კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს. ასევე, უწყების განცხადებით, დაკავებულია ახმეტის კლინიკის ექიმი, რომელმაც, მათივე ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტი დაუმზადა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თელავის მერიის მუნიციპალური სერვისცენტრის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ზოოვეტერინარი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მომხმარებელს ფულადი თანხის სანაცვლოდ, ლაბორატორიული გამოცდის ოქმები გადასცა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – წერია საგამოძიებოს განცხადებაში.