მარია ზახაროვა: ჩვენ ქართველებთან მოკავშირეები ვართ, მაგალითად, ოჯახისთვის ბრძოლაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ხაზაროვამ, 15 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მიერ შექმნილ გიორგიევსკის ქვედანაყოფისა და მამა გაბრიელის სახელობის ბატალიონზე ისაუბრა.

ზახაროვამ გეორგიევსკის ტრაქტატის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

“დავიწყოთ იმით, რომ ამ ყველაფერმა რა გამახსენა. სახელწოდებიდან გამომდინარე, მაშინვე გამახსენდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი, როდესაც მეფე ერეკლე II-მ ისტორიული მნიშვნელობის არჩევანი გააკეთა და მოკავშირედ რუსეთის იმპერია აირჩია, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე დიდი მართლმადიდებლური სახელმწიფო იყო. ტრაქტატის დადება ხსნად იქცა.

ვფიქრობ, ეს ყველას კარგად ესმის. საქართველოსთვის ეს ტრაქტატი მის ისტორიაში უაღრესად რთულ პერიოდში დაიდო, როდესაც თავად საქართველოს არსებობა იყო საფრთხის ქვეშ და მან რელიგიის, კულტურისა და ხალხის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა. ამიტომ გამიჩნდა ასეთი ასოციაცია.” – თქვა ზახაროვამ.

ზახაროვა ირწმუნება, რომ ქართველები დიდი ხანი ეხმარებიან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ რეჟიმებსა და რუსეთის უკრაინასთან მისაზღვრე ტერიტორიებს. მისივე მტკიცებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში ბევრი ეთნიკური ქართველი მონაწილეობს. ამას გარდა, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობაზეც ილაპარაკა.

“თუ ახლა უშუალოდ ფაქტზე ვისაუბრებთ, ვფიქრობ, უნდა ვუყუროთ არა იმას, ვინ რომელ მხარესაა, არამედ იმას, თუ ვინ რა ღირებულებებისთვის გამოდის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ქართველები დიდი ხანია აქტიურად ეხმარებიან უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებს, დახმარებას უწევენ ფრონტს და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ მშვიდობიან მოსახლეობას. საუბარი არ არის ერთჯერად აქციებზე, არამედ მუდმივ, ძალიან მასშტაბურ ჰუმანიტარულ საქმიანობაზე, რომელიც ნამდვილად გულიდან მოდის.

სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ უამრავი ეთნიკური ქართველი მოხალისედ წავიდა ფრონტზე და კვლავ მონაწილეობს, მათ შორის, საბრძოლო მოქმედებებში. აი, შეხედეთ, ვფიქრობ, არანაირ საიდუმლოს არ გავამხელ.

წითელი არმიის ჯარისკაცის, მიხეილ ქანთარიას შვილთაშვილი, რომელიც მიხეილ ეგოროვთან ერთად 1945 წლის მაისში რაიხსტაგზე გამარჯვების წმინდა დროშის აღმართვაში მონაწილეობდა, იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან. მათი გმირობა რუსებისა და ქართველების საბრძოლო ძმობის სიმბოლოდ იქცა. დღევანდელი თაობებისა და მათი შთამომავლების გმირობა თავად მეტყველებს საკუთარ თავზე.

ჩვენი ბაბუები და წინაპრები მაშინ უბრალოდ რომელიმე მხარეს არ იბრძოდნენ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენი წინაპრები ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ისინი ებრძოდნენ იდეოლოგიას, რომელიც მიიჩნევდა, რომ მსოფლიო უნდა დაყოფილიყო გარკვეული რასობრივი და ეროვნული ნიშნით მათზე, ვინც ყველაფრის ღირსია, და მათზე, ვისაც არაფერი ეკუთვნის, გარდა იმისა, რასაც ისინი, ვინც ყველაფრის ღირსია, დაუშვებენ. სწორედ ამას ებრძოდნენ. ზუსტად იმავეს ვებრძვით ახლა.

უბრალოდ ყველას შევახსენებ – არა თქვენ, ეს სხვებზე უკეთ იცით – რომ დიდი სამამულო ომის წლებში ფრონტზე 700 ათასი ქართველი წავიდა. ამას ყოველ ჯერზე ხაზს ვუსვამ. არასდროს ვსაუბრობ მხოლოდ თანამედროვე რუსეთის საზღვრებში მცხოვრებ ადამიანებზე. ყოველთვის ხაზს ვუსვამ ეროვნულ კომპონენტს. ვამბობ, რომ ჩვენ ყველანი მარადიულად ვალში ვართ მათ წინაშე, ყველასთან.” – თქვა ზახაროვამ.

ზახაროვას მტკიცებით, დასავლეთი ცდილობს, რომ საქართველოს “ისტორიული მეხსიერება წაართვას”.

“დასავლეთის ქვეყნები ახლა ცდილობენ საქართველოს ისტორიული მეხსიერება წაართვან. მათ არ ესმით, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია. ისინი იქ ძეგლების დანგრევასაც ცდილობდნენ. საქართველომ ისეთი პასუხი გასცა, რომ საკუთარი ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემის პოზიციები კიდევ უფრო მყარად გაიმაგრა.

ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ დასავლელები, მათ შორის, საზოგადოების მართლმადიდებლური საფუძვლების შერყევას. სწორედ იმაზე ვსაუბრობდით სომხეთის მაგალითზე. მათ ასევე ვერ ესმით, რომ საქართველოში ასეთი მცდელობები უბრალოდ არ გამოვა და არც გამოსულა.

ისინი ცდილობენ თავს მოგვახვიონ ანტიღირებულებები და ამისთვის იყენებენ ისტორიებს ე.წ. “ევროპული მირაჟების” შესახებ და ასე შემდეგ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქართველებისთვის საკუთარი გამარჯვების ხსოვნის წართმევაც კი სურდათ. ეს გამარჯვება ხომ სხვისი არ ყოფილა, ის ქართველების მონაწილეობითაც იქმნებოდა. კიდევ ერთხელ ვამბობ: 700 ათასი ქართველი წავიდა ფრონტზე. და რამდენი ადამიანი მიიღო საქართველომ ევაკუაციის დროს? რამდენი რამ მისცა ზურგს?” – თქვა ზახაროვამ.

როგორც ზახაროვა ირწმუნება, საქართველო და რუსეთი “მოკავშირეები” არიან, მათ შორის “ოჯახის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში”.

“ჩვენ, მართლაც, ქართველებთან ერთად მოკავშირეები ვართ, მაგალითად, ოჯახის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს ჩვენთვის ღირებულებაა. ვხედავთ, რომ ამ ფრონტზეც ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული სულიერი და მორალური ღირებულებები, ცხოვრების საკუთარი წესი, ტრადიციები, ხელოვნება და კულტურა. ჩვენ ამ ყველაფერში ჩვენს ეროვნულ საგანძურს ვხედავთ. არა იმაში, რომ ვინმეს რამე წავართვათ. არა იმაში, რომ ვინმეს საკუთარი წესები მოვახვიოთ. არამედ იმაში, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც ჩვენთვის ძვირფასია.

ჩვენ ერთად ვიცავთ ბავშვებს დესტრუქციული იდეოლოგიისგან. როდესაც ამბობენ, რომ ბავშვები თითქოს არც ბიჭები არიან და არც გოგოები, თითქოს რაღაც შუალედური სქესი არსებობს. ან საერთოდ, ვინც გინდა, ის შეიძლება იყო: სკამი, ქვაბი. მერე ცხოვრების განმავლობაში თავად გაარკვევენ. აი, ეს არის ასეთი იდეოლოგია.” – თქვა ზახაროვამ.

როგორც ზახაროვა საქართველოსთან ასოცირებულ რუსულ ქვედანაყოფებზე ამბობს, დარწმუნებულია, რისთვის იბრძვიან მათი წევრები, რომლებიც, თითქოსდა, ეთნიკურად ქართველები არიან.

“ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ ამ მოხალისეთა რაზმის წევრებს შესანიშნავად ესმით, რისთვის იბრძვიან. ისინი იბრძვიან სიმართლისთვის, რომელიც სიყვარულთან არის დაკავშირებული. სიყვარულისთვის საკუთარი ისტორიისა და წინაპრების მიმართ.

რადგან საშინელებაა იმის წარმოდგენა, რას განიცდიდნენ ჩემი ბაბუები, ეს რომ ენახათ – როგორ გადაასვენებენ ამ „ნაძირალების“, ევგენ კონოვალეცისა და ანდრეი მელნიკის ნეშტებს. როგორ განადიდებენ რომან შუხევიჩისა და სტეპან ბანდერას ხსოვნას. როგორ გმირებად წარმოაჩენენ მათ და ძეგლებს უდგამენ.

საშინელებაა იმის წარმოდგენა, რას იფიქრებდნენ თქვენი წინაპრები. საკუთარ თვალებს არ დაუჯერებდნენ. უბრალოდ შეუძლებელია ამის დაჯერება.

როგორ არ უნდა ვებრძოლოთ ამას? როგორ არ უნდა დავუპირისპირდეთ? საბოლოოდ რად გვაქცევენ? ასეთივე ადამიანებად? დღეში 33-ჯერ სქესშეცვლილი ორგანოებით? არა, მადლობა.” – თქვა ზახაროვამ.

წყარო