საკონტიტუციოს მოსამართლედ საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლის შვილი დაინიშნა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დაინიშნა. ის პოსტზე გიორგი კვერენჩხილაძეს შეცვლის, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება.

“საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო”. – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

კიკილაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად, 2023 წლის 17 ოქტომბერს აირჩიეს. მაშინ ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებდა, რომ არამოსამართლე წევრად არჩეული – გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს იმჟამინდელი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. მისივე ინფორმაციით, კიკილაშვილი ერთ-ერთია იმ მოსამართლეთა შორის, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.

ხვიჩა კიკილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტი 2025 წლის 1 აპრილიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვეგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კიკილაშვილის ბიოგრაფია შემდეგია:

განათლება

  • 2006 წელს დაამთავრა ქ. თელავის N1 საჯარო სკოლა.
  • 2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
  • 2012 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის მიმართულებით.
  • 2014 წელს გაიარა სასწავლო კურსი „სამართლებრივი დიალოგი სამართლებრივი ტრანსფორმაციისთვის“ ჰერთის მმართველობის სკოლაში (გერმანია).
  • 2013-2017 წლებში დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა.
  • 2015 წელს გაიარა საჯარო მმართველო მმართველობისა და დემოკრატიის სასწავლო კურსი მალმოს უნივერსიტეტში (შვედეთი)
  • 2019 წელს გაიარა კურსი „მდგრადი ელექტრონული მმართველობა მოქნილი და ინოვაციური დემოკრატიული საჯარო მმართველობისთვის“ ლინშოპინგის უნივერსიტეტში (შვედეთი)

სამუშაო გამოცდილება

  • 2012-2018 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის იურიდიული მრჩეველი.
  • 2015 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
  • 2018-2022 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  • 2018 წლიდან დღემდე არის ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  • 2019-2023 წლებში იყო დირექტორი იურიდიულ ფირმაში „კიკილაშვილი და კომპანია“.
  • 2019-2023 წლებში იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ზედამხედველი ადვოკატი.
  • 2019 წლიდან დღემდე არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
  • 2020-2023 წლებში იყო კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი.
  • 2022 წლიდან დღემდე არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენერი.
  • 2020-2023 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  • 2020-2023 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი.
  • 2023 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.