ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ სწავლობენ მისი შვილები კერძო სკოლაში. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
კობახიძის მტკიცებით, გადაწყვეტილება კონკრეტული კერძო სკოლის მდებარეობისა და მისი უპირატესობების, ასევე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით მიიღეს.
აღსანიშნავია რომ კობახიძის მიერ 2026 წელის მაისში შევსებულ დეკლარაციის მიხედვით, კობახიძემ გასულ წელს გიორგი და ნიკო კობახიძეების სწავლაში 2025-26 სასწავლო წლებში 39 970 ლარი, 2026-2027 სასწავლო წლების გადასახადის სახით კი 32 917 ლარი გადაიხადა. პირველ შემთხვევაში გადახდა 2025 წელს მოხდა, მეორე შემთხვევაში კი მიმდინარე წელს.
„იყო კონკრეტული კერძო სკოლა, რომელიც საკმაოდ ახლოს იყო და ჰქონდა თავისი უპირატესობები და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება მინიშნებას, თქვენს მინიშნებას, გამოწვევები რა თქმა უნდა ძალიან ბევრია საჯარო სკოლებშიც, სხვათა შორის, და კერძო სკოლებშიც. სწორედ ამის გამო დავიწყეთ ჩვენ მასშტაბური რეფორმის პროცესი. ჩვენ გვინდა საჯარო სკოლების მაქსიმალურად გაძლიერება“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა საჯარო სექტორის გაძლიერების მაგალითად საბავშვო ბაღები მოიყვანა და აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანი საჯარო სკოლების ხარისხის კერძო სკოლებთან გათანაბრებაა.
„მაგალითად, რომ ავიღოთ საჯარო საბავშვო ბაღები, მაგალითად თბილისში, იმდენად არის გაუმჯობესებული მომსახურების ხარისხი, რომ ამის გამო ბევრი კერძო საბავშვო ბაღი დაიხურა კიდეც. ანუ იმდენად მაღალი ხარისხია საჯარო საბავშვო ბაღებში, რომ ბევრი კერძო ბაღი ვერ უძლებდა კონკურენციას და დაიხურა კიდეც.
ჩვენ გვინდა, რომ ასეთივე მასშტაბის გაუმჯობესებას მივაღწიოთ საჯარო სკოლებში, ისე რომ მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლებს შორის. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ზოგადად განათლების რეფორმა არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, – აღნიშნა მან.
კობახიძემ ასევე ისაუბრა სისტემაში არსებულ სტატისტიკასა და ხარისხობრივ სხვაობაზე.
„ზოგადად სისტემას რაც შეეხება, რა თქმა უნდა არის მთელი რიგი კერძო სკოლები, რომლებიც ხარისხობრივად უკეთესია რიგ საჯარო სკოლებზე. რა თქმა უნდა ეს ასეა. დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 70 000 ბავშვი სწავლობს კერძო სკოლებში, დანარჩენი სწავლობს საჯარო სკოლებში. ანუ პროცენტული თანაფარდობა და რაოდენობრივი თანაფარდობა დაახლოებით ასეთია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მიზანია, რომ საჯარო სკოლებში მომსახურების ხარისხი, განათლების ხარისხი გაუთანაბრდეს მაქსიმალურად მოკლე დროში შესაბამის კერძო სკოლებში მომსახურების ხარისხს და განათლების ხარისხს“.




