ჯიპას პროფესორი კოტე ერისთავი:
ემიგრაციასთან და შობადობასთან დაკავშირებული პრობლემები ყველასთვის ცნობილია. მთავრობაც რას აღარ აბრალებს ამ პრობლემას. გაეროს ბოლო კვლევის მიხედვით, ქართველი ახალგაზრდების 38% მიიჩნევს, რომ არასათანადო საცხოვრებელი შვილის ყოლის მთავარ ბარიერს წარმოადგენს. საცხოვრებლის არქონა ემიგრაციის მნიშვნელოვანი მიზეზიცაა, ისევე, როგორც ბევრი სხვა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემის, ინფლაციით დაწყებული, განათლებითა და ქალებზე ძალადობით დამთავრებული და სცდება ერთი კონკრეტული ოჯახის კეთილდღეობის საკითხს. ერთი სიტყვით, ქვეყნის პრობლემაა, რომელიც სხვადასხვა ფორმით ყველას გვეხება.
მალე გამოვაქვეყნებთ საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაზე მცირე კვლევას. მანამდე, ამ სქრინში ხედავთ, ვის შეუძლია 55 კვ.მ ბინის ყიდვა იპოთეკით სამგორში, თბილისის ყველაზე იაფ უბანში.
ვიყენებთ ხელმისაწვდომობის სამ სხვადასხვა სტანდარტს. ამ სტანდარტების მიხედვით ბინა ხელმიუწვდომელია, თუ ყოველთვიური შენატანი შემოსავლების კონკრეტულ წილს (30%, 40%, ან 50%) აღემატება.
ყველაზე მკაცრი სტანდარტით, იპოთეკა სამგორის ბინაზე ხელმიუწვდომელია ოჯახების 95%-ისთვის და არამკაცრი სტანდარტით 90%-ისთვის (ოდნავ უკეთესია სიტუაცია ქირის შემთხვევაში).
ამასობაში, ბინებზე მოთხოვნა მზარდია; ბინის ფასებიც წლიდან წლამდე იზრდება, ისევე, როგორც სხვა ყველაფრის ფასი. მოთხოვნას აწარმოებს უცხოური სპეკულაციური კაპიტალი, რუსები, ბელარუსები, სამშენებლო მონოპოლიები და ა.შ. მაგრამ ერთერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენი მდიდრები, რომლებმაც არ იციან სად წაიღონ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული უზარმაზარი ფული, დგებიან და აბანდებენ უძრავ ქონებაში. არაა გასაკვირი, როცა შიგადაშიგ ვიგებთ, როგორ ფლობს ესა თუ ის მდიდარი ოჯახი 27 ბინას ჭავჭავაძეზე. ზოგს ალბათ ასობით ბინაც აქვს ასე ნაყიდი. გადანაწილების სისტემა თითქმის არ გვაქვს, რომ ცოტათი მაინც შევუზღუდოთ მდიდრებს განსაკარგავი კაპიტალი, რომლის არხეინად ხარჯვა ისევ ჩვენ გვიძვირებს ცხოვრებას და ბევრს ქვეყნიდან გაქცევას აიძულებს. ამ ინფლაციისთვის ისევ ღარიბებს რომ სჯის მთავრობა, ადრეც ვწერდი.
პ.ს. საშემოსავლო ჯგუფები საქსტატის შინამეურნეოებების გამოკვლევიდან გვაქვს აწყობილი (თუმცა ვინაიდან საქსტატი ვერ იხელთებს მაღალშემოსავლიანი ოჯახების დიდ ნაწილს, კვლევაში ასევე ვიყენებთ საქსტატისა და შემოსავლების სამსახურის მონაცემების ინტეგრირებულ ვერსიას).





