აგვისტოში თბილისში 3 388 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტია. თუმცა, ივლისთან შედარებით, გაყიდვების რაოდენობა 24%-ით, თითქმის 1 100 ბინით შემცირდა.Colliers-ის მონაცემებით, აგვისტოს მაჩვენებელი მიმდინარე წლის ყველაზე დაბალია იანვრის შემდეგ. იანვარში თბილისში 2 875 ბინა გაიყიდა, ხოლო მომდევნო თვეებში გაყიდვების რაოდენობა 3 600-ზე ნაკლები აღარ ყოფილა.გაყიდვების შემცირებასთან ერთად, აგვისტოში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობაც შემცირდა. ბაზრის ზომამ 297 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ივლისში ეს მაჩვენებელი 393.5 მილიონ დოლარს აღწევდა. 2026 წელს იანვრის შემდეგ ეს ბაზრის ყველაზე დაბალი მოცულობაა.ამასთან, წლიურ ჭრილში თბილისის ახალ პროექტებში გაყიდვები 24%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა როგორც ახალაშენებული ბინების პირველად, ისე მეორეულ ბაზარზე. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა დაახლოებით 4%-ით არის გაზრდილი.ბინების მყიდველების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა უცხოეთის მოქალაქეების წილი წლიურად გაიზარდა და აგვისტოში 14% შეადგინა.გაყიდვებისგან განსხვავებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები ზრდას განაგრძობს. აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი წლიურად 10.5%-ით გაიზარდა. გარეუბნებში ზრდამ 16% შეადგინა, ქალაქის ცენტრში კი თითქმის 17%.ძველი ბინების საშუალო ფასიც თბილისში წლიურად 10.5%-ით არის გაზრდილი.საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით თბილისში გასაყიდი ბინების საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 100 დოლარზე მეტით არის გაზრდილი.
