პაპუაშვილის შენიშვნის შემდეგ, ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მივიდა

პარლამენტის თავმჯდომარის, ს შენიშვნის შემდეგ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი პარლამენტში ჩოხით მივიდა.
„წინა სხდომაზე ტანსაცმელი დამიწუნეს, რა გაცვიაო, პაპუაშვილმა მითხრა – იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ იწუნებს, ვნახოთ აბა, შარიანი კაცია“, – დაწერა ელისაშვილმა სოციალურ ქსელში.
6 თებერვალს, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებისას ალეკო ელისაშვილმა გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმნენ. რის გამოც ალეკო ელისაშვილმა კოლეგებს შეახსენა ქართული ხალხური ლექსის სტრიქონი: „ათასად კაცი დაფასდა, ასიათასად ზრდილობა“.
ელისაშვილის კრიტიკის პასუხად შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ქცევა „პოლიტიკური ჟესტი“ იყო, ეტიკეტის დარღვევაზე კი თავად ალეკო ელისაშვილს მიუთითა. ალეკო ელისაშვილს ჯინსები, პერანგი და ნაქსოვი მოსაცმელი ეცვა.
„მადლობა, რომ სხდომათა დარბაზში ეტიკეტზე და მისალმების ფორმებზე ზრუნავთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული და, მე მგონი, პოლიტიკური ჟესტი უნდა განასხვაოთ ქცევის წესებიდან. თუმცა, რაც არის რეგლამენტით მოწესრიგებული, ისაა, რომ სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული.
თქვენს ჩაცმულობაში რამე საქმიანი, საპროტოკოლო ვერ დავინახე და მაინცდამაინც ჩოხა-ახალუხის და ქამარ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ. ამიტომ, გთხოვთ, თუ მაინცდამაინც ეტიკეტი გაინტერესებთ, ამას მიაქციოთ ყურადღება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე“, — მიმართა პაპუაშვილმა დეპუტატს.