აშშ მოკავშირეს იცვლის? არგენტინამ კვლავ მოისურვა ფოლკლენდის კუნძულების დაბრუნება

„თქვენი ქვეყანა არ დამეხმარა“. როგორ შეიძლება აშშ-ისა და ირანის ომმა დიდ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულები დააკარგვინოს.
არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ ამ დღეებში მკვეთრად გაამწვავა რიტორიკა ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულების გარშემო, რომლებსაც მისი ქვეყანა ისტორიულად თავისი ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. მილეიმ გამოაცხადა ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ ყველა იმ კომპანიისა და პირის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ ნავთობის მოპოვების ახალ მსხვილ პროექტში არქიპელაგის სანაპირო წყლებში, რომელსაც „ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის” სტატუსი აქვს. მან ასევე განაცხადა სამხრეთ ატლანტიკაში არგენტინის მსხვილი სამხედრო ბაზის მშენებლობაზე. რამდენად იყო მილეის ეს ნაბიჯი განპირობებული აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებებით?სადავო არქიპელაგის ირგვლივ ვითარების გამწვავებამ უკვე გამოიწვია ძლიერი დიპლომატიური დაძაბულობის ახალი ტალღა ბუენოს-აირესსა და ლონდონს შორის.ვაშინგტონში პოლიტიკური კურსის სავარაუდო, შესაძლო ცვლილების ფონზე, ლათინურ ამერიკაში ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის, ხავიერ მილეის აქტიურობის ზრდა გამოიყურება როგორც არგენტინის აშკარა მცდელობა, გამოიყენოს ხელსაყრელი მომენტი 1982 წლის ომის შედეგების გადასახედად.საგანგებო სატელევიზიო მიმართვაში მილეიმ განაცხადა, რომ გეოპოლიტიკური „ცვლილებების ქარი“ ახლა არგენტინის სასარგებლოდ უბერავს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის ტრადიციული ნეიტრალიტეტი ფოლკლენდის კუნძულების კუთვნილების საკითხში და ვაშინგტონის მხრიდან დიდი ბრიტანეთის საერთო სტრატეგიული მხარდაჭერის გაგრძელების წინააღმდეგ გამოვიდა. მან ეს პირდაპირ დაუკავშირა ლონდონის უარს ირანში ამერიკული სამხედრო კამპანიის მხარდაჭერაზე.
არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი
შელფის სიღრმეში ნავთობის აღმოჩენადაძაბულობის მთავარ გამომწვევად იქცა ნავთობის დიდი საბადო, რომელიც კუნძულებიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 220 კილომეტრში მდებარეობს ზღვის სიღრმეში. არსებული შეფასებებით, ის შეიცავს დაახლოებით 1,7 მილიარდ ბარელ ნავთობს, ასევე ბუნებრივი გაზის დიდ მარაგებს. პროექტს, რომელსაც Sea Lion-ი ეწოდება, ამჟამად ბრიტანული კომპანია Rockhopper Exploration-ი და ისრაელის Navitas Petroleum-ი ავითარებენ, ხოლო მოპოვების დაწყება 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ახლომდებარე შელფზე ნავთობისა და გაზის კომერციული მოპოვების დაწყებას შეუძლია ფოლკლენდის კუნძულები ლონდონისგან ეკონომიკურად სრულიად დამოუკიდებელი გახადოს და არქიპელაგი ენერგორესურსების მსხვილ ექსპორტიორად გარდაქმნას. არგენტინისთვის, რომელმაც მძიმე დრო გამოიარა, ეს ყველაფერი ნიშნავს უზარმაზარი რესურსების დაკარგვას უშუალოდ მის ნაპირებთან.მილეიმ განაცხადა, რომ არგენტინა იწყებს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს ყველა იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც ჩართული არიან ამ პროექტში, ასევე მათი მომწოდებლების, დირექტორებისა და აქციონერების წინააღმდეგ. არგენტინის პრეზიდენტმა სულ 45 იურიდიული და ფიზიკური პირის წინააღმდეგ გააკეთა სამართლებრივი დევნისა და სანქციების განაცხადი.
მალვინის კუნძულები არგენტინაა! ასეთი აბრებს მთელ არგენტინაში ნახავთ.
სამხედრო გეგმები მკაცრი ეკონომიის ფონზეხავიერ მილეიმ Sea Lion-ის პროექტს „ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი და დაუყოვნებლივი საფრთხე“ უწოდა და დასძინა, რომ „ჩვენი ღარიბი ქვეყანა ღირსეული შეიარაღებული ძალების გარეშე ძნელად თუ შეძლებს სუვერენიტეტზე თავისი უფლებების ეფექტიანად დაცვას“. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ იგი შიდა ეკონომიის უმკაცრეს პოლიტიკას ატარებს, იურიდიული და ეკონომიკური სანქციების გარდა, გამოაცხადა დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე ახალი მსხვილი სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობისთვის არგენტინის უკიდურესი სამხრეთის პროვინცია „ცეცხლოვან მიწაში”.აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად არგენტინაში ამ პროვინციას სრულად ეწოდება „ცეცხლოვანი მიწა, ანტარქტიდა და სამხრეთ ატლანტიკის კუნძულები“, რაც სრულად ასახავს ბუენოს-აირესის ყველა ისტორიულ ტერიტორიულ პრეტენზიას. ოფიციალურად იგი შედგება ამავე სახელწოდების ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგის აღმოსავლეთ ნაწილისგან, ე.წ. არგენტინული ანტარქტიკისგან და კიდევ კუნძულების რამდენიმე ჯგუფისგან (მალვინის (ფოლკლენდის) და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები, ასევე სამხრეთი ჯორჯია) ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში. თუმცა, ფაქტობრივად, არგენტინა მხოლოდ პირველ ნაწილს მართავს, მაშინ როდესაც მეორე 1961 წლის საერთაშორისო ხელშეკრულების, „ანტარქტიკის ხელშეკრულების“ თანახმად, ნეიტრალურ ტერიტორიად იქცა, ხოლო მესამე მთლიანად დიდი ბრიტანეთის ხელშია.არჩევნებში გამარჯვებისა და 2023 წლის დეკემბერში ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან, ხავიერ მილეი არგენტინაში ატარებს რადიკალურ და მტკივნეულ რეფორმებს, „შოკურ თერაპიას“, რომელიც იწვევს მუდმივ მასობრივ პროტესტებსა და სოციალურ დაძაბულობას. თუმცა ამასთანავე, მალვინის (ფოლკლენდის) კუნძულების დაბრუნების თემა არის ერთადერთი იდეა, რომელიც უპირობოდ აერთიანებს ყველა არგენტინელს, როგორც მემარჯვენეებს, ისე – მემარცხენეებს.
ხავიერ მილეის მკაცრი რეფორმების პოლიტიკის მიმართ მოწყობილი ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი, მასობრივი საპროტესტო აქცია, რომელიც, პირველ რიგში, არგენტინის ბიუჯეტში სოციალური ხარჯების შემცირების წინააღმდეგ არის მიმართული. ბუენოს-აირესი, 2026 წლის მარტი
პატრიოტულ დღის წესრიგზე გადასვლით და შესაბამისი სატელევიზიო მიმართვით, მილეიმ, ბოლო გამოკითხვების თანახმად, შეძლო კვლავ მოეხდინა საზოგადოების კონსოლიდაცია თავის ირგვლივ და დროებით გადაეტანა ყურადღება მრავალრიცხოვანი შიდა პრობლემებისგან.დონალდ ტრამპის ფაქტორიისტორიულად, აშშ-ს ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულების კუთვნილების საკითხში წონასწორობა ეჭირა: ცნობდა დიდი ბრიტანეთის ფაქტობრივ მმართველობას, თუმცა ფორმალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდებდა.თუმცა ბოლო დროის გლობალური მსოფლიო ცვლილებები ბრიტანულ-არგენტინულ ისტორიულ კონფლიქტზეც აისახა. ხავიერ მილეი მუდმივად თავს წარმოადგენს დონალდ ტრამპის მთავარ მოკავშირედ ლათინურ ამერიკაში. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ახლა ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის ნეიტრალიტეტის ტრადიციული დოქტრინა და მიანიშნა არგენტინის არგუმენტების შესაძლო მხარდაჭერაზე.
დიდი ბრიტანეთისა და არგენტინის კონფლიქტის ისტორიული ფესვები
დავა ფოლკლენდის (არგენტინულ ტრადიციაში – მალვინის) კუნძულების გამო თითქმის ორ საუკუნეა გრძელდება. იგი შეიძლება სამ საკვანძო ეტაპად დაიყოს:კოლონიური პერიოდი და მიტაცება (XVIII–XIX სს.)კუნძულებს სხვადასხვა დროს ითვისებდნენ საფრანგეთი, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არგენტინამ, როგორც ესპანეთის გვირგვინის სამართალმემკვიდრემ, 1820 წელს არქიპელაგზე თავისი უფლებების შესახებ განაცხადა და იქ დასახლება დააარსა. თუმცა 1833 წელს დიდმა ბრიტანეთმა ძალის გამოყენებით დაამყარა კონტროლი კუნძულებზე და გააძევა არგენტინული ადმინისტრაცია. მას შემდეგ ლონდონი არქიპელაგს თავის „ზღვისიქითა ტერიტორიად” მიიჩნევს.
ფოლკლენდის კუნძულები
ფოლკლენდის ომი (1982 წელი)1982 წლის აპრილში არგენტინის სამხედრო ხუნტამ ლეოპოლდო გალტიერის ხელმძღვანელობით, ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანის მცდელობით, კუნძულებზე სამხედრო დესანტი გადასხა, რასაც დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მარგარეტ ტეტჩერმა, მკაცრად უპასუხა და სამხრეთ ამერიკის ნაპირებისკენ ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ძლიერი დაჯგუფება გააგზავნა. ფოლკლენდის ომი 74 დღეს გაგრძელდა და არგენტინის სრული მარცხით დასრულდა. კონფლიქტმა დაახლოებით 650 არგენტინელი და 255 ბრიტანელი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა. მარცხმა ბუენოს-აირესში სამხედრო დიქტატურის დაცემა გამოიწვია, ხოლო კუნძულებზე სტატუს-კვო განმტკიცდა.2013 წლის რეფერენდუმიმკვიდრი ფოლკლენდელები საკუთარ თავს უფრო ხშირად უბრალოდ „კუნძულელებს“ უწოდებენ, თუმცა საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, მათ მყარად შერჩათ მეტსახელი „კელპერსი“ (ინგლისური kelp-იდან — ასე ჰქვია გიგანტურ ყავისფერ წყალმცენარეებს, რომლებიც უზარმაზარი რაოდენობით იზრდება არქიპელაგის ირგვლივ სანაპირო წყლებში). თავდაპირველად მეტსახელი დამცინავად ითვლებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ფოლკლენდელები მის, როგორც საკუთარი უნიკალური კუნძულოვანი იდენტობის სიმბოლოს, მიმართ სიამაყით განეწყვნენ.სოციოკულტურულად ფოლკლენდელთა აბსოლუტური უმრავლესობა ბრიტანელია – თუმცა დღესდღეობით კუნძულებზე ცხოვრობს სხვა ეროვნებების მრავალი წარმომადგენელიც, ფილიპინელებიდან დაწყებული, ჩილელებით დამთავრებული.
არქიპელაგის დედაქალაქი პორტ-სტენლი დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსის შენარჩუნების შესახებ რეფერენდუმზე კენჭისყრის დროს. 2013 წლის 10 მარტი
2013 წელს არქიპელაგზე საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით ჩატარდა საგანგებო რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩეველთა 99,8 პროცენტმა ხმა მისცა დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსის შენარჩუნებას. თუმცა არგენტინამ კენჭისყრის შედეგები არ ცნო და ეს იმით ახსნა, რომ კუნძულების მოსახლეობა ბრიტანელების მიერ იყო „ჩასახლებული“ 1833 წლის შემდეგ.კუნძულებზე განთავსებულია ბრიტანეთის ორი სამხედრო ბაზა: სამხედრო-საჰაერო ბაზა „მაუნტ-პლეზანტი“ და სამხედრო-საზღვაო ბაზა „მარ-ჰარბორი“ – გაერთიანებული სამეფოს მუდმივი სამხედრო კონტინგენტით. გარდა ამისა, არქიპელაგზე არსებობს ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შემდგარი გასამხედროებული სახალხო ლაშქრობის დანაყოფი – Falkland Islands Defence Force.
მას შემდეგ, რაც თებერვალში აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოხატა მკვეთრი უკმაყოფილება იმის გამო, რომ ნატოელი მოკავშირეები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, მას მხარში არ დაუდგნენ. მედიაში გაჟონილ პენტაგონის ელექტრონულ წერილში, რომლის შინაარსიც BBC-მ, სააგენტო Reuters-მა და გაზეთმა The New York Times-მა გაავრცელეს, გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით აშშ-ის ადრინდელ პოზიციაზე უარის თქმა შესაძლოა გამხდარიყო დიდი ბრიტანეთის „დასჯის“ საშუალება ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებული პოზიციის გამო.
არგენტინის ნაკრების მოთამაშეებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ინგლისთან გამარჯვების შემდეგ უკავიათ პლაკატი წარწერით: „მალვინის (ფოლკლენდის) კუნძულები არგენტინას ეკუთვნის“. 2026 წლის 15 ივლისი. ატლანტა, აშშ
რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ გადასინჯავს აშშ-ის შეხედულებას ფოლკლენდის კუნძულების პრობლემაზე. ხოლო ბრიტანულ ტელეარხ GB News-თან ინტერვიუში, რომელიც ეთერში 3 სექტემბერს გადაიცა, მან თავი აარიდა პირდაპირ პასუხს შეკითხვაზე, დაეხმარება თუ არა აშშ დიდ ბრიტანეთს, თუ არგენტინა განაცხადებს თავის უფლებებზე ფოლკლენდზე და რაიმე სამხედრო აქციას მოაწყობს.სანაცვლოდ, მან საუბარი ირანთან ომის თემაზე გადაიტანა. „თქვენი ქვეყანა არ დამეხმარა”, – უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიტანელ ტელეწამყვანს საუბარში.ამის შემდეგ რამდენიმე საათში ხავიერ მილეიმ თავის მედიას განუცხადა: „აშშ-მა იცის, რომ არგენტინა მისი ყველაზე საიმედო პარტნიორია, რომელსაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია და შეუძლია გახდეს ღირებული მოკავშირე მომავალ ათწლეულებში“. არგენტინის პრეზიდენტმა ტრამპის სიტყვები შეაფასა, როგორც იმის ნიშანი, რომ მისი მჭიდრო ალიანსი ვაშინგტონთან და „დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულება“ ბუენოს-აირესისთვის გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანია.დასაშვებია, რომ „შესაძლებლობების ფანჯრის“ შეგრძნებით ხავიერ მილეი, აშშ-ის პრეზიდენტთან პირადი მეგობრობის გამოყენებით, ცდილობს დიდ ბრიტანეთს წაართვას მისი მთავარი სტრატეგიული ზურგი საერთაშორისო ასპარეზზე. თუ აშშ თუნდაც ნაწილობრივ ცნობს არგენტინის პრეტენზიებს, ეს სრულად შეცვლის გეოპოლიტიკურ გარემოს სამხრეთ ატლანტიკაში.
სასაფლაო ფოლკლენდის კუნძულებზე, სადაც დაკრძალულნი არიან 1982 წლის ფოლკლენდის ომის დროს დაღუპული არგენტინელი სამხედრო მოსამსახურეები.
დიდი ბრიტანეთისა და ინვესტორების რეაქციაოფიციალურმა ლონდონმა არგენტინის პრეზიდენტის ყველა განცხადებას უპასუხა, რომ მისი სუვერენიტეტი ფოლკლენდის კუნძულებზე „განხილვას არ ექვემდებარება“, ხოლო დიდი ბრიტანეთის პოზიცია რჩება „უტეხი და ურყევი“.ბრიტანეთის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ არქიპელაგის მცხოვრებლებმა 2013 წლის რეფერენდუმზე თითქმის ერთსულოვნად მისცეს ხმა ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიად დარჩენას და აქვთ სრული უფლება, თავად განკარგონ საკუთარი ბუნებრივი რესურსები. დაუნინგ-სტრიტმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხავიერ მილეის მთელი უკანასკნელი ომახიანი რიტორიკა ასევე შეაფასეს, როგორც „არგენტინის შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინება“.თავად Sea Lion-ის პროექტის ორგანიზატორმა კომპანიებმა, Rockhopper-მა და Navitas-მა, აღნიშნეს, რომ ფლობენ ყველა კანონიერ ლიცენზიას და ეს მუქარები გავლენას ვერ მოახდენს პროექტის განხორციელების განრიგზე.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი თავის ქმართან, დენისთან ერთად (ფოტოზე მარცხნივ) ათვალიერებს არქიპელაგის დედაქალაქ პორტ-სტენლის, ფოლკლენდის კუნძულებზე ხუთდღიანი ვიზიტის დროს.
დიპლომატიური პარადოქსი ისრაელისთვისძალიან რთული ვითარება შექმნა ფაქტმა, რომ ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებზე ნავთობგაზის ახალი პროექტის მთავარი მონაწილე 65-პროცენტიანი წილით ისრაელის კომპანია Navitas-ია.თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ხავიერ მილეი თავს მუდმივად წარმოადგენდა, როგორც ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე უტეხი მხარდამჭერი ლათინურ ამერიკაში.2026 წლიდან არსებობს ე.წ. ისააკის შეთანხმებებიც – საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც არგენტინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა წამოაყენა აშშ-ის მხარდაჭერით ისრაელსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირების სტრატეგიული გამტკიცებისთვის. მათი დასახელება და კონცეფცია შთაგონებული იყო ახლო აღმოსავლეთის ცნობილი „აბრაამის შეთანხმებებით“, თუმცა ამ პროგრამის ფოკუსი დასავლეთ ნახევარსფეროზეა გადატანილი.მილეის ინიციატივა მიზნად ისახავდა რეგიონის სხვა ქვეყნების (კოლუმბიის, ჩილეს ან ბოლივიის) მემარცხენე მთავრობების მხრიდან გასულ წლებში ისრაელთან ურთიერთობების გაცივების კომპენსირებას და ლათინური ამერიკის გადაყვანას „იუდეურ-ქრისტიანული ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიის“ მხარეს. პროგრამამ თავდაპირველად გააერთიანა ისრაელი, არგენტინა, ურუგვაი, პანამა და კოსტა-რიკა. ახლა კი, მათი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან ერთად, შეთანხმებებში სხვა სახელმწიფოების, მათ შორის ბრაზილიის, სალვადორისა და იმავე კოლუმბიისა და ჩილეს აქტიურად ჩართვა იგეგმება. ამ ინიციატივის გამო, ისრაელი, ასე ჩანდა, უკვე გახდა ხავიერ მილეის ადმინისტრაციის საკვანძო გეოპოლიტიკური და ტექნოლოგიური მოკავშირე.
„მალვინის მემორიალი“ ბუენოს-აირესში
ახლა კი, მილეის შესაბამისი ბრძანებულებებისა და ტელემიმართვის შემდეგ, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა სასწრაფოდ განეცხადებინა, რომ მალვინის (ფოლკლენდის) კუნძულების გარშემო კონფლიქტის ამჟამინდელი გამწვავება მხოლოდ „ცალკეული კომერციული დავაა“, რომელიც „ოდნავადაც არ დააზიანებს“ არგენტინასა და ისრაელს შორის ურთიერთობებს. ისრაელის მთავრობას ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულების გარშემო სიტუაციის გამწვავებაზე ოფიციალური რეაგირება ჯერ არ მოუხდენია.