TSQ-ის „საინვესტიციო პლატფორმის“ საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

ე.წ. „საინვესტიციო პლატფორმა“ TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.

საუბარია სქემაზე, რომელშიც, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ათასობით მოქალაქეა ჩართული. მათ მიერ „ინვესტირებული“ თანხა შესაძლოა ათეულობით მილიონ დოლარს აჭარბებდეს. სპეციალისტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს „კლასიკური ფინანსური პირამიდაა“.

აგვისტოს ბოლოდან სისტემიდან ინვესტირებული თანხების გატანა შეზღუდული იყო და 4 სექტემბრის შემდეგ უნდა განახლებულიყო. მომხმარებელთა ნაწილი თანხების გატანასთან დაკავშირებულ შეფერხებაზე წერს 5 სექტემბერსაც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.

კოდექსის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ან სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჯგუფურად ან არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

„ფინანსურ პოლიციაში“ დეტალებზე არ საუბრობენ, მათ შორის, გამოვლენილი ან დაკითხული არიან თუ არა „პლატფორმის“ ორგანიზატორები.

სამსახური ადასტურებს, რომ გამოძიება საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ეროვნულ ბანკში თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. უწყების ცნობით, ბანკის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის გაგზავნილი კორესპონდენცია შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ კონფიდენციალურია.

სებ-მა მოქალაქეები საეჭვო ფინანსური სქემის შესახებ პირველად 31 ივლისს გააფრთხილა.

„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა ბიზნესის განვითარება, არამედ ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა“, – აცხადებდა ეროვნული ბანკი.

26 აგვისტოს სებ-მა ვიდეომიმართვაც გაავრცელა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, თანხის დაბანდებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და გადახდისუნარიანობის შესახებ და შეაფასონ თანხის დაკარგვის რისკი.

ვრცლად