“რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება იმაზე სწრაფად შეიძლება შედგეს, ვიდრე ხალხს ჰგონია“, – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ეს განცხადება ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბარს კიდევ ერთხელ ააქტიურებს. თუმცა, საერთაშორისო მოლაპარაკებების გააქტიურების პარალელურად, ფრონტზე ვითარება კვლავ მძიმეა, რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს აძლიერებს, უკრაინა კი რუსეთის სიღრმეში ენერგეტიკულ, ლოგისტიკურ და სამხედრო სამიზნეებზე შორი მოქმედების საშუალებებით ზეწოლას ზრდის. ზამთრის მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მასირებული დარტყმების გაგრძელების საფრთხე. რამდენად ასახავს ტრამპის განცხადება მოლაპარაკებების პროცესში რეალურად მომხდარ ცვლილებას და რა საფუძველი აქვს ვაშინგტონს იმის მოლოდინისთვის, რომ შეთანხმება შესაძლოა იმაზე სწრაფად შედგეს, ვიდრე საზოგადოება ელოდება, ამ და სხვა საკითხებზე, უკრაინაში მებრძოლო ჯგუფი “სარანგის“ მეთაური, მიხეილ ბატურინი გვესაუბრება:
– მებრძოლების განწყობაში არაფერი შეცვლილა. ყველამ იცის, რომ რუსეთი მტერია და უკრაინის ტერიტორიაზეა შეჭრილი. რუსეთის განდევნისა და უკრაინის ტერიტორიის სრული დეოკუპაციის გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. რაც შეეხება ომის გაყინვის შესახებ განცხადებებს, ჩვენ საქართველოში ვნახეთ, რას ნიშნავს კონფლიქტის გაყინვა და რით შეიძლება დასრულდეს ეს. ამ საკითხზე საუბრისას უკრაინელები სწორედ საქართველოს სამწუხარო მაგალითის მიხედვით მსჯელობენ და სწორ დასკვნებს აკეთებენ. მათი შეფასებით, რუსეთი კონფლიქტის გაყინვის პროცესში ძალებს იკრებს და შემდეგ კიდევ უფრო მძიმე აგრესიას ახორციელებს. ამიტომ უკრაინაში არც მებრძოლები და არც სამოქალაქო მოსახლეობა კონფლიქტის გაყინვაზე არ ფიქრობენ. რაც შეეხება ვითარების ცვლილების ნიშნებს, რუსეთს აღარ აქვს ის თავდაჯერებული პოზიცია, რომელიც ომის დასაწყისში ჰქონდა, როდესაც აცხადებდა, რომ კიევს სამ დღეში აიღებდა. დღეს უკრაინული ძალები კონტრშეტევით ოპერაციას – “ვივალდის“ ახორციელებენ, რომელიც საკმაოდ შედეგიანია. უკრაინული ძალები რამდენიმე მიმართულებით ახორციელებენ შეტევით მოქმედებებს და გარკვეულ მონაკვეთებზე წინსვლასაც აღწევენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ლიმანის რაიონია, სადაც უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს. ამ პროცესმა რუსეთის პოზიციებზე, მათ შორის ფლანგებზე, დამატებითი ზეწოლა შექმნა.
კუპიანსკის მიმართულებით რუსეთი ცდილობს არსებული პოზიციების შენარჩუნებას, თუმცა უკრაინული ძალების მხრიდან მუდმივი ზეწოლის პირობებში ამის გაკეთება მისთვის რთულია. პარალელურად, რუსეთის შეტევითი მოქმედებები ძირითადად კონსტანტინოვკისა და პოკროვსკის მიმართულებებზე გრძელდება. ამ ტერიტორიებზე რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა პოზიციების გამყარება და დონეცკის ოლქში კონტროლის გაფართოება, თუმცა ბრძოლები კვლავ ინტენსიურია და უკრაინული ძალები რუსულ შეტევებს წინააღმდეგობას უწევენ. თუ უკრაინული ძალების წინსვლა და რუსეთის ფლანგებზე ზეწოლა გაგრძელდა, რუსეთის არმიას შესაძლოა გარკვეულ მონაკვეთებზე პოზიციების შეცვლა ან უკან დახევა დასჭირდეს. სწორედ ამიტომ ცდილობენ რუსული ძალები პოკროვსკისა და კონსტანტინოვკის მიმართულებებზე არსებული პოზიციების შენარჩუნებასა და გამაგრებას.
– პრეზიდენტების – ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ენერგეტიკულ ომზე დროებითი მორატორიუმი იყო. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები, თუ რუსეთიც შეწყვეტს უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმებს. რამდენად რეალურია ასეთი ორმხრივი შეთანხმების მიღწევა და რა მექანიზმით შეიძლება მისი შესრულების კონტროლი?
– სიმართლე რომ გითხრათ, ამის დაჯერება რთულია. 2022 წლის ფართომასშტაბიანი შეტევის შემდეგ რუსეთი მუდმივად ესხმის თავს ენერგოობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ეს გუშინ ან ერთი წლის წინ არ დაწყებულა, თავიდანვე ცდილობდნენ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ამ გამოცდილების თანახმად, უკრაინელებს არ სჯერათ, რომ რუსეთი შეთანხმებას შეასრულებს და შესაბამის კონტრზომებს მიიღებენ. თუ რუსეთი თავდასხმებს არ შეწყვეტს, ეს უკრაინისთვის რაიმე ახალი არ იქნება.
– უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორსა და ეკონომიკაზე ზეწოლა გაზარდა. თუმცა, ამავე დროს, ეს დარტყმები გავლენას ახდენს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარსა და საწვავის ფასებზეც. რამდენად ზღუდავს ეს ფაქტორი უკრაინის შესაძლებლობას, გააგრძელოს ასეთი დარტყმები და რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ბაზრის მდგომარეობა უკრაინის სამხედრო სტრატეგიისთვის?
– სამწუხაროა, როდესაც ამ ვითარებაში პრეზიდენტი ტრამპი ფინანსურ საკითხებზე საუბრობს. უკრაინაში ადამიანები იცავენ საკუთარ სამშობლოს, სახლსა და ოჯახებს. პირადად მე მიმაჩნია, რომ ასეთ დროს თანხებზე საუბარი ამორალურია, თუმცა ყველას თავისი ღირებულებები აქვს. რაც შეეხება უკრაინის სამხედრო მოქმედებებს, ის წარმატებები, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აღწევენ რუსეთის სამხედრო მანქანის დასასუსტებლად, შედეგს უკვე იძლევა და, ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო დიდ შედეგს გამოიღებს.
რუსეთი ცდილობს, მსოფლიომ ვერ დაინახოს რამდენად დიდი პრობლემები აქვს ქვეყნის შიგნით. ვიცით, რომ რუსეთში საკმაოდ დიდი უკმაყოფილებაა, მათ შორის მობილიზაციის გამო, რომელსაც აქამდე ჩუმად ახორციელებდნენ და, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერებენ. რუსეთი ყოველდღიურად დიდ დანაკარგებს განიცდის, იმიტომ რომ ყოველდღე კარგავენ 1200-ზე მეტ ჯარისკაცს. უკვე ფაქტია, რომ უკრაინის კონტრშეტევები რუსული ჯარის მომმარაგებელი სამხედრო ტექნიკისა და იმ ინფრასტრუქტურის განადგურება რუს სამხედროებში დემოტივაციას იწვევს. ამ ყველაფერმა, ერთობლიობაში, შედეგი უნდა გამოიღოს და ვფიქრობ, ეს შედეგი უკრაინის სასარგებლოდ უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდება.
– მობილიზაცია უკრაინისთვისაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პერიოდულად ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესში მოქალაქეების იძულების შემთხვევები, რაც საზოგადოებაში კითხვებს აჩენს. რამდენად მწვავეა დღეს უკრაინისთვის ადამიანური რესურსის პრობლემა, რა გავლენას ახდენს მობილიზაციის პროცესი ჯარის დაკომპლექტებასა და ფრონტზე არსებული ვითარების შენარჩუნებაზე და რამდენად რეალურია, რომ ეს საკითხი ომის გაგრძელების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცეს?
– რა თქმა უნდა, სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები არსებობენ. თუ იმ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ვისაც ჯარში წასვლა არ სურს, ასეთი ფაქტები ნამდვილად არსებობს. თუმცა უამრავი შემთხვევაა, როდესაც მოხალისეები თავად მიდიან ჯარში და ბევრი ადამიანი ევროპიდანაც ბრუნდება, რათა საკუთარი სამშობლო დაიცვას. უკრაინელების საჯარო განცხადებები და ვიდეოები, რომლებშიც ისინი ამბობენ, რომ ჯარში წასვლა არ სურთ, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია. ჯარში წასვლაზე უარის თქმას არ აქვს ის მასშტაბი, როგორადაც ამას რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს. უკრაინელების უმრავლესობას ესმის, რომ ისინი საკუთარ სამშობლოსა და ოჯახებს იცავენ. ამ თვალსაზრისით მათ მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ, ისინი საკუთარი ქვეყნის დასაცავად იბრძვიან. სინამდვილეში ამ მიმართულებებით რუსეთში უფრო დიდი პრობლემებია. უკმაყოფილება განსაკუთრებით იზრდება კავკასიის რეგიონებში, ჩვენამდე მოდის ინფორმაცია, რომ კავკასიელებს აღარ სურთ რუსეთის არმიაში წასვლა. იგივე ეხება რუსეთის მიერ დაპყრობილ სხვა მცირე ერებშიც. მაგალითად, ბურიატიაში ძალიან მძიმე დემოგრაფიული და სამხედრო დანაკარგებია. იქ სამხედრო ასაკის მამაკაცების 70% განადგურებულია. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სათანადოდ არ შუქდება და ფართო საზოგადოებისთვის ბევრი რამ არ არის ცნობილი. რუსეთი ცდილობს ასეთი ინფორმაციის დამალვას, თუმცა მსგავსი სიგნალები სულ უფრო ხშირად აღწევს ჩვენამდე.
– ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინა, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადება. ფრონტის გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ელოდებით ამ მიმართულებით და რამდენად შეუძლია ასეთ კამპანიას გავლენა მოახდინოს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებსა და ჯარისკაცების მდგომარეობაზე?
– რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურება 2022 წლიდან დაიწყო და შემდეგ ეს კამპანია თანდათან გააძლიერა. მათი სტრატეგია მარტივია, ინფრასტრუქტურის განადგურებით მოსახლეობის დაშინება. თუმცა ამან უკრაინაში არც მოსახლეობის განწყობა შეცვალა და არც ფრონტზე მდგომარეობაზე მოახდინა ისეთი გავლენა, როგორსაც რუსეთი ელოდა. უკრაინელები ამისთვის მომზადებულებიც არიან და შეჩვეულებიც. ვფიქრობ, საბოლოოდ რუსეთს უფრო მძიმე ზამთარი ელოდება. უკრაინელები ემზადებიან და არც ერთი დღე არ ჩერდებიან იმისთვის, რომ ფრონტი კიდევ უფრო გააძლიერონ. შესაბამისად, რუსეთი ამ მიმართულებით სასურველ შედეგს ვერ მიიღებს.
– რუსეთის მოქმედებები სულ უფრო ხშირად სცდება უკრაინის ფარგლებსაც, მათ შორის, საუბარია ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევებზე და სხვა ინციდენტებზე. რამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვათ ომის გაფართოების რისკი და რა ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთი უკრაინის ფარგლებს გარეთ ახალი მიმართულების გახსნას ცდილობს?
– ამ ეტაპზე რუსეთი მზად არ არის, რომელიმე ქვეყანასთან პირდაპირი ომი დაიწყოს. მუქარები კი ნამდვილად კარგად გამოსდით. ჩვენ ვნახეთ მსგავსი მცდელობები გერმანიასა და ლატვიაში, მათ შორის ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები. იყო ელექტროსადგურების გათიშვის შემთხვევებიც. საქართველოშიც არაერთხელ ვნახეთ ელექტროენერგიის გათიშვა, რასაც, ჩემი აზრით, სათანადო ყურადღება არ მიექცა. ვფიქრობ, ეს შეიძლება ყოფილიყო ახალი კიბერიარაღის გამოცდის მცდელობა – ელექტროენერგიის გათიშვის შესაძლებლობის ტესტირება, რომელიც მოგვიანებით ევროპაში გამოიყენებს. თუმცა ამაზე არავინ საუბრობს და არც პასუხისმგებლობის საკითხი დასმულა.
– თუ თქვენი მოლოდინით, მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში რეალურ ცეცხლის შეწყვეტაში ვერ გადაიზრდება და ბრძოლა გაგრძელდება, რას ელოდებით მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში?
– უკრაინას სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და დღესაც აქტიურად ქმნის და ავითარებს ახალ შეიარაღებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ტექნოლოგიური მიმართულება უკრაინაში სწრაფად ვითარდება და ამ ტექნოლოგიების ნაწილი უკვე უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოიყენება. შედეგიც სახეზეა. ამიტომ ვფიქრობ, რომ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას მომავალში მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ფრონტზე და ტერიტორიების დეოკუპაციის შესაძლებლობებსაც გაზრდის. კონტრშეტევითი ოპერაცია “ვივალდი“ კარგ შედეგებს აჩვენებს და გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალშიც შეძლებენ წინსვლას. რუსეთის მთავარი ამოცანა ახლა მნიშვნელოვანი მიმართულებებისა და ფლანგების შენარჩუნებაა, კუპიანსკიდან პოკროვსკამდე. მათთვის მნიშვნელოვანია ლიმანისა და კუპიანსკის მიმართულებებზე არსებული პოზიციების შენარჩუნება, ასევე კონსტანტინოვკისა და პოკროვსკის მიმართულებებზე თავდაცვითი ხაზების გამაგრება. თუმცა, ვფიქრობ, ამ ამოცანის შესრულება რუსეთისთვის შეუძლებელი იქნება. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც რუსეთის მხარე კონკრეტული დასახლებული პუნქტის დაკავების შესახებ აცხადებდა, მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია არ დასტურდებოდა. ჩემი შეფასებით, მსგავსი განცხადებები ნაწილობრივ შეიძლება რუსეთის არმიისთვის მოტივაციის შენარჩუნებასაც ემსახურებოდეს. თუმცა ბრძოლის ველზე რეალური ვითარება საბოლოოდ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასეთი განცხადებები.




