შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას

მნიშვნელოვანია, ბრიუსელი დიალოგის გზას დაუბრუნდეს – ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით! იმედი გვაქვს, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებთან დიალოგის აღდგენის შესაძლებლობა გვექნება, – ეს განცხადება ბრიუსელში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა, რომელიც ბელგიის პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებს შეხვდა.

პაპუაშვილის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე გაიმართა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, “2024 წლის ივნისში, ევროკომისიის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოსთან დიალოგი შეეჩერებინათ, მცდარი გადაწყვეტილება იყო და დღემდე ამ დიალოგის აღდგენას ელიან“.

“პირველ რიგში, საუბარი იყო ორმხრივ ურთიერთობებზე. ჩვენს ორ პარლამენტს შორის კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე მჭიდრო ურთიერთობები არსებობს. ეს ბელგიაში ჩემი მეორე ვიზიტია – სხვათა შორის, 2022 წელს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბელგიაში იყო.

საუბარი გვქონდა იმის შესახებ, რომ დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში, მაშინ, როდესაც ძალიან ადვილია მოძებნო საბაბები კონფრონტაციისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დიალოგისკენ სწრაფვა და იმ წერტილების მოძიება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და არა გვყოფს.

ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე. ვისაუბრეთ იმაზე, რომ სამწუხაროდ, 2024 წლის ივნისში ევროკომისიის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოსთან დიალოგი შეეჩერებინა, მცდარი გადაწყვეტილება იყო და დღემდე ჩვენ ამ დიალოგის აღდგენას ველით. ამიტომ კოლეგებთან ამაზე საუბარი გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირის ინსტიტუციებთან იმუშაონ და ევროკავშირის ინსტიტუციები დაარწმუნონ, რომ პასუხები არის არა კონფრონტაციასა და დაპირისპირებაში, არამედ პასუხები ყოველთვის არის დიალოგში. მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას. ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებთან დიალოგის აღდგენის შესაძლებლობა გვექნება. იმედი გვაქვს, რომ ამაში ჩვენი ბელგიელი კოლეგებიც დაგვეხმარებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ბელგიელ კოლეგებთან შეხვედრისას საუბარი გლობალურ გამოწევებს და რეგიონის განვითარების საკითხებს შეეხო.

“ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო ჩვენ კოლეგებს მოესმინათ ჩვენი პერსპექტივიდან დანახული ის კონფლიქტები, რომელიც ჩვენს რეგიონშია, ასევე ის პერსპექტივები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ის მნიშვნელობა რომელიც აქვს სამხრეთ კავკასიას და “შუა დერეფანს“ იმისთვის, რომ ევროკავშირი, მისი თითოეული წევრი ბელგიის ჩათვლით და მათი მოსახლეობის კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.