12 ფაქტი ნერგეეთზე, რომელიც ვეღარ დაიმალება – “ამის თქმას როგორ არაადამიანურობა, როგორი უღმერთობა, როგორი უსისხლობა სჭირდება” – თამო კეშელავა

“ფაქტი 1 – დოკუმენტების მიხედვით ბაღდათის სოფლები და მათ შორის ნერგეეთი, იყო, არის მეწყერსაშიშ ზონაში.
ფაქტი 2 – ხელისუფლება ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ამ საჯარო დოკუმენტზე. რაც კარგს სულაც არ ნიშნავს, პირიქით, ნიშნავს, რომ არც კი იცის ქვეყანაში კიდევ სადაა მსგავსი ზონები და არც უნდა რომ იცოდეს, არ ადარდებს. ფაქტი 3 – გარემოს ეროვნული სააგენტო ურცხვად, უთავმოყვარეოდ, უსისხლოდ ეუბნება ქვეყანას და მეწყერში ცოცხლადჩამარხულთა ოჯახებს, კი ვიცოდი, რომ ეს სოფელი იყო მეწყერსაშიშ ზონაში, მაგრამ კონკრეტულად ის ფერდობი თუ იყო მეწყერსაშიში არ ვიცოდიო, მთლიანად სოფელია მეწყერსაშიშ ზონაში და რა მნიშვნელია სოფლისთვის, რომელი მხრიდან დაარტყამს მიწა და ჩამარხავს? ამის თქმას როგორ არაადამიანურობა სჭირდება და როგორი უღმერთობა, როგორი უსისხლობა სჭირდება ამის თქმას, ვერ კი წარმოვიდგინე, ვცადე არადა. ფაქტი 4 – ეროვნული სააგენტო ამბობს, მეო კი ვთქვი, კარგა 2 წლის წინათაც კი ვთქვი რომ ეს სოფელი და სხვა სოფლები მეწყერსაშიშ ზონაშია, მაგრამ ხელისუფლებისთვის არ მიმიცია რეკომენდაცია, სოფელი დაეცალათ და ოჯახები სხვაგან დაესახლებიათ, რადგანო (!!!) – მეწყერსაშიში კია, მაგრამ ზუსტად რომ ვიცოდე, მეწყერი ჩამოწვება, ამას დამატებითი კვლევა სჭირდებაო. იმას აღარ ამბობს, რატომ არ გააკეთა ეს დამატებითი კვლევა ამ 2 წელში, არ მისცა ამის უფლება ხელისუფლებამ? დაუშალა ვინმემ? ანუ, იცოდა, რომ ეს სოფელი იყო მეწყერსაშიში, იცოდა, რომ დამატებითი კვლევის შემთხვევაში, სახელმწიფოს მისცემდა რეკომენდაციას ადამიანები გაეყვანა იმ ზონიდან და გადაარჩენდა ამ ადამიანებს და არ გააკეთა? არ გააკეთა, თუ ახლა ხელს აფარებს სახელმწიფო? ფაქტი 5 – გარემოს სააგენტოს უფროსმა, პირდაპირ ეთერში აღიარა დანაშაული, მეწყერსაშიში იყო ზონა, 2 წელია სჭირდებოდა დამატებითი კვლევა, რომ ხალხის გადაყვანა მომეთხოვა და არ ჩავატარე ეს კვლევაო და სადაა სახელმწიფო? თუ მართლაც ეგრეა და თუ მხოლოდ იმ სამსახურს უნდა გადაეწყვიტა კვლევის ჩატარება, რატომ არ აკავებენ? თუ არაა ასე და პირიქით, მისცა რეკომენდაცია უკვე სახელმწიფოს ხალხის გაყვანის და არ გააკეთა მთავრობამ? და საერთოდაც, მხოლოდ ამ ერთ სააგენტოზეა ხალხის ბედი? მაშინ რაში გვჭირდება სახელმწიფო? რომელიც არც იმ კვლევას გაეცნო, არც მომდევნო კვლევა მოსთხოვა სააგენტოს? აბა, ერთად არიან მთავრობა და სააგენტო და ერთმანეთს აფარებენ ხელს? ფაქტი 6 – რაც დრო გადის, მით მეტი დამოუკიდებელი ექსპერტი მიდის ქვეყნიდან, მით მეტს აჩუმებენ, რაც დრო გადის, მით ბევრს აშავებენ, აშინებენ, პირდაპირ აკეთებენ უკვე ამას, დაუმალავად და მით მეტი ჩუმდება, კი, სამწუხაროდ, და ამ ტემპით თუ წავალთ, მალე ჩურჩულსაც ვეღარ გავიგონებთ. ფაქტი 7 – იმ დოკუმენტში, სადაც წერია, რომ მეწყერსაშიშ ზონაშია სოფელიო, წერია, რომ პრევენციული ზომებია მისაღები, თუ დამატებითი კვლევები იყო საჭირო, რატომ გასცეს რეკომენდაცია პრევენციულ ზომებზე? და რატომ არ ჩატარდა ეს პრევენციული ზომა? ჩატარდა და არ იმუშავა? და ყოველ 3 თვეში თავიდან რატომ არ უბრუნდებოდნენ ამ სოფლებს? კადრები არ ჰყოფნით? ფინანსები? სინდისი? ფაქტი 8 – ახლაც კი, როცა ცხვირში ვთხარეთ სააგენტოს და მთავრობას ის საჯარო დასკვნა, სადაც წერია, რომ სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში იყო, ახლაც კი, როცა ვიცით, რომ იმ დოკუმენტებში სხვა სოფლებზეცაა საუბარი, ახლაც კი, როცა ისევ მიწაში ცოცხლად ჩამარხულ ადამიანებს ვხედავთ, ახლაც არავინ ამბობს, ახლა მაინც მივხედავთ ამ და სხვა სოფლებსო. ფაქტი 9 – რეალობა ისაა, რომ ვისაც შვილები ეღუპება, ვისაც ოჯახის წევრები ეღუპება, იმ ოჯახებს ეხმარებიან, ან მეტად ეხმარებიან, თორემ, ბიძაჩემის სახლი რომ ჩაიტანა მეწყერმა და გადარჩა ცოცხალი, წადი და გათხოვილ შვილებთან იცხოვრეო, უთხრეს და დატოვეს ქუჩაში, რისი გადამსახლებლები არიან, დამეწყრილი ოჯახი დატოვეს ქუჩაში! ფაქტი 10 – მაფრთხილებს გაწვიმდებაო, და ამას წინათ გარემოს სააგენტომ გამაფრთხილა, გზებზე გადაადგილების შეზღუდვა იქნებაო – ძაღლი პატრონს როდის იყო ვერ ცნობდა, ესენი ვერ ცნობენ ვერაფერს და ვერავის. და მე რომ მაფრთხილებს შსს გაწვიმდებაო, თავად რა ჯანდაბას აკეთებს? მე უნდა ჩავიდე მეწყერსაშიშ ზონებში? მე უნდა გავიყვანო ხალხი? საძირკვლები რომ იძვროდა და კედლები რომ იბზარებოდა, წყალი რომ დიდდებოდა და აგერ დასკვნა რომ იდო საჯარო, სადაც ჩამოწერილია სოფლები, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონაშია, სოფლები, სადაც ბავშვებს ძინავთ და იცი, რომ აგერ და აგერ, დღე თუ ხვალ, მიწა ჩაიტანს, მე უნდა ჩავიდე და გამოვიყვანო ეს ხალხი სახლებიდან? კი, ჩავალ, გამოვიყვან, მაგრამ არც ამას დამანებებენ, ვინ ოხერი ხარო, მეტყვიან, აქ ჩვენ უკეთ ვიცითო. და თუ მე უნდა გამოვიყვანო ხალხი სახლებიდან ეგეთ დროს, რა ჯანდაბად მინდა სახელმწიფო, ან სად მაქვს სახელმწიფო? სახელმწიფო გახდა ფულის დაზგა და სუფრა, მხოლოდ მაღალჩინოსნების გამოსაკვებად. და ხალხის დახოცვა ბრალდება წვიმას და მიწას, და წვიმის და მიწის შვილები თუ ვართ, თუ მხოლოდ მათზე ვართ დამოკიდებულნი, ამდენ გადასახადს რატომ გიხდით, რატომ გიხდით ამდენ ჯარიმებს, რატომ გაჭმევთ, რა ჯანდაბად გვინდევხართ? ფაქტი 11 – ზუსტი დრო არ ვიცოდით, მეწყერისო, მეტი რა ზუსტი დრო გინდოდა, 2 წლით ადრე იცოდი, რომ მეწყერსაშიში ზონა იყო, მეტად როგორ მოეცა დრო ბუნებას, 2 წელზე მეტი დრო გინდოდა? რამდენი? რამდენი დრო გინდა, ამ გამეჩხერებული სოფლებიდან, ხალხის სხვა, ასევე გამეჩხერებულ სოფლებში გადასაყვანად? ფაქტი 12 – ნერგეეთში 9 ადამიანი ჩაიტანა მიწამ, იმ მიწამ, რომელი მიწაც იცოდნენ, რომ ამას აპირებდა. კი არ გარდაიცვალნენ, ისინი ჩაიმარხნენ ცოცხლად მიწაში და ისინი ვერასოდეს გაიცინებენ, ვეღარასოდეს იტირებენ, ვეღარასოდეს მოიყვანენ ხორბალს, ვეღარასოდეს დაწურავენ ღვინოს, ვეღარასოდეს გაივლიან იმ მიწაზე, რომელ მიწაშიც ჩაიმარხნენ. აქვე ბარემ, იმასაც ვიტყვი, რომ მძიმე ტექნიკა არ მუშაობს ადგილზე, იმედია გვაქვს გადარჩენილები არიანო, მთელი დღე გვეძახიან და მთელი დღე ქვეყნდება სხვადასხვა მედიასაშუალებებში ფოტოები, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს. კი არაფერს ცვლის ეს უკვე, ალბათ, მაგრამ მაინც ვერ ახერხებენ ერთი დღეც ვერ ახერხებენ ტყუილის გარეშე ცხოვრებას.
და ბოლოს – მე არ ვარ სპეციალისტი, საერთოდ, არაფრის სპეციალისტი ვარ ჩათვალეთ, მხოლოდ ინფორმაციას ვაგროვებ და ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, მხოლოდ ამათი უსისხლო, უსინდისო, ხალხზეხელაღებული განცხადებების ნაკრებია, ასე რომ თუ რამე კითხვა გექნებათ, გადამისამართდით მათთანვე, მათ მოსთხოვეთ პასუხი. და ხო, გლოვას სიჩუმე უხდება კი არა, ცას წვდება ჭირისუფლის კივილი და ყურები და თვალებიც რომ დაიხშოთ ბოლომდე, ყნოსვით მაინც იგრძნობთ უბედურების მწკლატე სუნს…” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს