2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან საქართველოში 37.2 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რუსული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი – 71.8%, ანუ 26.7 მილიონი დოლარი – უძრავი ქონების სექტორში ჩაიდო.რუსეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით მეორე ადგილზეა მშენებლობის სფერო, სადაც 4.8 მილიონი დოლარის კაპიტალი შევიდა, ხოლო მესამე პოზიციას დამამუშავებელი მრეწველობა იკავებს 3.5 მილიონი დოლარით.დანარჩენ სექტორებში რუსეთიდან ინვესტიციების მოცულობა მილიონ დოლარს არ აღემატება. კერძოდ, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის სექტორში 907 ათასი დოლარი, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში 777 ათასი დოლარი, პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში 684 ათასი დოლარი, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სფეროში 411 ათასი დოლარი, ადმინისტრაციულ და დამხმარე მომსახურებებში 300 ათასი დოლარი, ტრანსპორტსა და დასაწყობებაში 289 ათასი დოლარი, ხოლო განათლების სექტორში 261 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. სხვა სექტორებზე ჯამურად 1.3 მილიონი დოლარი მოდიოდა.საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მსხვილი რუსული პირდაპირი ინვესტიციები განახორციელეს შპს „ტომპსონი & ფრენჩი“, შპს „სამსუნგ ელექტრონიკს კავკასიის კომპანიის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში“, შპს „ეკო რესურს ნატტექ“, შპს „ლეგერო“, შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველო“, შპს „ხედი“, შპს „ალიანსი ფრივილიჯი“, შპს „გენ“, შპს „აგროსექტორი“ და შპს „ხე-ტყის დამამუშავებელი კომბინატი კალევალა“. აღნიშნული კომპანიები ინვესტიციების მოცულობის მიხედვით რეიტინგულად არ არის დალაგებული.ცნობისთვის, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ჯამში 750 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით ნაკლებია.


