რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ დასავლეთს საქართველოსა და სომხეთის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
„დასავლელები ღიად და უცერემონიოდ ცდილობენ ჩარევას პოლიტიკურ სიტუაციაში. ამიერკავკასიაში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ეს არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს მაგალითზეც“, — განაცხადა მან უშიშროების საბჭოს სამეცნიერო-საექსპერტო საბჭოს პრეზიდიუმის წევრთა თათბირზე.
რუსეთი, რომელმაც თავად გააჩაღა ომი როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, ირწმუნება, რომ „მეზობელი ხალხებისა და სახელმწიფოების წაჩხუბება“ დასავლეთს აწყობს.
„როგორც წესი, ამის უკან დგანან დასავლელები, დაინტერესებულნი თავიანთი კონტროლის შენარჩუნებით ეკონომიკის მომგებიან დარგებზე, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ დერეფნებზე და რესურსებზე“, — თქვა მან.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ „ძალიან მკაფიოდ და საღად“ განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთსა და საქართველოს შორის ესკალაცია გერმანიის ან ლიეტუვის ინტერესებში შედიოდეს, მაგრამ არა — საქართველოსი.
შოიგუმ ისაუბრა რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე და მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყონ „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას“.
შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ თქვა: „რუსეთთან ესკალაცია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში არ არის. შეიძლება, ეს იყოს გერმანიის თუ ლიეტუვის ინტერესებში, რომ საქართველო ესკალაციაში შევიდეს რუსეთთან, ბოდიში ყველასთან, მაგრამ მათ ინტერესებს ჩვენი ინტერესები სჯობს“.




