სამთავრობო უწყება “ოცნების” დეპუტატის მდგმური ხდება და ახალ ოფისში ძვირადღირებული ავეჯი მიაქვს

პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯი ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსთვის – სამთავრობო უწყება ოცნების დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის მდგმური ხდება და ახალ ოფისში ძვირადღირებული ავეჯი მიაქვს.

ჩინოვნიკების კაბინეტებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო მომდევნო 3 წელი ანტონ ობოლაშვილის კომპანიის შენობაში იმუშავებს.

ფართი, სადაც წესით უწყება 25 სექტემბერს უნდა გადავიდეს, რემონტი ჯერ დასრულებული არ არის. “პირველების” გდამღებმა ჯგუფმა დღეს ადგილზე სარემონტო სამუშაოები გადაიღო.

ცენტრალური შემსყიდველი ორგანო შენობის მესამე და მეოთხე სართულზე განთავსდება. აღნიშნული ფართის მფლობელი “ველ ჰაუს დეველოპმენტია”.

“ველ ჰაუს დეველოპმენტი” “გლობალ ფარმის” შვილობილი კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ ზემოთ ხსენებული “ოცნების” დეპუტატი ანტონ ობოლაშვილია.  

რაც შეეხება ავეჯს, ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ოფისის მოსაწყობად ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან და ერთ მაგიდაში 9680 ლარს იხდის. 4080 ლარს იხდის კარადაში და ასეთ სამ კარადას ყიდულობს. ასევე დოკუმენტების თანახმად, ერთ გორგოლაჭიან სკამში უწყება 4230 ლარს იხდის და ეს მხოლოდ ავეჯის მცირე ჩამონათვალია.

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი, ლევან რაზმაძე ირწმუნება, რომ იტალიურ პროდუქციას თურქულის ფასში ყიდულობენ და სწორედ ამიტომ შეაჩერეს მასზე არჩევანი.

“შეგვეძლო ჩინური ჩამოგვეტანა, მაგრამ  დრო არ გვყოფნის, დროულად უნდა გადავიდეთ” – ამბობს ლევან რაზმაძე.

ფასით შევაჩერეთ არჩევანი (ობოლაშვილის კომპანიაზე) და მომსახურების საუკეთესო ვარიანტით. რაც შეეხება იტალიურ ავეჯს, ეს არის დაბალფასიანი სეგმენტი, რომელიც თურქულის ფასში იყო. ბაზრის კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ იტალიური პროდუქცია იყო იგივე ფასის, რაც თურქული და ამ ნაწილში გადაწყვეტილება მივიღეთ. მეორე ის, რომ შეგვეძლო ჩინური ჩამოგვეტანა, მაგრამ  დრო არ გვყოფნის, დროულად უნდა გადავიდეთ ამ ოფისში. არ გვაქვს ფართი”, – ამბობს ლევან რაზმაძე.