„მალე, ჩვენი წარმომადგენლობები ევროპაშიც გაიხსნება“ – „პიელ ნატურალსი“

გალფის ქვეყნებში ქართული წარმოების, ბუნებრივი კოსმეტიკის გაყიდვები იზრდება.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ “პიელ ნატურალსის” დამფუძნებელმა თამარ ლომაძემ განუცხადა, GMP და ISO სერტიფიცირებული ქართული ბრენდი მაღაზიას ქუვეითში ფლობს, საიდანაც საკუთარ ნაწარმს სხვა არაბულ სახელმწიფოებშიც ყიდის.„აღსანიშნავია, რომ ქუვეითიდან ჩვენი პროდუქცია თითქმის ყველა არაბულ ქვეყანაში ნაწილდება. აღნიშნულ ბაზარზე გაყიდვების დიდი წილი ონლაინ შესყიდვებზე მოდის. გარდა ამისა, ქართული წარმოების ბუნებრივი კოსმეტიკის შეძენით ინტერესდებიან ევროპულ ბაზარზეც“, – აღნიშნა თამარ ლომაძემ.მისივე ინფორმაციით, ამჟამად,”პიელ ნატურალსი” მოლაპარაკებებს რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოსთან აწარმოებს, სადაც ოფიციალური წარმომადგენლობების გახსნას ფრანჩაიზის მოდელით გეგმავს.„ჯერჯერობით, ვერ დავასახელებ იმ ევროპულ ქვეყნებს, სადაც ჩვენი მაღაზიები გაიხსნება. თუმცა, მოლაპარაკებები უკვე აქტიურ ფაზაშია და უახლოეს პერიოდში, წარმომადგენლობები ევროპულ ბაზარზეც გვექნება“, – განმარტა “პიელ ნატურალსის” დამფუძნებელმა.აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ბრენდს, რომელიც 100-წლიან საოჯახო მემკვიდრეობასა და თანამედროვე მეცნიერებაზე დაფუძნებულ ინოვაციებს აერთიანებს, ექსპორტზე არა მხოლოდ მზა პროდუქცია გააქვს, არამედ – კოსმეტიკის ფორმულებიც, რომლებსაც სხვადასხვა უცხოური ბრენდისთვის ქმნის.ცნობისთვის,”პიელ ნატურალსი”  ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და ტანისა და სახის ნატურალურ მოვლის საშუალებებს აწარმოებს. კომპანიას  ამ დროისთვის საქართველოში 10 ფილიალი აქვს, მათ შორის, 6 თბილისში, 2 ბათუმში, 1 ქუთაისში და ერთი რუსთავში. ასევე, “პიელ ნატურალსი” პაკისტანში ბრენდულ მაღაზიას ფლობს. ბრენდის თითქმის ყველა ფორმულა ქართული, ადგილობრივი ყურძნის წიპწის ზეთით იქმნება, რომელიც ჰიპოალერგიულია. პროდუქციამ კლინიკური ტესტირება მილანში გაიარა და ფრანგი და იტალიელი დერმატოლოგების მხრიდან უმაღლესი შეფასება მიიღო.bp.ge