გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ისტორიკოსი გიორგი არქანია:
ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა.
მრავალი პირველხარისხოვანი რამ საერთოდ უგულებელყოფილია.
მოკლედ:
1) გვ. 174: „გორგასლიანის“ მიერ გავრცელებული პროკალამციაზე წერია: „მათ თბილისის ქუჩებში გააკრეს პროკლამაციები, რომლებშიც გმობდნენ საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში განხორციელებულ ძალადობას“ – ავტორებმა რატომღაც საერთოდ არ ახსენეს პროკლამაციის უმთავრესი მოტივები და მიზნები, რომლებიც შემდეგ სიტყვები იყო მოცემული: „ქართველებო! ხომ არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი, ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ?… დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება, დროა, შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად… ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა!“. ვფიქრობ, ამ პროკლამაციაში მთავარი სათქმელი იყო ქართველებისთვის ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოწოდება და არა უნგრეთში მომხდარი ძალადობის დაგმობა.
2) გვ. 174: რატომღაც მე-7 აბზაცში მხოლოდ მერაბ კოსტავას დაპატიმრების შესახებაა საუბარი: „მერაბ კოსტავა პირველად 1956 წელს დააპატიმრეს… მეორედ 1977 წელს დააპატიმრეს“. მოსწავლეს შეექმნება წარმოდგენა, თითქოს საბჭოთა რეჟიმი ზვიად გამსახურდიას არ აპატიმრებდა. სინამდვილეში, ეს უკანასკნელი დააპატიმრეს 1956, 1958, 1977, 1989 წლებში.
3) გვ. 175: „1977 წელს დაარსდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“ – სინამდვილეში ეს ორგანიზაცია ზ. გამსახურდიამ და მ. კოსტავამ 1976 წელს დაარსეს.
4) გვ. 175: „1990-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობის აღზევებასთან ერთად ჯგუფმა აღადგინა საქმიანობა „საქართველოს ჰელსინკის კავშირის“ სახელწოდებით“ – სინამდვილეში ეროვნული მოძრაობის აღზევება მოხდა 1980-იანი წლების ბოლოს, „ჰელსინკის კავშირი“ კი 1990 წელს შეიქმნა.
5) გვ. 175: ავტორები ქართველ დისიდენტებს შორის იხსენიებენ ვინმე ვახტანგ ჭითანავას – სინამდვილეში ასეთი დისიდენტი არ არსებობდა, სავარაუდოდ უნდა იგულისხმებოდეს, ვახტანგ ჭითავა – დისიდენტი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი.
6) გვ. 175: ილუსტრაციის აღწერაში ვკითხულობთ: „ეროვნული მოძრაობის ლიდერები ტელევიზიასთან“ – სინამდვილეში ფოტო ასახავს ფილარმონიის წინაშე მიმდინარე მიტინგს.
7) გვ. 176: გორბაჩოვის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვკითხულობთ: „ამ პროექტის მიხედვით, კონსტიტუციიდან ქრებოდა მუხლი, რომლითაც საბჭოთა მოკავშირე რეპუბლიკებს სსრკ-დან გასვლის უფლება ეძლეოდათ“ – სინამდვილეში ეს მუხლი კი არ ქრებოდა, მისი ცვლილება იგეგმებოდა იმგვარად, რომ გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა.
8 ) გვ. 179: მოცემული ილუსტრაცია „1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები“ – სინამდვილეში ილუსტრაციაზე 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმია ასახული.
9) გვ. 179: „12 ივნისს ინაუგურაციაზე ზვიად გამსახურდიამ შემდეგი სიტყვები წამოთქვა…“, აგრეთვე, 181-ე გვერდზე მოცემულია ილუსტრაცია წარწერით: „ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წლის 12 ივნისს საპრეზიდენტო ფიცის დადება“ – სინამდვილეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ინაუგურაცია 1991 წლის 7 ივნისს მოხდა.
10) სახელმძღვანელოში 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე მიმდინარე მოვლენები შეფასებულია როგორც „თბილისის ომი,,. სიტყვა „გადატრიალება“ საერთოდ არ არის ნახსენები. სხვათაშორის, ეს მოვლენა გადატრიალებად სახელმწიფო დონეზეა შეფასებული 2000-იან წლებში. ამ უდიდესი დანაშაულის შესახებ თვალების დახუჭვა და მოსწავლეებისთვის მისი დამახინჯებულად მიწოდება დანაშაულის ტოლფასია.
მოკლედ იმის თქმა შემიძლია, რომ ერთი გაკვეთილის ასეთი მდგომარეობა სახელმძღვანელოზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელადაც, ალბათ, საკმარისია. სასკოლო სახელმძღვანელოები ასე არცერთ ქვეყანაში არ იწერება.