ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში – აჭარელი ძმების სასამართლო პროცესი დაწყებიდან რამდენიმე საათში გადაიდო. “პირველების” ინფორმაციით, მიზეზი ძმებ წულუკიძეებსა და სხვა ბრალდებულებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა.
სხდომა დახურული იყო, მაგრამ როგორც “პირველებმა” გაარკვია, ბრალდებულების გაღიზიანება ძმების სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, როცა ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქურდული სამყაროს წევრები არ ყოფილან. ამის შემდეგ ვითარება იმდენად უკონტროლო გახდა, რომ ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გაძლიერებული დაცვით გაიყვანეს და მოსამართლემ პროცესი გადადო.
მოხდა გარკვეულ პირებს შორის უსიამოვნო საუბარი, ამის გამო მოხდა ის, რომ სასწრაფო წესებით იქნა დატოვებული დარბაზი. (კითხვა – ბრალდებულები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს?) ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. გამარჯობსი თქმა არ გვაცალა, ბეჭებზე დასცა. უსაფრთხოების სამსახურმა უსწრაფესად გაიყვანა. ამ მოწმემ დაადასტურა გარემოება, რომ როდესაც უსმენდა ამ გარკვეული პირების შეხვედრებს, არსად არ დასტურდება ქურდული სამყაროს მიერ გარჩევა რაიმე საქმის, წევრობა არ დასტურდდება, ბრალი არ დასტურდება”, – ამბობს თამარ აბესაძე.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია ბათუმში მიმდინარე წლის 17 მარტს ჩატარდა – დაკავებულ პირებს „კანონიერი ქურდობის”, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ ბრალდება. აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში სულ დაკავებულია 72 პირი.
შსს-ს მტკიცებით, დაკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ “ქურდული სამყაროს” წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.




