სექტემბერში, სასწავლო პროცესი დაიწყო რუსულ კერძო სასწავლო დაწესებულებებში, რომლებსაც განათლების სამინისტროს ავტორიზაცია არა აქვთ. საკუთარ თავს ისინი საოჯახო და საგანმანათლებლო ცენტრებს უწოდებენ, მაგრამ ზუსტად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მსგავსად საქმიანობენ და რუსეთის სისტემაზე არიან მიბმული.
ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი სახელწოდებაში, სარეკლამო ტექსტებსა თუ საჯარო კომენტარებში იყენებს სიტყვას – სკოლა; მოსწავლეებიც კლასიდან კლასში გადაჰყავთ.
ისინი შინ სწავლების [Homeschooling] რეჟიმზე გადასულ მოსწავლეებს ამეცადინებენ და უკვლევენ გზას რუსული ატესტატების აღებისკენ. ზოგ შემთხვევაში, სწავლება სრულად რუსულ საგანმანათლებლო პროგრამებს მიჰყვება.
ეს სკოლები, რომლებიც საქართველოში ძირითადად რუსეთის მოქალაქეების მიერ არის დაფუძნებული, ოკუპაციის ფონზე ხშირად იწვევს მწვავე დისკუსიებს. სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებაზე ლაპარაკობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თუ ექსპერტები. პრობლემა ხშირად იქცევს გამომძიებელი ჟურნალისტების ყურადღებას.
რადიო თავისუფლება არაერთ ასეთ რუსულ კერძო სასწავლო დაწესებულებას დაუკავშირდა. შეკითხვებზე პასუხები მხოლოდ ერთისგან მივიღეთ.
2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არასრულ ერთ წელიწადში, საქართველოს საზღვარი მილიონზე მეტმა ადამიანმა გადმოკვეთა და ზუსტად არავინ იცის, რამდენი დარჩა. ოფიციალური ინფორმაციით, წლის დასაწყისისთვის, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემული იყო 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე; აქედან 32 129 რუსეთის მოქალაქე იყო.
ამ სტატიაში რუსული არავტორიზებული სკოლებისა და მათ გარშემო პერიოდულად დაწყებული დისკუსიების შესახებ გიყვებით.
ღია წყაროებით ვარკვევთ, რომ ეს არის რუსული კერძო საოჯახო სკოლების ქსელი, რომელიც 2018 წელს რუსეთის კრასნოდარის მხარეში დაარსდა; ხოლო ბელგრადისა და ერევნის შემდეგ, ბათუმში – 2024 წელს გაიხსნა. სწავლება რუსულ ენაზეა.
UNIT School-ის ვებსაიტზე არაფერია ნათქვამი საქართველოს განათლების სისტემის ავტორიზაციაზე. მეწარმეთა რეესტრის მიხედვით – ეს სკოლა 2023 წელს, შპს-ს სტატუსით დააფუძნა რუსეთის მოქალაქე ეკატერინა შერჩენკოვამ.
საჯარო წყაროებით, სწავლება Happy School-ში მიმდინარეობს ФГОС-ის (განათლების ფედერალური სახელმწიფო სტანდარტების) შესაბამისი სამუშაო პროგრამებით.
- რუსეთის ეროვნული სასწავლო გეგმა მკაცრად ცენტრალიზებულია და ასახავს რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ სახელმწიფო იდეოლოგიას.
- ФГОС-ის სტანდარტის სახელმძღვანელოებში ხშირად დამახინჯებულია მსოფლიოსა თუ ცალკეული ქვეყნების, მათ შორის – საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია. საქართველოს ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა არ არის რეალურად წარმოსახული და საქართველო თავად არის გამოყვანილი აგრესორად.
- იყენებენ რუკებს, სადაც ოკუპირებული რეგიონები საქართველოს ნაწილს არ წარმოადგენს და დამოუკიდებელ ქვეყნებად არის აღიარებული.
2023 წლის ინფორმაციით, „ჰეფი სქული“ აპირებდა საქართველოს განათლების სამინისტროს ავტორიზაციის მოპოვებას, თუმცა შედეგის შესახებ საჯარო წყაროებში არაფერი იძებნება.
ამ სასწავლო დაწესებულებასთან კონტაქტის დამყარების მცდელობა ჩვენთვის უშედეგოდ დასრულდა.



