პარლამენტი საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება, რომელიც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს

პარლამენტი საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება, რომელიც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსსა” და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში აისახა.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააპროტესტა. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქმე ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი საკვანძო საკითხს ეხება, რომელზეც დამოკიდებულია შეძლებს თუ არა საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
„ამ კანონპროექტის შინაარსი სრულ წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა გვითხრა. ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდეს – ეს არის მისი არშესრულება ანუ ერთ-ერთი საკვანძო რეკომენდაციის ჩაგდება. ამ კანონპროექტის იმ ვითარებაში განხილვა, როდესაც საპარლამენტო დღის წესრიგი მთლიანად გადართულია მთავრობის დამტკიცებაზე და პარლამენტში ვერავინ გარეშე პირი – ექსპერტი, სამოქალაქო საზოგადოება ვერ შემოდის და პარლამენტი დახურულ რეჟიმში მუშაობს, ამ ვითარებაში ასეთი განხილვა რამდენად დემოკრატიულად მიგაჩნიათ?! ეს არის სერიოზული დარტყმა ევრორეკომენდაციების შესრულებაზე, რომელზეც დამოკიდებულია ამ ქვეყნის ბედი, დავიწყებთ თუ არა სწრაფად გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს“, – მიმართა ნაცვლიშვილმა უმრავლესობას.
ნაცვლიშვილის პასუხად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესზე დასაბუთებული არგუმენტები ოპოზიციისგან ვერ მოისმინეს.
„ევროკავშირის რომელ ქვეყანაში მოქმედებს რეგულაცია, რომელი რეგულაციის მიღებისკენ თქვენ მოგვიწოდებთ? თუ ევროკავშირში ინტეგრაციაზეა საუბარი, ევროკავშირში არსებული წესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა – ეს უკვე სხვა საფეხურია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. თქვენ ისეთი ცვლილებების მიღებას გვთავაზობთ, რომელიც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს – რით აიხსნება და რას ემსახურება ეს ყველაფერი?“ – განაცხადა ოხანაშვილმა ს მისამართით.
საარჩევნო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით სექტემბერში მიიღო და დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გააგზავნა.
პროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სამი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, კანდიდატების მხარდაჭერისთვის აუცილებელი იქნება საერთო შემადგენლობის 3/5 ანუ 90 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატების 90 ხმით მხარდაჭერა ვერ მოხდა, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც 76 ხმა იქნება საჭირო. თუ საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა ვერც ამ ეტაპზე მოხდა, მომდევნო პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება და კანდიდატებს არჩევისთვის კვლავ 76 დეპუტატის ხმა დასჭირდებათ. თუ არჩევა ვერც მესამე კენჭისყრით მოხდა, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთი კვირაში ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიასა და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას გაუგზავნის. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში, იმავე სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით ცესკოს წევრები და ცესკოს თავმჯდომარე დანიშნოს.
ამავე პროექტით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ