მამუკა ფიფია, რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი და პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი „ტვ პირველის“ ეთერში პასუხობს კითხვებს ოთარ ფარცხალაძეზე.
რუსულმა სამთავრობო მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის. მათივე ცნობით, ის რუსეთში ჩამოყალიბებული მოხალისეთა მრავალეროვანი დანაყოფის „გეორკგიევსკის“ მეთაურია.
„რომანოვი ფარცხალაძე არავის არაფერს არ უმტკიცებს, ოთარი ემსახურება რუსეთის ფედერაციას და პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტს. მაგის პრეზიდენტი არის ვლადიმერ პუტინი, ემსახურება რუსეთს“, – ამბობს მამუკა ფიფია.
კითხვაზე, თუ ვისი დავალებით შეიქმნა ეს ბატალიონი, ვინ მიიღო აღნიშნულზე გადაწყვეტილება, ის პასუხობს:
„გეტყვით, რომ ეს იყო ყველაზე მაღალ დონეზე, ეს არ იყო რაღაც სტრუქტურები, ძალოვნები, კიდევ ვიღაცები, ეს იყო ყველაზე მაღალ დონეზე, ვერ გეტყვით მეტს“, – თქვა მამუკა ფიფიამ.
ფიფიას მტკიცებით, „პრიგოჟინის მერე, რუსეთში არ შექმნილა ასეთი ბატალიონი“, ეს იყო „ძალიან პრობლემური“ და ამაზე ორი წელი მუშაობდნენ.
მისივე თქმით, ეს არის ინტერნაციონალური ბატალიონი, რომელშიც ქართველებიც არიან.
„ეს არის ბატალიონი, რომელიც ექვემდებარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს“ – ამბობს ფიფია.
კითხვაზე, მოსკოვს სჭირდება თუ არა იმის დემონსტრირება, რომ ქართველები უკრაინელების წინააღმდეგ იბრძვიან, ფიფია პასუხობს:
„მოსკოვს არაფრის დემონსტრირება და ჩვენება არ სჭირდება, უფრო რუსეთში მცხოვრებ ქართველებს სჭირდებათ“.
ფიფიას განცხადებითვე, ოთარ ფარცხალაძე სამშობლოდ დღეს რუსეთს მიიჩნევს, ხოლო საქართველო მისთვის „ისტორიული სამშობლოა“. მისივე მტკიცებით, თუ საქართველოს გაერთიანება გვინდა, ოკუპანტი რუსეთის გვერდით უნდა დავდგეთ.
„ოთარ რომანოვ ფარცხალაძე მიიჩნევს თავის სამშობლოდ დღეს რუსეთს, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველოს როგორც ისტორიულ სამშობლოს, მიიჩნევს და თუ საქართველოს დასჭირდა რამეში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ოთარ რომანოვი დაუდგება გვერდით“, – ამბობს ფიფია.
რაც შეეხება კითხვას ფარცხალაძის წოდებებზე. ფიფია ამბობს, რომ ის პოლკოვნიკია, თუმცა რა უწყებაში, არ იცის:
„რომანოვს აქვს პოლკოვნიკის წოდება. რა და რა სტრუქტურების მე არ ვიცი, არ მაქვს წვდომა. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ გენერალსიმუს მდინარაძეს, მაგას ეცოდინება, იმიტომ, რომ ეს კაცი ნახევარი წელი იყო სუს-ის უფროსი და აგერ კიდევ ნახეთ, ბაქოში იჯდა გვერდით MI6-ის ხელმძღვანელთან, ამიტომ გირჩევთ შეეკითხოთ მდინარაძეს. შეეკითხეთ, მაგას ეცოდინება რა განხრით, რა მიმართულებით არის პოლკოვნიკი ბატონი ოთარ რომანოვი“.
ფიფიამ თქვა, რომ ინფორმაცია არ აქვს ოთარ ფარცხალაძისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობაზე.
ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი. მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული.




