23 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროკურატურის კიდევ სამმა მოწმემ დაადასტურა, რომ არაფერი იცოდა – მაშინდელი შსს-ის მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში – საპოლიციო საგუშაგოს აშენების შესახებ.პროკურატურა ირწმუნება, რომ გახარიამ საგუშაგო ყველასგან მალულად ააშენა – ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, დაუკითხავად. ამავეს დამტკიცებას ცდილობდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები – როდესაც “ჩორჩანის საგუშაგოს” ამბავს სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია [“წულუკიანის კომისია”] იკვლევდა. ერთ დროს გამორჩეულად ნაქები გახარია თანაგუნდელებმა, შარშან, ორჯერ გამოკითხეს და ბრალდებებით აავსეს.გიორგი გახარიას “ჩორჩანის საგუშაგოს” საქმეზე დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.სამი მოწმე დახურულ კარს მიღმა23 სექტემბერს, 11-ე დარბაზში გამართულ სხდომაზე ისევ არ დაუშვეს დამსწრეები, მათ შორის – ჟურნალისტები.დახურულ კარს მიღმა დაკითხეს:ალექსანდრე [ალეკო] ტაბატაძე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე;გიორგი [გიგი] ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი;კახა კახიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი.ალექსანდრე ტაბატაძე – ამჟამად პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, 23 სექტემბერს, სასამართლოს ეზოში და შემდეგ – დარბაზში შეუმჩნეველად შევიდა. გამოსვლისას ის ჟურნალისტებმა ის ავტომანქანაში დაინახეს – თუმცა გასაუბრების შესაძლებლობა არავის მიეცა.ტაბატაძე „წულუკიანის კომისიის“ წევრი იყო, უშუალოდ მონაწილეობდა გახარიას გამოკითხვის პროცესში და მის მიმართ ბრალდებებითაც გამოირჩეოდა.”წულუკიანის კომისიის” შეფასებით, საგუშაგოს აგებამ ვითარება გაამწვავა და საქართველომ დამატებითი ტერიტორიები დაკარგა. 2025 წლის აპრილში, კომისიის წევრები აღნიშნავდნენ, რომ, საგუშაგოს აგების ნაცვლად, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ადგილზე პატრულირება უნდა დაეწყო, ხოლო საგუშაგოს აგების საკითხი „სეპარატისტულ და საოკუპაციო ძალასთან“ უნდა შეთანხმებულიყო – ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის წესების შესაბამისად.„რამდენი ახალი საგუშაგო და საოკუპაციო ხაზი გადმოუწევიათ, თქვენ გგონიათ, ჩვენ ვინმე რამეს გვატყობინებდა?!“ – გახარიამ კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ ოპერაცია „დასწრების პრინციპით“ დაიგეგმა, რადგან უკვე დაწყებული იყო ჩორჩანის ტყის მიტაცება და დიდი ტერიტორია იყო გადასარჩენი – საოკუპაციო რეჟიმისთვის გეგმის შეტყობინება კი ოპერაციას ჩაშლიდა.
“მას [ტაბატაძეს] პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი აქვს, რადგან, ერთი მხრივ – ის იყო ფაქტობრივად ბრალმდებელი [პარლამენტის] საგამოძიებო კომისიაზე, ამ საქმესთან დაკავშირებით და შემდეგ, თითქოს როგორც მოწმეს აქვს ჩვენებები მიცემული… ადამიანი ამბობს – არ ვიყავი კურატორი მოადგილეო [სუსის უფროსის] და შეფასებებს აკეთებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მას არ გააჩნია”, – გიორგი გახარიას პარტიის [“გახარია საქართველოსთვის”] აღმასრულებელი მდივანი და ადვოკატი, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ გამოძიებას არცერთ ეტაპზე არ დაუკითხავს სუსის უფროსის მაშინდელი მოადგილე, რომელიც საოკუპაციო საკითხებს კურირებდა – ეს გრიგოლ ლილუაშვილია, ახლა უკვე მსჯავრდებული – განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით.ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო 2019 წელს აშენდა.მანამდე, ადგილობრივებზე დაყრდნობით, სხვადასხვა წყარო ავრცელებდა ინფორმაციას – საოკუპაციო რეჟიმის წნეხისა და დამატებითი ტერიტორიების მიტაცების გეგმის არსებობის შესახებ.ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია [EUMM] 2019 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ – იანვრიდან აღმოჩენილ იქნა „ფერადი მონიშვნები ხეებზე წნელისსა და ჩორჩანას შორის არსებულ ტერიტორიაზე“ და რომ – „მისიამ შეაფასა აღნიშნული მონიშვნები როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები“ – თუმცა „ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა არ აიღო არცერთმა მხარემ“.რა თქვა მოწმე ხოჯევანიშვილმა?დაკითხვის შემდეგ, შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, გიორგი გახარიას ყოფილმა თანაგუნდელმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან არ იცოდა და არც ეკუთვნოდა, რომ წინასწარ სცოდნოდა – ჩორჩანის საგუშაგოს აგების გეგმების შესახებ.“ეს იყო პოლიციური ოპერატიული ღონისძიება. შესაბამისად, მე არ წარმოვადგენდი იმ ორგანოს, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა”, – ხოჯევანიშვილმა პირდაპირ არ უპასუხა მედიის შეკითხვას – საჭირო იყო თუ არა საპოლიციო საგუშაგოს აგება საოკუპაციო ხაზთან, თუმცა დაადასტურა, რომ, ბორდერიზაციის გამო, ვითარება დაძაბული იყო:“საოკუპაციო ხაზთან მუდმივად იყო რთული პროცესები, მათ შორის – იყო მოქალაქეების დაკავებები… მთელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ჩემი გუბერნატორობის პერიოდშიც სამწუხაროდ რამდენიმე მსგავსი შემთხვევა იყო”.ასევე მოწმის თქმით, ჩვენება მას არავის წინააღმდეგ არ მიუცია.“გიორგი ხოჯევანიშვილს მოუწევს მთელი ცხოვრება იმ ტვირთის ტარება, რა ტვირთიც მან ამ ჩვენების მიცემით აიღო. ეს არის ტვირთი, რომელიც არც ადამიანობაში შეიძლება იჯდეს, არც კოლეგიალობაში და არც სახელმწიფო ინტერესებში შეიძლება იჯდეს. მან დააფიქსირა – რომ თითქოს არ იცოდა ჩორჩანაში საგუშაგოს აგების შესახებ – ეს ფაქტი აუცილებლად შეფასდება”, – უთხრა მედიას გახარიას თანაგუნდელმა ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ და განმარტა ასევე, რომ ხოჯევანიშვილი გიორგი გახარიას რეკომენდაციითა და ძალისხმევით გახდა ჯერ გუბერნატორი და შემდეგ – პარლამენტარი, ხოლო გახარიას ოპოზიციურ პარტიაში მისი მოადგილე იყო.
რა თქვა მოწმე კახიშვილმა?“გავიგე პოსტფაქტუმ, მასმედიის მეშვეობით” – მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – კახა კახიშვილი, სხვა არაერთი მოწმის მსგავსად, ამბობს, რომ “ჩორჩანის საგუშაგოს” აგების შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა. ის განმარტავს, რომ საგუშაგოს შესახებ ადმინისტრაციაში ინფორმაცია ოფიციალურად არ შესულა; თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ – მაშინდელ პრემიერს, მამუკა ბახტაძესა და შს მინისტრ გიორგი გახარიას შორის არაოფიციალური საუბარი შემდგარიყო.“რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ. როგორ შეიძლება მე გამოვრიცხო ის, რაც არ ვიცი”; “ოფიციალური დოკუმენტის გარეშე კონსულტაციები, ბუნებრივია, მინისტრებს შორისაც ხდება, არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრს შორის”, – ამბობს კახიშვილი.რას ამბობს პროკურორი?“სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ არ იყვნენ ინფორმირებული აღნიშნული საგუშაგოს აგებასთან დაკავშირებით” – სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა, თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრალდების მხარის პოზიცია დაკითხულმა სხა მოწმეებმაც დაადასტურეს:“ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გიორგი გახარიამ აღნიშნული საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად და არ შეათანხმა არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, არც ეროვნული საბჭოს წევრებთან და არც პრემიერთან… დასტურდება სწორედ, ამ შემთხვევაში – საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრების ნაწილიც დაიკითხა სასამართლო პროცესზე… [ისინიც] ადასტურებენ, რომ არცერთ ფორმატში, მათთან საგუშაგოს აღმართვის ფაქტთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას არ ჰქონია კომუნიკაცია”.2025 წლის აპრილში, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ალექსანდრე ტაბატაძემ დაუდასტურა გახარიას, რომ იყო კომუნიკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შს სამინისტროს შორის და თქვა ასევე, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [საგუშაგოს აგების] კატეგორიულად წინააღმდეგი იყო“.
სასამართლოში ჯერ არ დაუკითხავთ სუსის ყოფილი უფროსი [2015-2019 წლები], აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაური, რომელიც ბოლო წლებში, 2025 წელს გადადგომამდე, შს მინისტრის პოსტს იკავებდა.2025 წლის ივნისში, პროკურატურაში გამოკითხვისას, გომელაურმა ჩვენება მისცა გახარიას წინააღმდეგ და თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაფერი იცოდა საოკუპაციო ხაზთან საპოლიციო საგუშაგოს აშენების შესახებ.სხვადასხვა წყაროს თანახმად, საგუშაგოს აშენება ხმაურიანი პროცესი იყო – უშუალოდ ნაგებობის აღმართვამდე, საჭირო იყო გზის გაყვანა, მუშაობდა მძიმე ტექნიკა და შეუძლებელი იყო ამ პროცესის ვერშემჩნევა.სხდომების დახურვა, გრაფიკის აჩქარება18 და 23 სექტემბერს სასამართლო სხდომების დახურულ რეჟიმში გამართვა პროკურორმა სახელმწიფო საიდუმლოს გახმაურების პრევენციით ახსნა; ბერდია სიჭინავას განცხადებით კი, სხდომებზე “არანაირი საიდუმლო ინფორმაცია არ განიხილება” და სხდომების დახურვა მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ – “ამ ადამიანებს [მოწმეებს] რცხვენიათ ამ პროცესში მონაწილეობის”.“ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც, დიდი ალბათობით – გამამტყუნებელი განაჩენი იქნება, ეს იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი იურიდიული დოკუმენტი… მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდეგ წაიღებს რუსული საოკუპაციო რეჟიმი და ტერიტორიული პრეტენზიებისთვისაც გამოიყენებს და საკუთარი პრეტენზიებისთვის, როგორც ჟენევის საერთაშორისო ფორმატში, ასევე საერთაშორისო სასამართლოებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში”, – განაცხადა 23 სექტემბერს ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება სასამართლო სხდომების გამართვის ტემპის აჩქარებას, პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, რომ რადგან აგვისტოში შვებულებების გამო, სხდომები არ იმართებოდა, “სასამართლომ განმარტა, რომ სექტემბრიდან პროცესები იქნებოდა შედარებით უფრო ინტენსიური” და სხდომები დაინიშნა მაშინ, როდესაც “სასამართლოს ჰქონდა თავისუფალი დრო”.სასამართლო პროცესების დაჩქარებას ბერდია სიჭინავა თავად გახარიასა და მის პოლიტიკურ გუნდზე “კოორდინირებული შეტევის” ნაწილად განიხილავს და მოვლენების ამგვარ განვითარებას პარტიის ასაკრძალად საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართული ოცნების” მიერ შესულ განახლებულ სარჩელსაც უკავშირებს.2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი, პროსახელისუფლებო „იმედთან“ ინტერვიუში, გასამართლებით დაემუქრა როგორც თავად გიორგი გახარიას, ასევე მისი ოპოზიციური პარტიის [“გახარია საქართველოსთვის”] წარმომადგენლებს. „ამათ მოუწევთ პასუხისგება და მკაცრი პასუხისგება… რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც“, – თქვა მაშინ ივანიშვილმა და დააკონკრეტა, რომ სასამართლოს დონეზე უკვე ყველა დოკუმენტი დალაგებული აქვთ.ჩორჩანის მოვლენების დროს გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იყო.2019 წლის 3 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა [ამ დროს საგუშაგო უკვე აგებული იყო]. „მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა“ – თქვა ივანიშვილმა გახარიაზე.2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გახარია პარტიული სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო.2020 წლის დეკემბერში – ის კვლავ გახდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი.2021 წლის 18 თებერვალს – გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ხმაურით გადადგა. მას შემდეგ მას „ქართული ოცნებაში” მოღალატედ მოიხსენიებენ. მოგვიანებით, “ქართულ ოცნებაში” თქვეს, რომ – გახარიას ე.წ. დიპ სტეიტი უმაგრებდა ზურგს.2025 წლის 13 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი გახარიას პატიმრობა [დაუსწრებლად] ორ სხვადასხვა საქმეზე, ორ სხვადასხვა სხდომაზე შეუფარდეს:1. “ჩორჩანის საგუშაგოს” აშენების საქმე – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება [333-ე მუხლის მე-2 ნაწილი] – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე;2. “20 ივნისის” საქმე – ორი ან ორზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება [25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი] – სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას 13 წლამდე ვადით.გიორგი გახარია, უკვე წელიწადზე მეტია, საქართველოდან წასულია. ის გერმანიაში იმყოფება.



