საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო აცხადებს, რომ 30 სექტემბრიდან ქვეყანაში „ძვირადღირებული ავტომობილების“ იმპორტი აიკრძალება.
ირანში მანქანებს ძირითადად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან ყიდულობენ. სტატისტიკაში მეორე ადგილზე თურქეთია. საქართველო ირანის მანქანების საიმპორტო ქვეყნების ათეულშიც კი არ შედის.
2026 წლამდე არც ირანი ყოფილა საქართველოს მანქანების საექსპორტო ათეულში. წელს კი – 8 თვის განმავლობაში – საქართველოდან ირანში 129.2 მილიონი ლარის ღირებულების 7360 მანქანა გაყიდეს.
ელჩი საგარეოში დაიბარეს
2026 წლის 30 სექტემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს „სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით“.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს „განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს“.
მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ალი მოჯანის პოსტები, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, ეხებოდა ქეთევან დედოფალს, ფერეიდნელებს, საქართველოს გადაწყვეტილებას, შეერთებოდა ამერიკულ სანქციებს ირანული ავიაციისადმი, და ა.შ.
რა უპასუხა ელჩმა რადიო თავისუფლებას
ელჩის საგარეო უწყებაში დაბარების შემდეგ რადიო თავისუფლება მას დაუკავშირდა შეკითხვით, რა პოზიცია აქვს თბილისის გამოთქმულ კრიტიკაზე.
პასუხად ირანის ელჩმა გაგვიზიარა ირანის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე 18:30 საათისთვის გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც წერია:
„რამდენიმე წუთის წინ ირანის ისლამური რესპუბლიკის მრეწველობის, სამთო მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანებით, ოთხშაბათიდან, 2026 წლის 30 სექტემბრიდან, ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება“.




