სწავლის დაწყებიდან სამ დღეში საქართველოში ათი სკოლა დახურეს. რა ვიცით ამ სკოლებზე და რა აჩვენა ამ პროცესმა?

სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში, საქართველოს ათ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ამ სკოლებიდან ზოგი უნდა დაინგრეს და ახალი აშენდეს. ზოგი კი გარემონტდება.

გადაწყვეტილების საფუძველი სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები გახდა, რომ სკოლები ავარიულია.

საუბარია – თბილისის 21-ე, მისაქციელის, ხაშურის მეხუთე, წყალტუბოს მეორე, ქუთაისის მე-16, სენაკის, გურჯაანის მესამე, ველისციხის, ანაგის და ავრანლოს სკოლებზე.

დაკეტვიდან პირველ კვირას სკოლები ონლაინ სასწავლო რეჟიმზე გადაიყვანეს. სამინისტრომ და სკოლების ადმინისტრაციებმა სასწრაფოდ უნდა მოძებნონ ალტერნატიული ფართები.

დიდი ალბათობით, ათივე სკოლას მეზობელ სკოლებში შეასახლებენ. იქ სწავლა ორ ან სამ ცვლაში დაიწყება. გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირდება. თუ რომელიმე ალტერნატიული შენობა შორ მანძილზეა, მაშინ სასკოლო ავტობუსებს დანიშნავენ.

ოთხი ათასზე მეტი მოსწავლე და 400-მდე მასწავლებელი ახლა სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება – სად გადაანაწილებენ და რომელ ცვლაში ისწავლიან.  

ასეთი გამოცდილება უკვე არსებობს. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში, ათასობით მოსწავლე სწავლობს “ნათხოვარ” შენობაში. მათი დანგრეული სკოლები კი ჯერაც არ აშენებულა.

როგორ განვითარდა მოვლენები და რას დაეფუძნა გადაწყვეტილებები

სცენარი ათივე სკოლაში ერთნაირად განვითარდა. სწავლის განახლება საზეიმოდ აღნიშნეს – ფერადი საჰაერო ბურთებით, ალმებით, ყვავილებით მორთულ კლასებში და ეზოებში.

17 სექტემბერს, მესამე დღის გვიან საღამოს კი მშობლებს შეტყობინებები გაუგზავნეს, რომ სკოლები იკეტება.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობა დაკეტილ სკოლებში. მონაცემები აღებულია სკოლების ოფიციალური პორტალიდან
მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობა დაკეტილ სკოლებში. წყარო: JAMnews. მონაცემები აღებულია სკოლების ოფიციალური პორტალიდან.

ათივე საჯარო სკოლის შემთხვევაში, სკოლის დახურვის გადაწყვეტილებები ლევან სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დაკვნებს ეფუძნება. დასკვნები 10 სექტემბრით თარიღდება. განათლების მინისტრი ამბობს, რომ მათ ეს დოკუმენტები 17 სექტემბერს მიიღეს. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა.

მშობლების ნაწილს ექსპერტიზის დასკვნების და სკოლების ავარიულობის არ სჯერა. ისინი, ეჭვობენ, რომ ზოგი გადაწყვეტილების უკან კორუფციული გარიგება და ინვესტორის ინტერესი იმალება.

JAMnews-მა შეისწავლა ათივე სკოლასთან დაკავშირებული საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები – ავტორიზაცის საბჭოს გადაწყვეტილებები, ექსპერტიზის დასკვნები, სახელმწიფო შესყიდვები, რეაბილიტაციის გეგმები, მუნიციპალიტეტების ანგარიშები.

ჩვენ ვეძებდით პასუხებს – რატომ დაიწყეს ამ სკოლებმა სასწავლო წელი 15 სექტემბერს, თუ რამდენიმე დღეში შენობების დაცლა გახდებოდა საჭირო? როდის იცოდნენ პასუხისმგებელმა უწყებებმა მათი მდგომარეობის შესახებ? თუ სკოლები მაინც დასანგრევი იყო, რატომ ხარჯავდნენ ყოველ წელს თანხებს მათ რეაბილიტაციაზე?

ვრცლად