2025 წლის სექტემბრის ერთ მოღრუბლულ დღეს, დაახლოებით დღის 1-ელ საათზე, ლიეტუვის საზღვარს მიუახლოვდა ავტობუსი ბელარუსი პოლიტპატიმრებით.ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც სათავეში ედგა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი მასობრივი საპროტესტო აქციების საპასუხო სასტიკ რეპრესიებს, აშშ-ის სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ დათანხმდა პატიმრების გათავისუფლებას იმ პირობით, რომ ყველა მათგანი უცხოეთში წავიდოდა. (არჩევნების შედეგებს აქციების მონაწილეები გაყალბებულად მიიჩნევდნენ.)ერთ-ერთ მათგანს, მიკოლა სტატკევიჩს, სხვა გეგმები ჰქონდა.”დავინახე, რომ კართან ჭყლეტა დაიწყო, შემდეგ კარი გაიღო და ის გარეთ გამოვიდა”, – უამბო იევჰენ აფნაგელმა, ავტობუსში მყოფმა ერთ-ერთმა პატიმარმა, რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს პოდკასტების ახალ სერიაში (“არხიპელაგ ბელაგ-2”), რომელიც შეიცავს მანამდე უცნობ დეტალებს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კოულის მიერ წარმოებულ მოლაპარაკებებზე – ამ მოლაპარაკებების შედეგად 500-მდე ადამიანი გათავისუფლდა ბელარუსის საპატიმროებიდან.კოული მინსკში კვლავ ჩავიდა 15 სექტემბერს და შეხვდა ლუკაშენკას. ბელარუსის მხრიდან მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ტურჩინი, “კგბ-ს” ხელმძღვანელი ივან ტერტელი და ბელარუსის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვალენტინ რიბაკოვი. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დაიგეგმა პატიმრების მორიგი ჯგუფის გათავისუფლების მისაღწევად.ამავე დროს ლუკაშენკა მორიგ დათმობას ელის აშშ-ისგან.
ბელარუსის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერების თანახმად, შეხვედრაზე ალექსანდრ ტურჩინმა წამოჭრა აშშ-ში, „სიტიბანკში“ გაყინული, „ბელარუსკალის“ 43-44 მილიონი დოლარის ოდენობის ანგარიშის საკითხი. ჯონ კოულმა უპასუხა, რომ ამერიკული მხარე უკვე დაუკავშირდა ბანკს ანგარიშის განბლოკვის მიზნით. „ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ ამის მექანიზმზე. როგორც კი ბანკისგან პასუხს მივიღებთ, დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ“, – თქვა მან. ამის შემდეგ ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ამერიკულ მხარეს მიღწეული შეთანხმებების „მკაცრად“ შესრულებისკენ მოუწოდა.შარშანდელი სექტემბრის იმ მოღრუბლულ დღეს კი ამერიკელი დიპლომატი გზისგან ოდნავ მოშორებით ელოდებოდა 52 ადამიანს, რომელთა თავისუფლებაც მან უზრუნველყო. ადგილზე მხოლოდ 51 მივიდა.სტატკევიჩი ორ ქვეყანას შორის არსებულ სასაზღვრო ზონაში იჯდა. ლიეტუვის გამშვები პუნქტი და ევროკავშირის ემბლემა მაცდუნებლად ახლოს იყო.მაშინ სტატკევიჩი 69 წლის იყო, მან ათწლეულები გაატარა ბრძოლაში ლუკაშენკას წინააღმდეგ, რომელიც ბელარუსს რკინის ხელით მართავს 1994 წლიდან.სტატკევიჩი მრავალჯერ იყო დაპატიმრებული. როდესაც კოულმა მისი გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკება დაასრულა, იგი 14-წლიან სასჯელს იხდიდა სხვადასხვა პოლიტიკური ბრალდებით, მათ შორის – არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის.
ყოფილმა პოლიტპატიმარმა სიარჰეი სპარიშმა, რომელიც ასევე იჯდა ავტობუსში სტატკევიჩთან ერთად, განაცხადა, რომ იმ დღეს, ოდნავ ადრე, ბელარუსის “კაგებეს” დაკავების იზოლატორში ყოფნისას მიხვდა, რომ სტატკევიჩი ქვეყანას არ დატოვებდა.“დავინახე მისი სახის გამომეტყველება. ეს იყო ბერსერკის (მეომრის) – მტკიცე მზერა. მას ჰქონდა ღიმილი და ლაღი, თავდაჯერებული ნაბიჯი”, – უთხრა მან რადიო თავისუფლებას.ამ სიმტკიცემ გაუძლო ახლო მეგობრებისა და თანამოაზრეების მცდელობებს, დაერწმუნებინათ ის, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა და საზღვარი გადაეკვეთა.ერთ-ერთი მათ შორის იყო ბელარუსი ოპოზიციონერი იევჰენ ვილსკი, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები და სტატკევიჩის მეუღლეც ცდილობდნენ მის დაყოლიებას, დანარჩენებს შეერთებოდა.”მან მითხრა, ვწუხვარ, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს ბელარუსში დარჩენა და ლუკაშენკა ვერ მიკარნახებს, სად უნდა ვიყოო”, — თქვა ვილსკიმ.„დიდი შინაგანი ძალა“სატელეფონო საუბრისას ჟურნალისტი აქსანა კოლბიც შეეცადა სტატკევიჩის დაყოლიებას.”საბოლოოდ მან უბრალოდ თქვა: „მომეცით საშუალება, ვისუნთქო ეს ჰაერი, შევხედო ამ ცას, ყველაფერს. ნუ ახდენთ ჩემზე ზეწოლას, ნუ მაშანტაჟებთ“, — უთხრა ჟურნალისტმა რადიო თავისუფლებას.ამის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის ნიღბიანმა თანამშრომლებმა სტატკევიჩი ბელარუსის ტერიტორიაზე დააბრუნეს.ის, რაც სტატკევიჩმა გააკეთა, აჩვენებს, რომ მას აქვს დიდი შინაგანი ძალა, რაც საშუალებას აძლევს, ზიდოს ასეთი მძიმე ტვირთი”, – განაცხადა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ბელარუსმა ლაურეატმა ალეს ბიალიაცკიმ.ბელარუსში დაბრუნებული სტატკევიჩი აღმოჩნდა იმავე ციხეში, საიდანაც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს — გლუბოკოიეში, აღმოსავლეთ ბელარუსში. არაფერი შეუტყობინებიათ მისი მეუღლისთვის, მარინა ადამოვიჩისთვის, მაშინაც კი, როდესაც იგი თითქმის ერთი კვირის შემდეგ მივიდა იქ მის მოსაძებნად.იმ დღეს, როდესაც მან ციხეს მიაკითხა, 17 სექტემბერს, ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ სტატკევიჩი დაპატიმრებული იყო, თუმცა არაფერი უთქვამს მისი ადგილსამყოფლის შესახებ. მარინა ადამოვიჩმა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეიტყო, სად იმყოფებოდა ის.
„მორალური ლიდერი“წელს, თებერვალში, სტატკევიჩი გაათავისუფლეს – მას შემდეგ, რაც იანვარში ინსულტი გადაიტანა. ის ეტლით გადაადგილდებოდა და ლაპარაკი უჭირდა.ახლა სტატკევიჩი მინსკში, საკუთარ სახლშია. Telegram-ზე საკუთარი არხი აამოქმედა. წერს რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსულ ბირთვულ მუქარებზე. მარტში მან მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, დააფინანსონ ემიგრაციაში მყოფი ახალგაზრდა ბელარუსების მოხალისეთა არმია, რათა დაიცვან უკრაინა ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან — როგორც ეს 2022 წელს მოხდა.ამის გამო ხელისუფლებას შეუძლია, ნებისმიერ მომენტში სტატკევიჩი კვლავ გისოსებს მიღმა დააბრუნოს.მისი მაგალითით კარგად ჩანს, როგორ ინარჩუნებს ლუკაშენკას რეჟიმი თავის რეპრესიულ ბუნებას, ასობით პატიმრის გათავისუფლების მიუხედავად. ემიგრაციაში მყოფმა ბელარუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ვიასნამ“ გამოაქვეყნა ანგარიში, თუ როგორ აგრძელებს ბელარუსი ადამიანების დაკავებას პოლიტიკური ბრალდებებით მას შემდეგ, რაც დაიწყო კოულის მიერ შეთანხმებული გათავისუფლებების სერია.
მის ბოლო ანგარიშში აღრიცხული იყო 880 პოლიტპატიმარი, რომლებიც განიცდიდნენ „წამებასა და სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სხვა ფორმებს“. ანგარიშში ნათქვამია, რომ, სულ მცირე, 60 მათგანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.ბოლო შეხვედრისას, 15 სექტემბერს, ლუკაშენკამ ამერიკელ სტუმრებს, დონალდ ტრამპის საგანგებო წარგზავნილს უთხრა, რომ ბელარუსის ხელისუფლებას „აბსოლუტურად არ სჭირდება პოლიტიკური დევნა, რადგან ბელარუსში ყველა პროცესი კონტროლს ექვემდებარება“.15 სექტემბრის მონაცემებით, ბელარუსში 912 ადამიანია აღიარებული პოლიტიკურ პატიმრად. ადამიანის უფლებათა დამცველების თანახმად, რეპრესიები გრძელდება: ადამიანები კვლავ დაკავებული არიან და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ასამართლებენ.კოულმა ახლახან დაწერა X-ზე, რომ „მოვახერხეთ ხუთასი ადამიანის გათავისუფლება, შემდეგ კი კიდევ ორასი შეიწყალეს. ასე რომ, რეალური რიცხვი დაახლოებით 700-800-ია. იმედი მაქვს, მალე ამ რიცხვს ათასამდე გავზრდი.”გათავისუფლებულთა შორის ყველა პოლიტიკური პატიმარი არ არის.პოდკასტების ახალმა სერიამ, Архіпэляг БЕЛАГ-2-მა დოკუმენტურად დააფიქსირა ციხეში, გაურკვეველ გარემოებებში ადამიანების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა.რეჟიმისთვის ეს ადამიანები ვაშინგტონისგან სანქციების შემსუბუქების მისაღწევად “სავაჭრო ინსტრუმენტები” არიან.“ეს წააგავს ტერორისტებთან მოლაპარაკებებს, როდესაც საქმე მძევლებს ეხება. ფაქტობრივად, ჩვენი პოლიტპატიმრები ანალოგიურ მდგომარეობაში არიან”, — განუცხადა ბიალიაცკიმ რადიო თავისუფლებას.სტატკევიჩის დაუმორჩილებლობამ ეჭვქვეშ დააყენა ლუკაშენკას სტრატეგია.“მას კარგად ესმოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ქვეყანაში დარჩენისთვის. იმიტომ, რომ ვიღაცა უნდა დარჩენილიყო ბელარუსში, როგორც მორალური ლიდერი, საპროტესტო ლიდერი, ეროვნული ლიდერი”, – თქვა სპარიშმა.“მას შეეძლო, უბრალოდ ბელარუსში ყოფნითა და გულაგში ჯდომით, მაღლა დაეჭირა ბრძოლის დროშა”, – ფიქრობს სპარიში.



