„ამან ბადრი მოკლა, გარდაცვალებამდე ღრმა დეპრესიაში იყო…“ – ირაკლი რუხაძის დაკითხვა და სააკაშვილის პასუხი სასამართლოზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში „7 ნოემბრის საქმეზე“ ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი მფლობელი ირაკლი რუხაძე მოწმის სტატუსით დაიკითხა. მან 2007 წლის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ტელეკომპანიაში განვითარებულმა მოვლენებმა ბადრი პატარკაციშვილის ჯანმრთელობაზე სავალალო გავლენა იქონია.

ირაკლი რუხაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან ურთიერთობა გირგვლიანის ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ აირია, მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილი პატარკაციშვილს ტელევიზიას საქართველოს რკინიგზაში უცვლიდა.

„მოხდა ტელევიზიაში შევარდნა, აპარატურის დამსხვრევა, ხალხის დარბევა. მთელი აპარატურა გაანადგურეს… როცა დაბრუნდით, ვნახეთ „რუსთავი 2“-დან და პირველი არხიდან გამოტანილი აპარატურა, რომლებსაც ამავე ტელევიზიის სტიკერები ეკრა უკან. ეს აპარატურა იმიტომ მოიტანეს, რომ ელჩებისთვის ენახებინათ — აი, აქ არის აპარატურა, არაფერი გაგვინადგურებიაო.

„იმედის“ დარბევის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი ინგლისში იმყოფებოდა. საღამოს სახურავზე ავედი და სატელიტური ტელეფონით დავურეკე. მითხრა, რაღაც გავუგზავნე [გიორგი] თარგამაძეს, უნდა გაუშვას და არ უშვებსო. მთხოვა, თარგამაძესთან მიდი და უთხარი, რომ გაუშვასო.

მივედი თარგამაძესთან [„იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მაშინდელი ხელმძღვანელი], მან კი მითხრა: „აუ, ირაკლი, იმიტომ არ ვუშვებ მაგ ჩანაწერს, რომ ნახო, დამეთანხმები — რისკიანია მისი გაშვებაო. საღამოს მოდი და ერთად გადავწყვიტოთო“. მერე, დღის განვლობაში, ის ჩანაწერი გაუშვა „რუსთავი 2“-მა, ოღონდ გადაკეთებულად. ბადრიმაც მითხრა, ეს არის გადაკეთებული ჩანაწერიო. თქვა, რომ ამას ასე არ დავტოვებ და ვიბრძოლებო. რეალურად, ამან ბადრი მოკლა…

გარდაცვალებამდე მე ვნახე ბადრი. ის იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა. საკმაოდ შეცვლილი იყო“, — განაცხადა რუხაძემ.

ირაკლი რუხაძის ჩვენებას სასამართლო პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მან რუხაძის განცხადებებს ტყუილი უწოდა:

„ტყუილია, არ იყო მონტაჟი! ტყუილებს ნუ ლაპარაკობ! მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილი მხილებულ იქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, ეს დაიჯერეს მისმა ჟურნალისტებმა და დახურეს თავად ტელევიზია. სააკაშვილთან რა პრეტენზია გაქვთ? ბადრი პატარკაციშვილმა დახურა ტელევიზია მას შემდეგ, რაც მას არ დაემორჩილნენ მისი ჟურნალისტები, წერტილი.

თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა. შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას: „ყველაფერს ვიღონებ სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!“. არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?

ამ კაცის დაკითხვით დადგინდა ის, რომ კაცმა, რომელმაც წააგო ჩემთან სასამართლო, თქვა, რომ ბადრი პატარკაციშვილმა დახურა ტელევიზია იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ წავიდნენ ჟურნალისტები.

თქვენ წახვალთ ისევ იმ სოროში, საიდანაც ივანიშვილს მოახსენებთ, თუ როგორ შეასრულეთ თქვენი დავალება დღეს სასამართლოში. თქვენ შეხვალთ სოროში! ეს არის ივანიშვილის კენგურუს სასამართლო. ჩემი ტყვეობა დროებითია და მე შევალ საქართველოს ისტორიაში, როგორც მისი აღმაშენებელი, ხოლო თქვენ შეხვალთ, როგორც ტურები და გიენები!“, — მიმართა სააკაშვილმა რუხაძეს.

პროცესის დასასრულს სააკაშვილმა რუხაძეს ასევე შეახსენა ტელეკომპანიის ამჟამინდელი სტატუსი: „თქვენ საუბრობთ „იმედზე“, რომელიც ბრიტანეთმა დაასანქცირა“, რაზედაც ირაკლი რუხაძემ უპასუხა: „კი, „იმედი“ არის დასანქცირებული“.

წყარო