იემენში ჰუთებსა და სამთავრობო ძალებს შორის სისხლიანი შეტაკებები მოხდა

იემენის მთავრობის არმიამ და ჰუთის მიმდევარმა მეამბოხეებმა, რომლებსაც ქვეყნის ნაწილი აქვთ დაკავებული, 2 სექტემბერს სისხლისმღვრელი ბრძოლები გამართეს. სამხედრო წყარომ ჰუთები სტრატეგიული ბაბ-ელ-მანდების სრუტისკენ გაჭრის მცდელობაში დაადანაშაულა.

იემენის ორმა სამხედრო წყარომ განაცხადა, რომ სამთავრობო ძალების 13 მებრძოლი დაიღუპა. ერთ-ერთმა მათგანმა დასძინა, რომ მსხვერპლს შორის ორი ოფიცერი იყო. ჰუთებთან დაახლოებულმა სამხედრო წყარომ განაცხადა, რომ სულ მცირე 11 ამბოხებული დაიღუპა.

ათ წელზე მეტი ხნის სამოქალაქო კონფლიქტში გახვეული იემენი ივლისში ახლო აღმოსავლეთის ომში ჩაერთო. ჰუთებმა, რომლებსაც ირანი უმაგრებს ზურგს, დაირღვეს 2022 წლის ზავი მთავრობასთან, რომელსაც საუდის არაბეთი უჭერს მხარს.

ჰუთებმა წითელი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, ფრონტის ხაზების გასწვრივ, ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს „ბაბ-ელ-მანდებისკენ და სამთავრობო ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიებისკენ დაწინაურების“ მიზნით, განუცხადა AFP-ს იემენის სამხედრო წყარომ.

ირანის მიერ ჰორმუზის ჩაკეტვის ფონზე, ბაბ-ელ-მანდების ვიწრო ყელმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, როგორც საუდის არაბეთის ნავთობის ტრანზიტულმა მარშრუტმა.

ეს ვიწრო საზღვაო გზა წითელ ზღვას — და, სუეცის არხის გავლით, ხმელთაშუა ზღვას — ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს.

იემენის მთავრობის მეორე სამხედრო წყარომ განაცხადა, რომ ჯგუფი ცდილობს ალყაში მოაქციოს წითელ ზღვაზე მდებარე ნავსადგური მოხა, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ გახდა თავდასხმის სამიზნე, იმ გზის გადაჭრით, რომელიც მას უფრო ღრმად ხმელეთზე მდებარე ტაიზთან აკავშირებს.

დაღუპულთა უმეტესობა მოხასა და ტაიზს შორის არსებულ ფრონტის ხაზებზე მოდის, ხოლო დანარჩენები წითელი ზღვის სანაპიროსთან მომხდარი შეტაკებებისას დაეცნენ, დასძინა წყარომ.

იემენის მთავრობასა და ჰუთებს დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.

ჰუთებმა შეძლეს სრუტეში გამავალ გემებზე თავდასხმებით ნაოსნობის შეჩერება მას შემდეგ, რაც 2023 წელს ღაზაში ომი ომი დაიწყო.

ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Saba-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ტაიზის დასავლეთით სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის „სასტიკი ბრძოლების“ შესახებ, ის აგრეთვე იუწყებოდა ჰუთების მიერ განხორციელებული სარაკეტო და დრონების ცეცხლის შესახებ.

მოხაში მყოფმა საველე ოფიცერმა AFP-ს განუცხადა, რომ მისი მეომრები „მედგრად იბრძოდნენ ჰუთების მასშტაბური შეტევის მოგერიების მიზნით“.

„ჩვენ ასევე აღვკვეთეთ თავდასხმა ორ დანაღმულ ნავზე, რომლებიც პორტის სიახლოვეს აფეთქდნენ“, — განაცხადა მან.

გასულ თვეს იემენის ინფორმაციის მინისტრმა მოამარ ალ-ერიანიმ გააფრთხილა საზოგადოება, რომ ჰუთები გეგმავდნენ მიწების მიტაცებას ბაბ-ელ-მანდების სრუტის გასწვრივ, რაც მათ საშუალებას მისცემდა კიდევ უფრო მეტი საფრთხე შეექმნათ ამ სასიცოცხლო საზღვაო არტერიისთვის.

გასული წლების განმავლობაში, ისრაელისა და შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა ჰუთები და გაანადგურა მათი სამხედრო შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ჰუთების წინააღმდეგ კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ჰამასთან სოლიდარობის ნიშნად ისრაელს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს. პარალელურად მათ დაიწყეს ბაბ ელ-მანდების სრუტეში გამავალ გემებზე თავდასხმები.