ქართული ავანგარდული წიგნები მეტროპოლიტენ მუზეუმში

კონსტანტინე ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში მიმდინარე გამოფენის “ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი და დადა საქართველოში, 1917-1928” შესახებ წერს:
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში 27 ოქტომბრამდე მიმდინარეობს გამოფენა “ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი და დადა საქართველოში, 1917-1928”.
გამოფენას სულ ოთხი ვიტრინა უკავია მეტროპოლიტენ მუზეუმის Thomas J. Watson-ის ბიბლიოთეკაში. გამოფენის მასშტაბი მცირეა, მაგრამ ქართული ავანგარდული კულტურისა და ხელოვნების უმნიშვნელივანეს გამოცემებს აერთიანებს და წარმოაჩენს თბილისის ადგილსა და მემკვიდრეობას მსოფლიო მოდერნისტული კულტურის ისტორიაში.
გამოფენაზე წარმოდგენილია ქართულ და რუსულ ენებზე გამოცემული წიგნები, ჟურნალები და სხვა ბეჭდური მასალა. ავტორებსა და მხატვრებს შორის არიან: ილია და კირილე ზდანევიჩები, ალექსეი კრუჩენიხი, ირაკლი გამრეკელი, ბენო გორდეზიანი, იგორ ტერენტიევი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და სხვები.
ექსპონატებს შორისაა თბილისში დაფუძნებული ავანგარდული გამომცემლობა 41°-ის გამოცემები, ქართული ფუტურიზმის უმნიშვნელოვანესი გამოცემა H2SO4, “მემარცხენეობა”, “ლიტერატურა და სხვა”, “პროლეტარული მწერლობა” და სხვა იშვიათი ბეჭდური მასალა. როგორიცაა, Met-ის კოლექციაში შესული 1917-1924 წლების ხელნაწერი რვეული ძმები ზდანევიჩებისა და ჩერნიავსკის ლექსებს, პროზასა და კუბო-ფუტურისტული ნახატებს აერთიანებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები ცნობილი ნიუ-იორკელი კოლექციონერისა და ექიმის დოქტ. დევიდ ორენტრაიქის (David S. Orentreich) კოლექციიდანაა, რომლის ნაწილი მან უკვე აჩუქა მეტროპოლიტენ მუზეუმს და ნაწილი კი დაპირებული საჩუქარია.
ხელოვნების სამყაროში დოქტ. ორენტრაიქი მრავალი წელია დაკავშირებულია გრაფიკისა და ილუსტრირებული წიგნის კოლექციონირებასთან. იგი MoMA-ს პრინტებისა და ილუსტრირებული წიგნების მხარდამჭეართა წრესთანაა დაკავშირებული და მუზეუმისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი აქვს გადაცემული.
საინტერესოა, რომ მან 2015 წელს MoMA-ს მაქს ერნსტისა და ილია ზდანევიჩის ცნობილი გამიცემა “ 65 Maximiliana ou l’exercice illégal de l’astronomie” (65 მაქსიმილიანა ანუ ასტრონომიის უკანონო პრაქტიკა) აჩუქა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ილიაზდის (ილია ზდანევიჩის) მემკვიდრეობამ დააკავშირა ორენტრაიქი ქართულ ავანგარდს.
გამოფენის დასრულების შემდგომ კოლექცია ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, მკვლევარებისთვის წინასწარ შეთანხმებით იქნება ხელმისაწვდომი.
ორენტრაიქის ქართული ავანგარდული წიგნების კოლექციის სახით, მეტროპოლიტენ მუზეუმში გაჩნდა მძლავრი საყრდენი ქართული კულტურისა და ხელოვნების სამეცნიერო შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში.
მეტროპოლიტენ მუზეუმი მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესო ენციკლოპედიური პროფილის მუზეუმია, რომელიც ინახავს მსოფლიო კულტურასა და ხელოვნებას უძველესი დროიდან თანამედროვე ხელოვნებამდე. შესაბამისად ორენტრაიქის ეს ძვირფასი საჩუქარი მეტროპილიტენ მუზეუმისთვის, ამავდროულად არის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის, რადგან ასეთი ავტორიტეტის მქონე მუზეუმში ამ გამოცემების დაბინავებით ქართული ავანგარდი ხდება ხელმისაწვდომი საერთაშორისო მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის.
გამოფენასთან ერთად წარმოდგენილია ქართული ავანგარდის შესახებ უმნიშვნელოვანესი გამოცემები:
პაველ ჩეპიჟოვისა და ქეთევან კინწურაშვილის “New Georgian Book Design, 1920s-1930s“, რომელიც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი.
თბილისში პოლონური კულტურის ისნტიტუტის მიერ დაფინანსებული ქეთევან კინწურაშვილისა და დავით ჯანიაშვილის წიგნი “The Zdanevich Brothers, from 1892/4 to 1921“ და ასევე ქეთევან კინწურაშვილის მიერ ნიუ ირკში წლების წინ გამოცემული წიგნი დავით კაკაბაძის შესახებ.
ეს გამოფენა და ამ კოლექციის ახალი მისამართი არის ქართული კულტურის დიდი აღიარება და ყველა იმ ადამინის ახდენილი ოცნება, რომლებმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები მიუძღვნეს ქართული ავანგარდის კვლევასა და პოპულარიზაციას.
News.ge-მ რამდენიმე კითხვით ნიუ-იორკში მცხოვრებ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კულტურის პოლიტიკის სპეციალისტს კონსტანტინე ნაცვლიშვილს მიმართა.
ქართული მხრიდან ვინ არის გამოფენის ორგანიზებაში ჩართული?

მეტროპოლიტენ მუზეუმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გამოფენა თავად მუზეუმის ინიციატივით მოეწყო და ასახავს უახლეს დონაციას, რომელიც მუზეუმის სასარგებლოდ გააკეთა დავიდ ორენტრაიქმა. ალბათ ის ფაქტი, რომ ნიუ იორკელმა კოლექციონერმა შეიძინა თბილისური და ზოგადად ქართული ავანგარდული წიგნებისა და ნაბეჭდი გამოცემების კოლექცია და ეხლა გადასცემს საჩუქრად მეტროპოლიტენ მუზეუმს, ეს ფაქტი არის თავად დიდი აღიარება ქართული ავანგარდისთვის და იმის დასტური, რომ ამ გამოცემებმა გაარღვიეს ქართული ეროვნული კულტურის საზღრვები და საერთაშორისო კულტურის და ხელოვნების ისტორიის ნაწილად იქცნენ.

და კოლექციონერზე დამატებით რაიმე ცნობილია?

დავიდ ორენტრაიქი ირკვევა რომ ცნობილი კოლექციონერია ნიუ იორკში, ავანგარდული ბეჭვდითი გამოცემების. ის წლებია თანამშრომლობს ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან (MoMA). 2013 წელს მუზეუმს საჩუქრად გადასცა კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლური დოკუმენტი — ნაუმ გაბოსა და ანტუან პევზნერის 1920 წლის “რეალისტური მანიფესტი”. ხოლო მოგვიანების მაქს ერნსტისა და ილიაზდის (ილია ზდანევიჩის) გამოცემა “65 მაქსიმილიანა”. ასევე მისი ოჯახის ფონდი იყო ერთ-ერთი დამფინანსებელი MoMA-სათვის საერთაშორისო ავანგარდისა და მოდერნისტული დიზაინის მნიშვნელოვანი ნამუშევრების შეძენაში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქართული ავანგარდის კოლექცია სწორ ადამიანთან იყო მოხვედრილი, რასაც ადასტურებს მისი ეს საჩუქარი, რომელიც ისეთივე დიდი შენაძენია ქართველი ხალხისთვის და მისი კულტურისთვის, როგორც ამერიკელი პუბლიკისთვის.

ჩვენთვის რა იცვლება ამ გამოცემების მეტში დაბინავებით?

MoMA ქართული ავანგარდისთვის ბუნებრივი მისამართი იქნებოდა. იქაურ კოლექციებში 1 000-ზე მეტი რუსული ავანგარდული წიგნია დაცული. ამიტომ შანსი იმისა, რომ ქართული ავანგარდი ჩაიკარგოს რუსული ავანგარდის ან საბჭოთა კონსტრუქტივიზმის ან ცალკეული ავტორების მსხვილ კოლექციებში მაღალია. მეტროპოლიტენ მუზეუმი კი როგორც ენციკლოპედიური მუზეუმი ეხლა ავსებს მსოფლიო ავანგარდის კოლექციებს, რომლებიც დასავლეთ ევროპის ცენტრების მიღმა განვითარდა და ეს კოლექციები სწორედ ვატსონ ლაიბრერის საცავში გროვდება. ამიტომ ამ კოლექციას კვლევისა და წარმოჩენის კუთხით ბევრად მაღალი შანსები უჩნდება მეტროპოლიტენ მუზეუმის ხელში, ვიდრე MoMA-ს ათწლეულობით ჩამოყალიბებულ კოლექციების სტრუქტურაში. ორენტრაიქის კოლექციის სახით მეტროპოლიტენ მუზეუმში ჩვენ მივიღებთ ქართული და თბილისური ავანგარდის პირველწყაროების კვლევით კორპუსს, რომელიც საშუალებას მისცემს საერთაშორისო მკვლევარს თბილისი შეისწავლოს, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული ავტორების, ჯგუფებისა და გაერთიანებების, გამომცემლობებისა და ვიზუალური ან ტექსტური ექსპერიმენტების გარემო.

სახელმწიფოს წარსულში თუ გაუკეთებია პოპულარიზაცია ამ მიმართულებით?

საერთოდ ქვეყნის გარეთ კულტურული აქტივობები ეს საგარეო კულტურის პოლიტიკის თემაა. პოლიტიკური სისტემის არასტაბილურობის გამო, საქართველომ ვერ ჩამოაყალიბა სისტემა, რომელიც არა მხოლოდ შეისწავლის ან პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას, არამედ თანამედროვე ხელოვნებასა და კულტურასაც წარმოაჩენს უცხოეთში და არტისტებს დაეხმარება შემოქმედებითი კავშირების ფორმირებაში. ამ წლების განმავლობაში იყო ცალკეული პროექტები, მაგრამ მათი არასისტემატურობის და არაგანგრძობითობის გამო მნიშვნელოვან შედეგზე ქვეყანა ვერ გავიდა. ამავე დროს, როცა ვსაუბრობთ ქართულ ავანგარდზე, აქ კვლევითი კომპონენტი შემოდის. ამიტომ უკვე სამი სტრუქტურის (განათლების, კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს) ერთობლივ მუშაობაზე მივდივართ, რისი პოზიტიური გამოცდილებაც ჩვენ ნაკლებად გაგვაჩნია.

რა უნდა კეთდებოდეს რომ უფრო აიწიოს ცნობადობა ქართული ავანგარდის და ზოგადად ქართული კულტურის?

სანამ რაიმე კულტურული აქტივობა დაიგეგმება უცხოეთში, მანამ მას ქვეყნის შიგნით სჭირდება მომზადება. უნდა შეიქმნას ასეთი პროდუქტი, განისაზღვროს მისი კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო კულტურულ სივრცეში და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყოს აქტივობების დაგეგმვა. მაგრამ, ქართული ავანგარდის შენთხვევა განსხვავებულია. ჩვენ ძალიან მასშტაბურ მოვლენაზე ვსაუბრობთ, რომელიც არა მხოლოდ ავანგარდული წიგნებითა და გამოცემებით გამოიხატება, არამედ იგი მოიცავს კინოს, თეატრს, სარეჟისორო თეორიებს (მარჯანიშვილი და ახმეტელი), მხატვრობასა და ლუტერატურას. ამიტომ კვლევითი კომპონენტი აქ ყველაზე აუცილებელია. უნდა მომზადდეს ქართული ავანგარდის კვლევითი კორპუსი, შეიქმნას ონლაინ ბაზა, ითარგმნოს აუცილებელი მასალა, გაუკეთდეს სისტემატიზაცია საარქივო მასალას, მოგროვდეს არსებული სამეცნიერო მასალა, ითარგმნოს აუცილებელი ინფორმაცია და დაიწყოს ინტერნაციონალიზებული კვლევების ჩატარება. ასეთი კვლევები წარმოაჩენს ქართული ავანგარდის უნივერსალურ ფასეულობას და მისი საერთაშორისო პრეზენტირების სტრატეგიის სპეციფიკას. მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლება ჩვენ დავგეგმოთ გამოფენები და სხვა აქტივობები. მაგრამ მიგეხსენებათ ცხოვრებას თავისი ტემპი აქვს და პროცესები ხშირად ვითარდება დამოუკიდებლად და სისტემის ნაკლოვანებების კომპენსირება ხდება ცალკეული ადამიანების — ენთუზიასტების მცდელობების ხარჯზე. საქართველომ ძალიან დააგვიანა საკუთარი ავანგარდის შესწავლა და პოპულარიზაცია. ეს ყველაფერი 90-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში უნდა მომხდარიყო. თუმცა ვერ მოხდა. დღეს უკვე ქვეყნის გარეთ ხდება ამ სისტემური ნაკლის შევსება, მაგრამ რა თქმა უნდა უმთავრესი მასალა ქართული ავანგარდის შესახებ საქართველოშია, დანაწილებულია ცალკეულ ინსტიტუტებს შორის და სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის გარეშე ამ სისტემის ჩამოყალიბება ვერ მოხდება. თუმცა მეტროპოლიტენის გამოფენა და მის კოლექციაში ქართული და თბილისური ავანგარდული წიგნების კოლექციის დაბინავება არის დიდი სტიმული და ვიტყოდი, რომ ჭკვიანურად გამოყენების შემთხვევაში იქცევა ლოკომოტივად ამ კულტურული ეპოქის სრული მემკვიდრეობის შესასწავლად და წარმოსაჩენად.

როგორც ცნობილია ნიუ იორკში ძალიან მრავაკრიცხოვანი ქართული დიასპორაა, და რა მნიშვნელობა აქვს დიასპორისთვის ასეთ გამოფენას?

ნიუ-იორკში, დიდი ქართული დიასპორაა, ბევრი არტისტი და კურატორია. სამწუხაროდ აქაურ მუზეუმებში ქართული ხელოვნება მხოლოდ რამოდენიმე მცირე ნივთითაა წარმოდგენილი მეტროპოლიტენ მუზეუმში. მორგანის ნაჩუქარი მინანქრების კოლექციებით ქრისტიანული ხელოვნების დეპარტამენტში და ერთი კოლხური ბრინჯაოს ბალთით ძველი აღმოსავლეთის დეპარტამენტში. რამოდენიმე წლის წინ უზარმაზარი გამოფენა გაიმართა სომხური ხელოვნების მეტროპოლიტენ მუზეუმში. გამოიცა ბრწყინვალე კატალოგი. მათ ნამდვილად გააჩნიათ ასეთი პროექტების ორგანიზების დიდი გამოცდილება. ამიტომ საქართველოსთვის ეს გამოფენა პირველი შემთხვევაა ნიუ იორკში, სადაც ქვეყნის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის პრეზენტაცია მოხდა. ქართული დიასპორის წარმატება, მათ შორის შემოქმედებით სფეროში დიდ წილადაა დამოკიდებული ქვეყნის იმიჯზე და ამ ქვეყნის კულტურის ცნობადობაზე. ამიტომ დევიდ ორენტრაიქის საჩუქარი კი არის განკუთვნილი მეტროპოლიტენ მუზეუმის პუბლიკისთვის, მაგრამ ქართული დიასპორაც ამ საჩუქრის პირდაპირი ბენეფიციარია.