„არც წამლის ფული გვაქვს, არც ქირის“- შშმ ბავშვის დედა დახმარებას ითხოვს

„ჩემი მეუღლის ბიულენთ ბაქირელის საქართველოდან გაძევების შემდეგ, მე და ჩემი 7 წლის ალექსი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

დავრჩით შემოსავლის გარეშე. აღარ გვაქვს საკვების, წამლის, ქირის ფული. იცით, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს განსაკუთრებული კვება სჭირდებათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები რომ არ შეექმნათ.

ალექსის ძილის პრობლემებიც აქვს და ყოველდღიურად ვაძლევ „ვალოდორმის“ წვეთებს, რომ დაიძინოს. ისე ვერ იძინებს. კვირაში ერთხელ უნდა შევიძინო ეს წამალი, რაც 31 ლარი ღირს.

საკუთარი ბინა არ გვაქვს, ქირაში 600 ლარს იხდიდა ჩემი მეუღლე. ბინის მეპატრონემ გამიწია შეღავათი და 500 ლარზე ჩამომიყვანა ქირა. 12 სექტემბერს მიწევს ბინის ქირის გადახდა და ფული არ მაქვს. ხან ვის ვთხოვ 10-15 ლარს და ხან ვის. დავიღალე ძალიან. მოგვაქციოს ხელისუფლებამ ყურადღება, ნუ დატოვებენ ჩემ შვილს უმამოდ“, – ამბობს სოფო ასამბაძე-ბაქირელი.

სოფოს შესახებ „ბათუმელებმა“ 25 აგვისტოს გამოაქვეყნა მასალა, სადაც სოფო გვიყვებოდა, როგორ დარჩა მარტო აუტისტური სპექტრის მქონე შვილთან ერთად, მისი მეუღლის გაძევების შემდეგ.

იქიდან მოყოლებული, სოფო ბაქირელი ცდილობს ხმა მიაწვდინოს საემიგრაციო სამსახურს, კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ჯერჯერობით, ვერსაიდან იღებს პასუხს.

მეუღლის გაძევების შემდეგ კი სოფოს და ალექსის ფინანსურადაც გაუჭირდათ.

„ჩემი მეუღლეც ვერ მეხმარება, რადგან ისიც მძიმე მდგომარეობაშია. საზღვართან ახლოს, მეჩეთს აფარებს თავს, სამუშაო არ აქვს და, ბუნებრივია, ჯერ ვერ გვეხმარება ფინანსურად. აქ რესტორანში მუშაობდა და ისე გვარჩენდა.

მე ვერ შევძლებ მუშაობას, რადგან ალექსის აუტიზმი აქვს და იცით, რომ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. მუდმივად მასთან ვარ. გესმით ხომ, ახლაც ტირის. არ ვიცი რა გზას დავადგე“, – ამბობს სოფო.

ის ამბობს, რომ საემიგრაციო სამსახურში განცხადება დაწერა და ითხოვს მეუღლის ქვეყანაში შემოშვებას.

„ეს ალექსისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მამასთან დაშორებას ძალიან განიცდის – სულ ეძებს, ტირის, ნერვიულობს. მიჩვეული იყო მამაზე და ახლა ძალიან უჭირს“, – ამბობს სოფო.