“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია, რომელმაც საპატიმრო დღეს დატოვა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.
როგორც მან აღნიშნა, იქამდე იქნება უწყვეტი პროტესტის მონაწილე, ვიდრე ამის საშუალება ექნება.
“ჩემი სათქმელი არის ის, რომ არაფერი მოგვარებულა, და ამას ამ ერთი წლის განმავლობაში დაემატა უამრავი რამ, რის გამოც სახლში გაჩერება, როგორც მაშინ იყო შეუძლებელი, ახლა კიდევ ორმაგად შეუძლებელია.
ჩემთვის არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ერთი წელი ვიყავი შეზღუდული, ფიზიკურად ვერ ვაკეთებდი იმას, რასაც ვაკეთებ და ახლა სადამდეც მექნება შესაძლებლობა, რომ გავაგრძელო, გავაგრძელებ.
რაც შეეხება პატიმრების წერილებს, რომლებსაც ციხიდან აგზავნიან, შეუძლებელია ამას არ დაეთანხმო, იმას, თუ რა საკვებს აძლევენ პატიმრებს და ეს მარტო პოლიტპატიმრებს არ ეხებათ, ეს ეხება ნებისმიერ პატიმარს. სამწუხაროდ, ბევრს არ აქვს იმის საშუალება, რომ თავად შეიძინოს სხვა საკვები. ეს არის სისტემური პრობლემა, არავის უნდა ამის მოგვარება, თორემ მზაობა რომ იყოს, ერთ თვეშიც შეიძლება ამის მოგვარება”, – განაცხადა გელა ხასაიამ.
“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი მოგვიანებით საკრებულოსთან გადაინაცვლებს, სადაც ასევე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავებოდა, რომ მან 2025 წლის 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს – რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგვიანებით კი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ორივე პირი დამნაშავედ ცნო და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა. ორივე პირს საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობით გაუფორმდა: 1 წელი რეალური სასჯელი და 3 წელი პირობითი მსჯავრი.

