ქართველი ახალგაზრდები რუსულ ფორუმზე – „ეს რბილი ძალა კი არა, გემრიელი ძალაა“

უკვე მეორედ ქართველი ახალგაზრდები რუსეთის ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ ფორუმში მონაწილეობენ. ქართულ დელეგაციას რუსეთში მცხოვრები ქართველი პოლიტიკოსი, პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი მამუკა ფიფია ხელმძღვანელობს.

ფორუმში მონაწილეობენ დელეგაციები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც.

ეკატერინბურგში საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი 11 სექტემბერს დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მასში 191 ქვეყნიდან 10 ათასი ადამიანი მონაწილეობს.

ქართველი მონაწილეები

ფორუმის მონაწილეთა სრული სია საჯაროდ გამოქვეყნებული არ არის.

გამგზავრებამდე ოთხ ქართველ მონაწილეს 8 სექტემბერს შეხვდა რუსი დიპლომატი დმიტრი ოლისოვი, რომელიც საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესთა სექციას ხელმძღვანელობს. მონაწილეთა ნაწილი შეხვედრას დისტანციურად შეუერთდა.

დიპლომატიური მისიის ცნობით, ისაუბრეს ფესტივალის პროგრამასა და იმ შესაძლებლობებზე, „რომლებიც საქართველოდან ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის იხსნება, მათ შორის ახალი პროფესიული, საგანმანათლებლო და მეგობრული კავშირების დასამყარებლად“.

პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერის, მამუკა ფიფიას თქმით, ფორუმში საქართველოდან 40 ადამიანი მონაწილეობს, მათი ასაკი კი 15-დან 21 წლამდეა. ამავე დროს, გავრცელებული ცნობებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 100-100 მინაწილეა ჩასული ეკატერინბურგის ფორუმზე.

„ყველა, ვინც ჩამოვიდა, რუსული ენა იცის, აბსოლუტურად ყველამ“, – თქვა ფიფიამ.

ის ასევე ამტკიცებს, რომ ფორუმის ქართველი მონაწილეები და მათი მშობლები „ბულინგის ქვეშ“ არიან.

რადიო თავისუფლებამ, მას შემდეგ რაც ეს დამოუკიდებლად ვერ მოხერხდა, მამუკა ფიფიას თხოვა, ფორუმზე მყოფ რომელიმე ახალგაზრდასთან დაკავშირება. ფიფიას განმარტებით, მონაწილეთა შერჩევა განაცხადების საფუძველზე მოხდა და „საუკეთესოებმა მოიგეს საგზური“, მათი ნაწილი არასრულწლოვანია, ნაწილი კი ინტერვიუზე უარს ამბობს.

„რუსეთი საშიში ქვეყანა არ არის“

რუსული ტელევიზიის ეთერში მამუკა ფიფია ასევე წარადგინეს, როგორც რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის ექსპერტი.

„საქართველოში ახალგაზრდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებით ინტერესდებიან, ღვთის მადლით“, – უთხრა მან OTV-ს. ფიფიას თქმით, ქართველი ახალგაზრდების რუსეთით დაინტერესებისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა.

ვრცლად