 წლის 7 მარტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციასა და გაჩუმებას ისახავდა მიზნად, ამასთანავე, მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენდა ადამიანის უფლებების დაცვასა და სოციალურ გარანტიებზე. მოგვიანებით, მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, კანონპროექტი გაიწვიეს. თუმცა, აქციებზე სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების კანონიერებისა და პროპორციულობის შეფასების საფუძველზე, გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან არაერთგზის დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით, ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული ვალდებულებები. კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, უფლებადამცველების მადისკრედიტირებელი კამპანიები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა გზით.
ამასთან, 2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება. ეს კი, მათ შორის, ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, რომელიც ადამიანებს მნიშვნელოვანი გარანტიების გარეშე ტოვებს.
გამოწვევაა ის, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია. საგამოძიებო პროცესი, უმეტესწილად, ხარვეზებით ხასიათდება. ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ პოლიტიკას და მისი წახალისების პრაქტიკას, რაც, მათ შორის, მოძალადეების დაუსჯელობაში გამოიხატება, დამაზიანებელი ეფექტი აქვს მედიის თავისუფლების ხარისხზე.
ამასთან, 2023 წელს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუსტია სასამართლო კონტროლი გარკვეულ გარანტიებთან დაკავშირებით, კონკრეტულად, აღკვეთის ღონისძიებებთან, დაკავების კანონიერებასა და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. უმეტესად, კვლავ ფორმალურია საპროცესო შეთანხმების სხდომები. დამატებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გაჭიანურებული სამართალწარმოებაა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელსაც არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური, სავარაუდოდ უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის საქმეზე.
პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობა, რაც დასტურდება CPT-ისა და სახალხო დამცველის ანგარიშებით, მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს პატიმართა უფლებების რეალიზებაზე. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლის სტრატეგია. ამ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთათვის პრობლემურია ასევე სომატური და ფსიქიატრიული ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ