საქართველოს ელჩი ბელარუსის სანქცირებულ გენპროკურორს შეხვდა

საქართველოს ელჩი ბელარუსში გიორგი საგანელიძე ქვეყნის გენერალურ პროკურორს, დმიტრი გორას შეხვდა, რომელიც ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, შვეიცარიის, იაპონიისა და უკრაინის სანქციების ქვეშაა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.

უწყების ცნობით, საუბარი „სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობას“ შეეხო.

„გორამ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთსამართლებრივი დახმარების, სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად საქმეების გადაცემისა და დანაშაულის ჩამდენ პირთა ექსტრადირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

უწყების ცნობითვე, „შეხვედრის შედეგად მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ყოველმხრივ გააძლიერონ თანამშრომლობა ორივე სახელმწიფოს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით“.

შეხვედრის შესახებ საქართველოს საელჩოს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

დმიტრი გორა 1970 წელს თბილისში დაიბადა. 1993 წლიდან ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2019-2021 წლებში გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, შემდეგ კი საგამოძიებო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 2025 წლის 23 დეკემბერს გორა ბელარუსის გენერალურ პროკურორად დაინიშნა.

გორა ევროკავშირის, აშშ-ისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშაა. მას 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ რეპრესიებში, ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

გორას 2025 წლის სექტემბერში, ჩინეთში, გეკა გელაძე შეხვდა. გორა მაშინ საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ვრცლად