ევროპა და კანადა ერთად ძლიერები არიან, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩემი შეთავაზება მესამე ბლოკი არ არის, რათა დიდი ძალების მეტოქე გავხდეთ, უბრალოდ უკეთესი მანერებით. ჩვენ არ ვისწრაფვით ძალაუფლებისკენ, სხვებზე დომინირების მიზნით. პირიქით, ჩვენი მიზანია მდგრადობის უზრუნველყოფა, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი ღია ბაზრების კონტროლი, ჩვენი სუვერენიტეტის შელახვა, ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნა ან ჩვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრა“, – განაცხადა მარკ კარნიმ.
მისი თქმით, კანადისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივას მიესალმება.
„ჩვენ ამ ამბიციას მივესალმებით. გამოკითხვები აჩვენებს, რომ კანადელების აბსოლუტური უმრავლესობა ბევრად უფრო მჭიდრო კავშირებს უჭერს მხარს. მომავლის ალიანსი არის უნიკალური, პოზიტიური მიდგომა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად განვსაზღვრავთ, ჩვენს საერთო ძლიერ მხარეებსა და საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
კარნის განცხადებით, კანადამ და ევროპამ თავიანთი სტრატეგიული ავტონომია უნდა უზრუნველყონ.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სტრატეგიული ავტონომია ღრმა თანამშრომლობის გზით მთელი რიგი მიმართულებით, მათ შორის, კრიტიკული მინერალების, თავდაცვის, სამრეწველო სიმძლავრეების, ხელოვნური ინტელექტის, ენერგეტიკის, უსაფრთხოების, კოსმოსისა და საგადასახადო სისტემების სფეროებში“, – განაცხადა მარკ კარნიმ.




