ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის მიხედვით, დავის ერთ-ერთი მთავარი საგანი სწორედ პატარკაციშვილების ოჯახის წილია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი არც უკრაინული, არც საერთაშორისო სანქციების ქვეშ არ იმყოფება, IDS Ukraine-ის ნაწილობრივ ან სრულად ნაციონალიზების შემთხვევაში, საფრთხე მათ საკუთრებასაც დაემუქრება.კიევში ვარაუდობენ, რომ IDS Ukraine-ის მოქმედი მენეჯმენტის პირობებში არსებობს ფულის გათეთრებისა და კომპანიიდან აქტივების გატანის რისკი.რას ფლობს IDS Ukraine და ვის ეკუთვნის კომპანია?IDS Ukraine უკრაინაში მინერალური და სასმელი წყლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია აწარმოებს, მათ შორის, პოპულარულ ბრენდებს „მორშინსკა“, „მირგოროდსკა“ და „ალიასკა“.
IDS Ukraine-ის ინფორმაციით, კომპანიის აქტივების სავარაუდო ღირებულება 2026 წელს დაახლოებით 8 მილიარდ გრივნას შეადგენდა, რაც მიმდინარე კურსით 180 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტია.IDS Ukraine, ისევე როგორც „ბორჯომის“ მწარმოებელი IDS Borjomi, შედის საერთაშორისო ჯგუფის, IDS Borjomi International-ის შემადგენლობაში. თუმცა IDS Ukraine-ის უშუალო მფლობელია კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია International Distribution Systems Limited.ყველა ზემოხსენებული კომპანიის აქციონერთა სტრუქტურა (საბოლოო ბენეფიციარები) იდენტურია.49.99%-ს სანქცირებული რუსი ბიზნესმენები ფლობენ;34.83% ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის;7.73% საქართველოს მთავრობას;დაახლოებით 7.45% სხვა აქციონერებს.
IDS Ukraine-ის ინფორმაციით, კომპანიაში 18.23%-იან არაპირდაპირ წილს ფლობს მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი. ის რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი და „ალფა ჯგუფის“ თანადამფუძნებელია. მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დასაბუთებაში, მათ შორის, მითითებულია მისი კავშირები რუსეთის ხელისუფლებასთან და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
მიხაილ ფრიდმანი
კომპანია აცხადებდა, რომ სანქციების გამო მას IDS Ukraine-ის მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა აღარ აქვს.რას ედავება უკრაინული სააგენტო კომპანიას?უკრაინის აქტივების მოძიებისა და მართვის სააგენტოს, ARMA-ს, IDS Ukraine-ის მართვის დამოუკიდებელი მმართველისთვის გადაცემა სურს. პარალელურად, უკრაინის უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში მიმდინარეობს დავა, სადაც აქციონერები კომპანიის ნაწილის ან მთლიან ნაციონალიზებას ეწინააღმდეგებიან.The Guardian-ის ცნობით, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი IDS Ukraine-ს ომის პირობებში „სტრატეგიულ აქტივად“ მიიჩნევს.უკრაინული მედიის ცნობით, ARMA-ს სამეტაპიან აუქციონში, რომელიც IDS Ukraine-ის აქტივების მმართველის შესარჩევად ჩატარდა, შპს „აქტივების მართვის კომპანია „უკრკაპიტალმა“ გაიმარჯვა. კომპანია ბანკ „უკრაინული კაპიტალის“ მფლობელ სერგეი ბელაშოვს ეკუთვნის, რომელიც ასევე პოლტავის საოლქო საბჭოს დეპუტატი და ოპოზიციური პარტია „ბატკივშჩინის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.ARMA-ს ხელმძღვანელის, იაროსლავა მაქსიმენკოს განცხადებით, სააგენტო IDS Ukraine-ის დამოუკიდებელი მმართველისთვის გადაცემის მცდელობისას არაერთხელ შეეჯახა სამართლებრივ და ბიუროკრატიულ წინააღმდეგობებს. მისი თქმით, პროცესს აქციონერების წინააღმდეგობაც აფერხებს.მაქსიმენკო ასევე ამბობს, რომ მოქმედი მენეჯმენტის პირობებში არსებობს ფულის გათეთრებისა და კომპანიიდან ღირებულების გატანის რისკი. The Guardian აღნიშნავს, რომ ასეთი დანაშაულის ჩადენის შესახებ ოფიციალური დასკვნა არ არსებობს.ARMA-ს ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ New World Value Fund Limited-მა, რომლის მეშვეობითაც პატარკაციშვილების ოჯახი IDS Ukraine-ში ინვესტიციას ფლობს, მისი სააგენტოს თანამშრომლები დაუსაბუთებლად დაადანაშაულა სავარაუდო უკანონო ქმედებებში. მაქსიმენკომ ამ ბრალდებებს „დეზინფორმაცია“ უწოდა.პატარკაციშვილების ოჯახი ამბობს, რომ არასანქცირებული აქციონერებისთვის, რომელთა მიმართაც არანაირი ბრალდებები არ არსებობს, ქონების ჩამორთმევა დაუშვებელია.ოჯახის წარმომადგენლის თქმით, თუ უკრაინაში საკუთარი უფლებების დაცვას ვერ შეძლებენ და აქტივი ARMA-ს პროცედურის ფარგლებში მაინც ჩამოერთმევათ, ისინი საერთაშორისო სასამართლოებს მიმართავენ.
Sage & Jester-ის Instagram-გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო ლიანა პატარკაციშვილის ციტატით – „ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ დეზინფორმაციასა და მანიპულაციაზე ყველა იმ ფორმითა და სახით, რომელიც აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომად მიგვაჩნია.“
ოჯახის წარმომადგენელმა The Guardian-ს ასევე უთხრა, რომ პატარკაციშვილები 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის „ერთგული მხარდამჭერები“ არიან და მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ უსამართლო მიდგომაა.The Guardian-ის სტატიაში ბადრი პატარკაციშვილის შვილი, ლიანა პატარკაციშვილი, „ბრიტანელ თეატრალურ იმპრესარიოდ“ არის მოხსენიებული. გამოცემა წერს, რომ ის თეატრალურ პროდიუსერულ კომპანია Sage & Jester-ს ხელმძღვანელობს და 2025 წელს დეზინფორმაციის თემაზე მასშტაბური იმერსიული სპექტაკლი Storehouse დადგა, რომელშიც მსახიობები ტობი ჯონსი და მირა საიალი მონაწილეობდნენ.რას ამბობს IDS Ukraine?IDS Ukraine უარყოფს სააგენტოს მიერ გაჟღერებულ ეჭვებს.კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, IDS Ukraine მოქმედებდა და მოქმედებს უკრაინის კანონმდებლობის, მათ შორის საგადასახადო და ფინანსური წესების შესაბამისად.კომპანია ამბობს, რომ უკრაინის არცერთ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის საგადასახადო სამსახურს, IDS Ukraine-ის მხრიდან ფულის გათეთრების, თანხების უკანონოდ გატანის ან მსგავსი ფინანსური საქმიანობის ფაქტი არ დაუდგენია.IDS Ukraine-ში ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი ბრალდებების გამო მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.კომპანიის თანახმად, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან IDS Ukraine-ს მუშაობა არც ერთი დღით არ შეუწყვეტია და სარაკეტო და დრონებით თავდასხმების მიუხედავად უკრაინის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას აგრძელებდა.კიბერშეტევაThe Guardian-ის ცნობით, ARMA აცხადებს, რომ IDS Ukraine-ისთვის დამოუკიდებელი მმართველის მოძებნის ერთ-ერთი მცდელობის დროს სააგენტო კიბერშეტევის სამიზნე გახდა.ამასთან, არ არსებობს მტკიცებულება, თუ ვინ იდგა კიბერშეტევის უკან და პატარკაციშვილების ოჯახი თავდასხმაში ეჭვმიტანილი არ არის.IDS Ukraine-ში ამბობენ, რომ ARMA-ს განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კიბერშეტევა შესაძლოა კომპანიას უკავშირდებოდეს.„ეს ინფორმაცია უბრალოდ მცდარია და რეალურად საერთოდ არ არის რელევანტური“, – განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა The Guardian-ს.ბადრი პატარკაციშვილი და მისი მემკვიდრეებიბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი რუსეთში გამდიდრდა და საქართველოშიც არაერთ აქტივს ფლობდა, მათ შორის ტელეკომპანია „იმედს“.2002 წელს პატარკაციშვილმა „ბორჯომი“ შეიძინა, რის შემდეგაც კომპანია გაფართოვდა, მათ შორის უკრაინის ბაზარზეც.
ბადრი პატარკაციშვილი, 2002 წლის ფოტო
2007 წელს ის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა და 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. პატარკაციშვილმა, ცესკოს მონაცემებით, ხმების 7.1% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა.ბიზნესმენი 2008 წელს, 52 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. The Guardian-ის თანახმად, მისი ქონება იმ დროისთვის დაახლოებით 6 მილიარდ ფუნტად იყო შეფასებული.მისი ქონება მეუღლეს, ინა გუდავაძეს, და შვილებს, ლიანა და ია პატარკაციშვილებს გადაეცათ.ია პატარკაციშვილმა და მისმა მეუღლემ გასულ წელს ბრიტანული მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიქციეს, რაც ლონდონში 32 მილიონ ფუნტად შეძენილი სასახლისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეძლეს. სახლის შეძენის შემდეგ გაირკვა, რომ შენობაში ჩრჩილი იყო გავრცელებული.2013 წელს პატარკაციშვილების ოჯახისგან IDS Borjomi-ს, მათ შორის IDS Ukraine-ის აქციათა საკონტროლო პაკეტი „ალფა ჯგუფმა“ შეიძინა.პატარკაციშვილების ოჯახმა საქართველოში მისი სხვა აქტივებიც გაასხვისა. მათ შორის იყო ტელეკომპანია „იმედიც“, რომელიც ჯერ ირაკლი რუხაძის, შემდეგ ბიზნესმენ ილია მიქელაიშვილის კომპანიის საკუთრება გახდა.საქართველოს მთავრობა – IDS-ის აქციონერი2022 წლის ივნისში IDS Borjomi International-ში – შესაბამისად, ჯგუფში შემავალ კომპანიებშიც – საქართველოს მთავრობას 7.73%-იანი წილი უსასყიდლოდ გადაეცა.
ეს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოხდა, როდესაც „ალფა ჯგუფთან“ დაკავშირებული რუსი ბიზნესმენების წინააღმდეგ დასავლური სანქციების დაწესებამ IDS Borjomi-ს პრობლემები შეუქმნა. „ბორჯომის“ ორივე ჩამომსხმელმა ქარხანამ 2022 წლის 29 აპრილიდან მუშაობა დროებით შეაჩერა.2022 წლის 13 ივნისს კომპანიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების მიღების შემდეგ მას 7.73%-იან წილს გადასცემდა.გარიგების შედეგად მაშინდელმა მაკონტროლებელმა აქციონერმა საკონტროლო ფუნქცია დაკარგა, მისი წარმომადგენლობა დირექტორთა საბჭოში რვიდან ორ წევრამდე შემცირდა, ხოლო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი გახდა.„ბორჯომის“ ქარხნებმა მუშაობა, კომპანიამ კი პროდუქციის გაყიდვა განაახლა. „ბორჯომის“ მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.საქართველოს მთავრობის, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, უკრაინაში კომპანია IDS Ukraine-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.



