როდესაც მცირე არ ნიშნავს უსუსურს – გენერალ ვახტანგ კაპანაძის წერილი

სტატია ქვეყნდება პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებთან ტაბულას შეთავაზების ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო დისკუსიის ხარისხის გაუმჯობესებას. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს აქვთ ულიმიტო შესაძლებლობა, წამოჭრან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები. რედაქცია შეიძლება, არ იზიარებდეს ავტორის გამოთქმულ მოსაზრებებს

“კარგი საზღვაო ძალები არ პროვოცირებს ომს. ის არის მშვიდობის საიმედო გარანტი“ – აშშ-ს პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი.

სანამ უშუალოდ პრობლემის განხილვაზე გადავიდოდეთ, რამდენიმე საყურადღებო ინფორმაცია განსჯისთვის:

მონღოლეთს (მოსახლეობა – 3 მლნ), რომელიც არის ჩაკეტილი სახმელეთო სახელმწიფო და არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი, გააჩნია ფლოტილია ხოვსგოლის ტბაზე ოპერირებისთვის, რომელიც შედგება ერთი ბუქსირისა და 7 მეზღვაურისგან;
ესტონეთის (მოსახლეობა – 1.37 მლნ.) საზღვაო ძალები შედგება 6 ხომალდისგან: 1 ნაღმძებნი, 1 მტრალავი (გამნაღმელი), 4 საპატრულო ხომალდი; პირადი შემადგენლობა 500 მეზღვაურამდე. ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული სანაპირო ძალების შემადგენლობაში არსებული მცურავი საშუალებები.
დე-ფაქტო აფხაზეთის (მოსახლეობა – 102 ათასი) სამხედრო-საზღვაო ძალები: 1 საბრძოლო ხომალდი, რამოდენიმე ათეული “გრიფის“, “ნევკას“ “სტრიჟის“ საბრძოლო კატარღა, სპეციალური დანიშნულების რაზმები: “ღამის ანგელოზები“, “საბრძოლო მყვინთავები“; პირადი შემადგენლობა – 600 სამხედრო მოსამსახურე
საქართველო (მოსახლეობა ოთხ მილიონამდე, საზღვაო საზღვარი 315 კმ.) – აღარ ჰყავს საზღვაო ძალები. გააჩნია მხოლოდ შსს-ში შემავალი სანაპირო დაცვა, საპატრულო მცურავი საშუალებების შემადგენლობით.
და სია შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაგრძელდეს. ეს მაგალითები აჩვენებს, რომ თუკი ქვეყანა მიიჩნევს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვისთვის სამხედრო-საზღვაო კომპონენტის აუცილებლობას, ის მას ჰქმნის და კიდევაც ნახულობს საშუალებას მისი ფუნქციონირებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარკვეულწილად ამბიციურად მოგეჩვენოთ საზღვაო ძალების აღორძინების პროგრამის შემუშავების მცდელობა საქართველოსთვის, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ლანდშაფტური თავისებურებებითა და ეკონომიკური შესაძლებლობებით, პრობლემა ისეთი რთული არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მცირე ერების საჭიროებებისთვის შესაფერისი საზღვაო ძალების ზოგადი მოთხოვნები იმდენად მსგავსია, რომ ანალოგიების მცირე ანალიზის საფუძველზე მათი დადგენა საკმაოდ მარტივად შეიძლება. ასეთი საზღვაო ძალებისთვის აუცილებელია შემდეგი მახასიათებლები:

მას უნდა შეეძლოს საზღვაო თავდაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფა მინიმალური დანახარჯებით, რათა არ დააზიანოს ქვეყნის შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები.
იყოს იაფი შენახვის თვალსაზრისით, რათა მცირე თავდაცვის ბიუჯეტი საკმარისი იყოს მისი შესანარჩუნებლად.
არ საჭიროებდეს ძალიან დიდ პერსონალს.
დააკმაყოფილოს ქვეყნის საზღვაო მიმართულებიდან მომდინარე საფრთხეზე ადექვატური რეაგირებისა და თავდაცვის საერთო გეგმაში გაწერილი ამოცანების შესრულების საჭიროებები.
უზრუნველყოს ტერიტორიული წყლების, წყალქვეშა და წყალზედა კომუნიკაციების, თევზჭერის, ვაჭრობის და ა.შ. უსაფრთხოება.
შეინარჩუნოს ეროვნული პრესტიჟი და განახორციელოს დროშის დემონსტრირება უცხოურ პორტებში.
მოამზადოს საზღვაო ოფიცრები და მეზღვაურები.
გააჩნდეს შესაბამისი საბრძოლო შესაძლებლობები, რათა შეძლოს მოკავშირეთა საზღვაო ფლოტებთან ურთიერთქმედება, ერთობლივ სწავლებებსა და მისიებში მონაწილეობა.
საქართველოსთვის პოლიტიკურად უპრიანი იქნება არა სამხედრო-საზღვაო ძალების, არამედ საზღვაო თავდაცვის ძალების შექმნა-აღდგენაზე დისკუსიის გამართვა ამ მოცემულ მომენტში, რათა მომზადებული დავხვდეთ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ტურბულენტობის არაპროგნოზირებად შედეგებს. ამ პროცესს გააჩნია მრავალწახნაგოვანი შემადგენელი და მოიცავს ქვეყნის გეოგრაფიული მახასიათებლების შეფასებას, საზღვაო საფრთხის შეფასებას, საზღვაო ძალების კომპოზიციის შემუშავებას, სამხედრო-საზღვაო განათლების პროგრამირებას, პროექტის ბიუჯეტირებას, მოკავშირეებისა და ალიანსების განსაზღვრას, საზღვაო სამართლის საკანონმდებლო დოკუმენტებთან შეჯერებას, საზღვაო თავდაცვის დოქტრინის შემუშავებას, ინფრასტრუქტურულ და ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, საზოგადოებრივ მხარდაჭერას და სხვა მსხვილ და მცირე საქმიანობას. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ჯერ კიდევ დარჩენილი სამხედრო-საზღვაო განათლების და გამოცდილების მქონე პირების მოძიება, მეგობარი ქვეყნების შესაბამისი სპეციალისტების მოზიდვა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ეგიდით სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება.

მცირე ზომის სახელმწიფოთა სამხედრო-საზღვაო ძალების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე, შესაძლებელია ზოგადად განისაზღვროს საქართველოსთვის მისაღები ე.წ. „მწვანე წყლის“ მცურავი საშუალებების შემადგენლობა, რომელიც სავარაუდოდ უნდა შედგებოდეს საფლაგმანო კორვეტისგან (მცირე ზომის, სწრაფმავალი, მრავალფუნქციური ხომალდისგან), მრავალფუნქციური მტრალავისგან (რომელსაც განაღმვის გარდა, შეეძლება დანაღმვითი ქმედებების განხორციელებაც), რამოდენიმე სწრაფმავალი სარაკეტო კატარღისა და ლოგისტიკურად მხარდამჭერი მცურავი საშუალებებისგან. მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეთმოს საზღვაო უპილოტო მცურავი საშუალებების განვითარებას, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს სანაპირო დაცვის დანაყოფებად. აქვე უნდა ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ „მწვანე წყლის“ ფლოტი არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია მხოლოდ შავ ზღვაში ცურვა. ეს ტერმინი გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ მას სხვა წყლებში ცურვისთვის სჭირდება დამატებითი ლოგისტიკური უზრუნველყოფა.

შავ ზღვაზე რუსეთ – უკრაინის საომარი მოქმედებების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ქართული საზღვაო თავდაცვითი ძალების მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა გახდეს უპილოტო მცურავი სისტემები, რომლებიც შეზღუდეული რესურსების პირობებში წარმოადგენენ „ფასი – ეფექტიანობის“ შეუცვლელ შემადგენელს. აღნიშნული შესძენს მცირე ზომის საზღვაო თავდაცვის საშუალებებს ასიმეტრიული შეკავების მნიშვნელოვან უნარს. ამ კომპონენტის მთავარი უპირატესობებია: დაბალი ფასი, საბრძოლო ხომალდთან შედარებით, მრავალფუნქციურობა – მას შეუძლია შეასრულოს საბრძოლო და ტექნიკური ამოცანების ფართო სპექტრი როგორც წყლის ზედაპირზე აკვატორიების მონიტორინგი, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება, დარტყმითი და უსაფრთხოების ამოცანები, ასევე წყალქვეშა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ( კაბელები, მილსადენები) კონტროლი. ფაქტიურად, უპილოტო მცურავი საშუალებები შესაძლებელია განხილულ იქნას საზღვაო ასიმეტრიული თავდაცვის უმნიშვნელოვანეს შემადგენლად, რაც ასევე გულისხმობს ძლიერ შემაკავებელ ეფექტს მოწინააღმდეგისთვის. აქვე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ უპილოტო მცურავი საშუალებები უნდა წარმოადგენდნენ საზღვაო თავდაცვის შემადგენელ და არა ჩამნაცვლებელ ნაწილს. საქართველოს დღევანდელი მოცემულობით არ შეუძლია საბრძოლო ხომალდის მშენებლობა, თუმცა უპილოტო მცურავი საშუალების წარმოების შესაძლებლობა, გარკვეული პირობების შექმნის შემდეგ, სავსებით შესაძლებელია.

ჩამოთვლილი საბრძოლო პლატფორმები საშუალებას მისცემენ ქვეყნის თავდაცვის ძალებს მიიღოს დროული სადაზვერვო ინფორმაცია საზღვაო მიმართულებიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მოახერხონ მოწინააღმდეგის სადაზვერვო-დივერსიულ ძალებთან წარმატებული ბრძოლა, დანაღმონ – განაღმონ საზღვაო მიმართულების მისადგომები, აღმოუჩინონ მხარდაჭერა სანაპირო მიმართულებაზე მოქმედ სახმელეთო და საჰაერო დანაყოფებს. მშვიდობიან პერიოდში განახორციელონ სამაშველო ოპერაციები, მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო სწავლებებში და რაც მთავარია, განახორციელონ კომუნიკაციის საზღვაო ხაზების ეფექტიანი კონტროლი, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური პროექტების განხორციელების უსაფრთხოებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ სანაპირო დაცვას დარჩება თავისი ფუნქციები, რომელთა შესრულებაც გაცილებით გაუადვილდება მხარდამჭერი ძალის არსებობის პირობებში, ხოლო მათი ურთიერთქმედება გაცილებით ეფექტიანი და პროდუქტიული გახდება.

90-იანი წლების ეკონომიკურად რთულ პერიოდში, როდესაც “სიმბოლური“ თავდაცვის ბიუჯეტის პირობებში საქართველოს შეიარაღებული ძალები, მართლაც რომ „ბოტასიანი ჯარი“ იყო, ქვეყანა ახერხებდა შეენახა საზღვაო ძალები 19 საბრძოლო მცურავი საშუალებით და 600-მდე პირადი შემადგენლობით, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ რეგიონში მიმდინარე სამხედრო სწავლებებში, ზრდიდნენ ღირსეულ კადრებს და ახდენდნენ ქართული დროშის დემონსტრირებას შავი ზღვის აუზის სხვადასხვა სახელმწიფოს წყლებში. ის ფაქტი, რომ 2008 წელს რუსეთ – საქართველოს ომში ქართულმა საზღვაო ძალებმა ვერ აჩვენა ადექვატური ეფექტიანობა, იყო სხვადასხვა პოლიტიკური, სამხედრო და სამხედრო – საზღვაო ხელმძღვანელის უუნარობის შედეგი და არ წარმოადგენდა საზღვაო ძალების გაუქმების საჭიროებას. დღეს ჩვენ ამ ტრაგიკული შეცდომის გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ და ვეცადოთ დავიბრუნოთ საზღვაო სახელმწიფოს კუთვნილი ადგილი შავი ზღვის ქვეყნებს შორის.

საქართველოს ეს სჭირდება, ჩვენ ეს შეგვიძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი „ქართულ ოცნებას“ – შეწყვიტეთ მოქალაქეების მოტყუება! აიღეთ პასუხისმგებლობა ერთწლიან ტყუილებზე, რომელმაც გააღარიბა ქართველი ხალხი და გააუქმეთ საწვავზე აქციზის გადასახადი დროებით!