პირველადი ოფიციალური შედეგებით, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 92.1%-ი მიიღო

პირველი ოფიციალური შედეგებით, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ხმების 92.1%-ით ლიდერობს.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაზაჰირ პანახოვი ავრცელებს.
მისი ცნობით, ამ მომენტისთვის დათვლილია ხმების 54.47%, ხოლო მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 92.1%-ით (2,711,804 ხმა) ლიდერობს. 2.2% (59,719 ხმა) აქვს ზაჰიდ ორუჯს, 1.99% (53,986 ხმა) ფაზილ მუსტაფას, 1.78% (48,315 ხმა) გუდრატ ჰასანგულიევს, 0.79% (21,406 ხმა) რაზი ნურულაევს, 0.66% (17,855 ხმა) ელშად მუსაევს, და 0.48% (12,981 ხმა) ფუად ალიევს.
ცნობისთვის, რიგგარეშე არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ორმა უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, “მუსავათმა” და “აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის პარტიამ” უარი განაცხადეს არჩევნებში კანდიდატების წაყენებაზე და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.