მიყვარს თავისუფლება, მაგრამ ვერ მოვინანიებ სამშობლოს სიყვარულს და ვერც იმას, რაც პროკურატურამ დამაბრალა, რომ თითქოს 4 ოქტომბერი ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით დავაორგანიზე,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში სპროცესო შეთანხმების საკითხზე წერს.
მანჯგალაძის თქმით, ცხოვრებაში უსამართლობა კი არ არის მთავარი დილემა, არამედ ის, თუ როგორ ვრეაგირებთ მასზე.
,,ჩემო მეგობრებო, მე ნორმალურად ვარ. იმედი მაქვს, რომ თქვენც კარგად ხართ. აქ საინტერესო არაფერი ხდება, თუმცა, რომ ვაკვირდები, გარედან შემოსული ხალხი უფრო დათრგუნულია ვიდრე მე აქ.
ყველაფერი კარგად იქნება! ბოროტებასაც თავის ლიმიტები აქვს, მთავარია გული არ გავიტეხოთ, გვჯეროდეს სიკეთის გამარჯვების, რომელიც თავისთავად კი არ ხდება, არამედ სიმტკიცით და გამძლეობით.
ანამ მკითხა, რას ფიქრობ საპროცესოზეო? მე ყველასი მესმის, ყველას მისი გადასახედი აქვს, აქ ყოფნა მარტივი ნამდვილად არ არის, ამიტომ არავის განსჯას არ ვაპირებ, თუმცა, პირადად მე ვთვლი, რომ ქართული ეროვნული მოძრაობის ტრადიციების გაგრძელებისთვის, უიარაღო სიმართლის ერთგულებისთვის მე უფლება არ მაქვს ასე მოვიქცე, მიყვარს თავისუფლება, მომენატრა ჩემი ტასიკო მაგრამ მე ვერ მოვინანიებ სამშობლოს სიყვარულს და ვერც იმას, რაც პროკურატურამ დამაბრალა, რომ თითქოს 4 ოქტომბერი ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით დავაორგანიზე.
ცხოვრებაში უსამართლობა კი არ არის მთავარი დილემა, არამედ ის, თუ როგორ ვრეაგირებთ მასზე.
მართლა მომენატრეთ. მჯერა გავუძლებთ, ღმერთით მოვიგებთ ყველა!”,- წერს მანჯგალაძე.




