იაგო ხვიჩია: პოდკასტში ნათქვამი სიტყვისთვის ღალატის მუხლით დაჭერა უპრეცედენტოა, ბარამიძე პოლიტპატიმარია

იაგო ხვიჩია:
“გია ბარამიძე პოლიტპატიმარია და ის, რაც მის თავს ხდება, აბსოლუტური აბსურდია.
საბოტაჟი, ზოგადად, ქმედებაა და არა წინადადება, გესმით? ამისთვის კონკრეტული კომპონენტებია საჭირო. მაგალითად, თუ ადამიანი საბოტაჟს აწყობს, ხომ უნდა გაირკვეს კონტაქტები, ვისთან შეთანხმებით აკეთებს ამას. ხომ უნდა გაირკვეს სარგებელი, რომელიც საბოტაჟის შედეგად კონკრეტულმა ადამიანმა მიიღო. და მეორე: უნდა არსებობდეს კონკრეტული დაზარალებული.
ჩვენს საქმეში კი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, დაზარალებულად ვინც გამოცხადდა, ყველა აბსტრაქტულია: ვეტერანების ღირსება, ჯარის ღირსება და რეპუტაცია, სამშვიდობო მოლაპარაკებები…
ვეტერანები, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ჩათვლით, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, გია ბარამიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ და ეს გასაგებიცაა.
მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი უზნეობა, რაც ამ საქმეში ხდება, ვეტერანების სახელის გაფუჭებაა. თუ ვინმე ვეტერანების ღირსებას ეჭვქვეშ აყენებს და უხეშად თელავს ფეხქვეშ, ეს სწორედ ის ორგანოა, რომელმაც ვეტერანებს ეს უმსგავსო საქციელი ჩაადენინა. არ მინდა კობა კობალაძეზე ვთქვა, რომ მას გია ბარამიძის დაჭერა უნდა, თვითონ უნდა გააკეთოს ამაზე განცხადება. არც კობა ლიკლიკაძეს მინდა დავაბრალო ეს. მაგრამ თუ ორივეს ასე უნდა და ეს მართლა დადასტურდა… ისინი ორივენი ჩემი სტუმრები იყვნენ. მე მათ პატივს ვცემ, როგორც ჩემს სტუმრებს, რომლებთანაც კარგი გადაცემა მქონდა და, ჩემი აზრით, გულწრფელად ილაპარაკეს ის, რაც იცოდნენ. თუმცა, თუ დადასტურდა, რომ ისინი თანავეტერანის, თანამებრძოლის დაჭერას ითხოვენ თუნდაც მისი ცუდი ან უპასუხისმგებლო სიტყვების გამო, ეს ვეტერანების ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა.
მე რომ ვეტერანი ვიყო და ჩემი სახელით ვეტერანების დეპარტამენტი კაცის დაჭერას ითხოვდეს 32 წლის წინ ნათქვამი სიტყვის გამო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამშობლოს ღალატთან… ჩვენ არ უნდა გავაუფასუროთ ტერმინი „სამშობლოს ღალატი“ და არ შეიძლება ეს ვუწოდოთ ქმედებას, რომელსაც არავისთვის მიუყენებია არსებითი ზიანი.
ეს საქმე სრული აბსურდია.
ეს სამყაროში ერთადერთი შემთხვევაა. ამ ორი დღის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტს ვემუშავებოდი და გადავამოწმე: მსოფლიოში ერთადერთი შემთხვევაა, როცა ადამიანი პოდკასტში ნათქვამი სიტყვების გამო სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლეს, ან ასამართლებენ. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. მარტო ჩვენმა მართლმსაჯულების სისტემამ მიაგნო ამას და ანალოგს ვერსად ნახავთ.
აი, გუშინდელ გადაწყვეტილებას მინდა შევეხო. ყველაზე დიდი უმსგავსობა, დაუსაბუთებლობა და ის ფაქტი, რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკური სისტემის გაგრძელება და, ბოდიში უხეშობისთვის, მაგრამ „ლეღვის ფოთოლია“, გუშინ გამოჩნდა ყველაზე მეტად. და რატომ გამოჩნდა? წინასწარი პატიმრობის არცერთი წინაპირობა არ არსებობდა. დავიწყოთ იქიდან, რომ მტკიცებულებას ვერ გაანადგურებდა, რადგან მტკიცებულება ნათქვამი სიტყვაა და ის ვერ განადგურდება… მეორე კრიტერიუმი, თითქოს ის დანაშაულებრივ საქმიანობას გააგრძელებდა. რას გააგრძელებდა? კიდევ იგივეს იტყოდა და ეს იქნებოდა დანაშაულის გაგრძელება?! მტკიცებულებებს გაანადგურებდა? საჯარო იყო ეს ყველაფერი. გამოძიებას მიემალებოდა? სახლში დაიჭირეს. თან, ბოდიში მოიხადა, პროცესზეც კი.
სწორედ ამიტომ ვამბობ: ამ ქვეყანაში ერთადერთი მოსამართლე არსებობს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სხვა მოსამართლე ან პროკურორი არ არსებობს, ეს ყველაფერი ტყუილია. ეს არის ჩვეულებრივი ბიუროკრატია. დღეს პროკურორი და მოსამართლე არაფრით განსხვავდება საჯარო რეესტრის რიგითი თანამშრომლისგან. ისეთი სიტუაცია მივიღეთ, რომ განსხვავდებოდნენ, ან მოსამართლეს მოუნდებოდა ამის ჩვენება, ან პროკურორს. ახლა კი ყველას გვესმის… არ ვიცი, ფიზიკურად ვინ გასცა ეს დავალება, მაგრამ სინამდვილეში, გია ბარამიძის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება ყველაზე დიდი აბსურდია.
რამდენ რამეს აბრალებდნენ ამ ადამიანს! აფრასიძეების საქმით დაწყებული, რას აღარ. ბოლოს კი გაირკვა, რომ უბრალოდ კაცის დაჭერა ძალიან უნდოდათ, ჩასაფრებულები იყვნენ და დაიჭირეს ისეთ რამეზე, რაც სამყაროში არავის უქნია. ხომ წარმოგიდგენიათ, მსოფლიოში დიქტატორების, ცუდი სასამართლოებისა და პროკურორების როგორი ბუკეტი არსებობს, მაგრამ არავის მოსვლია აზრად, ადამიანი სამშობლოს ღალატის მუხლით გაესამართლებინა 32 წლის წინანდელი ამბის მოყოლისთვის. პოდკასტებსა და გადაცემებში ნათქვამი სიტყვების გამო ვიღაცის შეურაცხყოფისთვის, შესაძლოა, გაუსამართლებიათ ხალხი, მაგრამ პოდკასტში ნათქვამი სიტყვებისთვის ადამიანს სამშობლოს ღალატი დააბრალო, მერე გაასამართლო და შუა გზაზე კითხვა არავის გაუჩნდეს, არც მოსამართლეს, არც პროკურორს და არც არავის, ასეთი რამ არ მომხდარა.
ჩემი აზრით, ამ საქმეში მონაწილე ყველა ადამიანისთვის ეს არის, როგორ გითხრათ, ჩვეულებრივ სისხლის სამართლის დანაშაულში თანამონაწილეობა. გია ბარამიძე კი არ არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ამის გამო მას მსოფლიოში დამნაშავედ არავინ აღიარებს. შეიძლება სხვა რამის გამო იყოს დამნაშავე, ეგ არ ვიცი, მაგრამ არა 32 წლის წინანდელ ამბავზე ნათქვამი სისულელის გამო. პრეცედენტების მოყვანაც კი არ მინდა, იმდენი რამე თქმულა ამ ქვეყანაში ზოგადად, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდანაც, რაც ვიღაცას არ მოეწონებოდა…
ერთადერთი მოსამართლე ივანიშვილია. პასუხისმგებლობაც მას ეკისრება — გია ბარამიძე მისი პირადი პატიმარია. რადგან ეს გახმაურებული საქმეა, ბატონი ივანიშვილი ვერ იტყვის, რომ მის შესახებ არ იცოდა, მას ევალება კიდეც იცოდეს. არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი პიროვნულად ისეთი პატარა ადამიანი იყოს, რომ გია ბარამიძეზე გაბრაზების გამო შურისძიება უნდოდეს. ამიტომ მინდა ვთხოვო, რომ როგორც ქვეყნის ერთადერთი მოსამართლე, ამ საქმეს პირადად გაეცნოს. არ მინდა, ვინმემ ჩათვალოს, თითქოს რამეზე თავს ვიმართლებ, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი ამ საქმესთან მიმართებით. სრულიად შემთხვევით გავერიე ისეთ რამეში, რაში გარევაც საერთოდ არ მინდოდა.
ზოგიერთი იმასაც ამბობს, ეთერში გასვლამდე რატომ არ ამოჭრაო. ამ ხალხს მინდა ვუთხრა: თქვენ არ იცით, ზოგადად, რას ნიშნავს გადაცემა ისტორიაზე. ვინ თქვა, რომ საქართველოს ისტორია ია-ვარდითა და ენძელებითაა მოფენილი? ჩვენს ქვეყანაში ძმათამკვლელი ომი იყო; მარტო აფხაზეთის ომი კი არა, ქართველები ერთმანეთს ვხოცავდით. თბილისიდან ხალხი ჩადიოდა და სამეგრელოში სისხლის კალოებს აწყობდა! ამ ღალატზე არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ სამომავლოდ იგივე არ გავიმეოროთ?!
ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება ეს ყველაფერი გია ბარამიძეს მოეჩვენა? და რომ იცოდეთ, მარტო გია ბარამიძე არ არის ისეთი ადამიანი, ვისაც ქართულ-აფხაზურ თუ ქართულ-რუსულ კონფლიქტში ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა უნახავს. ამას ბევრი ადამიანი ადასტურებს, მათ შორის, ჩვენს გადაცემაში პაატა ზაქარეიშვილმაც დაადასტურა. ამას ადასტურებს გაეროს 93-95 წლების რეზოლუციებიც. თანაც, არა მარტო ჩვენი, არამედ ორივე მხრიდან. იქ საუბარია, რომ იყო შემთხვევები, როცა ტყვეების გასაცვლელად მიდიოდნენ და მხარეები ერთმანეთს თბილ გვამებს უბრუნებდნენ. ანუ, ნათელი იყო, რომ ადამიანები ტყვეობაში დახოცეს.
ეს, რა თქმა უნდა, მასობრივი არ ყოფილა, ყველა ქართველი ან აფხაზი ტყვეს არ ხოცავდა, უბრალოდ, ომია. ომის მთავარი წესი და კანონი ხომ ის არის, რომ იქ კანონები არ მოქმედებს!
ამ პირობებში, გია ბარამიძის აღქმა მცდარიც რომ ყოფილიყო, არასწორად რომ დაენახა, ან თუნდაც მხოლოდ ორ შემთხვევას შესწრებოდა და ამის გამო გასჩენოდა ასეთი განცდა… შეიძლება, უფრო კორექტულად უნდა ეთქვა, მაგრამ ამ განცდებისა და აღქმების გამო 32 წლის მერე ადამიანის ციხეში ჩასმა წარმოუდგენელია. მით უმეტეს, როცა კონკრეტული დაზარალებული არ არსებობს და საქმეში აბსტრაქტული დაზარალებულები ჰყავთ მოგონილი: ვეტერანების ღირსება, სამშვიდობო მოლაპარაკებები (თითქოს ახლა რაიმე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვაწარმოებდეთ) თუ რაღაც რეპუტაცია… ეს საქმე იმის მაგალითია, რომ როცა კაცის დასაჭერად პირდაპირ ვერაფერს ასახელებენ, იგონებენ ყველაფერს და ერთმანეთში ურევენ, რომ ადამიანებს ყურში კარგად მოხვდეთ. და მე მინდა…
როცა ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი მოსამართლე ბიძინა ივანიშვილია, ამით მას ლეგიტიმაციას ვაძლევ. თუ ვინმემ უნდა გამასამართლოს ამ ქვეყანაში, მირჩევნია, ბიძინა ივანიშვილმა გამასამართლოს, ვიდრე რომელიმე რიგითმა მოსამართლემ, რომელზეც ისედაც ვიცი, რომ დამოუკიდებელი არ არის.
რეალურად ხომ მართლა ის არის მოსამართლე, გესმით? სწორედ ამიტომ მინდა ვთხოვო მთავარ მოსამართლეს, რომ ამ საქმეს რაღაცნაირად ყურადღება მიაქციოს. „ქოც-ნაცური“ ომით არასდროს დავინტერესებულვარ, ის ჩემ გარეშე მიმდინარეობდა. მაგრამ მე მინდა, რომ ამ ქვეყანაში გადაცემის მშვიდად კეთების საშუალება მქონდეს. გადაცემას ვაკეთებ საქართველოს ისტორიაზე, რომელსაც მე ვერ გადავაკეთებ და, როგორც უკვე გითხარით, ის ია-ვარდით მოფენილი არ არის. რა გავაკეთო ახლა, ჩემს სტუმრებს ვუთხრა: იცით, რა, ჩემთან საუბრისას სიტყვები გაფილტრეთ, შემთხვევით ციხეში რომ არ აღმოჩნდეთ და მერე მე არ დამაბრალოთ-მეთქი?! არა, მე ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო ჩემი რესპონდენტის დასაცავად, როცა 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ის სისხლის სამართლის დამნაშავე არ არის. მან შეიძლება იცრუა, შეიძლება არასწორი აღქმა ჰქონდა, შეიძლება უპასუხისმგებლოდ მოიქცა ან სისულელე თქვა, მაგრამ მხოლოდ ამის გამო სამშობლოს მოღალატე ვერ იქნება”, – თქვა “თავისუფალი ხალხის პარტიის” ლიდერმა ტვ პირველის ეთერში.