„თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებას – „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JCB-ს ოფიციალური დილერია, გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით ბრიტანული ბრენდის პრესტიჟული ჯილდო – 2025 CIS Aftersales Growth Excellence Award გადაეცა.
JCB-ს მიერ დილერების საქმიანობის შეფასებისას ყურადღება გამახვილდა როგორც ბიზნესის შედეგებზე, ისე მომსახურების ხარისხსა და ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობაზე. მათ შორის, შეფასდა სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის რეალიზაციის მაჩვენებლები, საოპერაციო პროცესები, მომხმარებელთა მომსახურება და ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს დილერი JCB-ს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. სტანდარტები მომსახურების პრაქტიკულად ყველა ეტაპს მოიცავს – სერვისის ორგანიზებიდან და სამუშაო პროცესებიდან დაწყებული, სათადარიგო ნაწილების რეალიზაციითა და საგარანტიო მოთხოვნების მართვით დასრულებული.

ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი: „ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა. ის 2025 წლის განმავლობაში გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს. შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო პერფორმანსი – როგორც სათადარიგო ნაწილების, ისე სერვისის რეალიზაციის მიმართულებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო JCB-ს სტანდარტებთან შესაბამისობაც. ბრენდს ძალიან დეტალურად აქვს გაწერილი, როგორ უნდა მუშაობდეს დილერი, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სერვისი და რა პროცესებს უნდა მიჰყვებოდეს ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ სტანდარტებს პერიოდულად ოფიციალური აუდიტორებიც ამოწმებენ.
ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენს გამარჯვებაში თავისი როლი ითამაშა, 5S სისტემის დანერგვაც იყო. ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთმა პირველებმა დავნერგეთ ეს სისტემა, რაც სამუშაო გარემოს ორგანიზებას, სისუფთავეს, პროცესების სტანდარტიზაციასა და მიღწეული შედეგის შენარჩუნებას გულისხმობს. CIS-ის ქვეყნებს შორის, უზარმაზარი ავტოპარკების მქონე ბაზრებში გამორჩევა ჩვენთვის დიდი მიღწევა და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანია, მიღწეული შედეგი შევინარჩუნოთ, მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ“.
JCB-ს სტანდარტებთან შესაბამისობა „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთში“ რეგულარული აუდიტის ფარგლებში მოწმდება. ოფიციალური აუდიტის ჯგუფი კომპანიაში, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ რამდენიმე დღეს ატარებს და როგორც საოპერაციო პროცესებს, ისე გაყიდვების შემდგომი მომსახურების სხვადასხვა კომპონენტს აფასებს. ყურადღება ექცევა სერვისის მუშაობას, სათადარიგო ნაწილების რეალიზაციას, საგარანტიო მოთხოვნების მართვასა და დადგენილი პროცედურების შესრულებას.
JCB-სა და „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“ შორის თანამშრომლობა მხოლოდ ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობით არ შემოიფარგლება. საქართველოში უკვე გაიმართა ერთი რეგიონული ტრენინგი ტრენერებისთვის, შემოდგომაზე კი კიდევ ორი რეგიონული ტრენინგია დაგეგმილი. ღონისძიებებს მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, ტრენინგების ჩატარება კი „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში იგეგმება. მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები გამოცდილების გაზიარებას, მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებასა და რეგიონში JCB-ს დილერებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას უწყობს ხელს.
პრესტიჟული ჯილდოს მინიჭება და რეგიონული ტრენინგების საქართველოში გამართვა JCB-ს მხრიდან კომპანიის შესაძლებლობებისა და მომსახურების სტანდარტების მიმართ მაღალ ნდობაზე მიანიშნებს. ამ აღიარების შემდეგ კი „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის“ მთავარი ამოცანა, მიღწეული შედეგის შენარჩუნებასთან ერთად, მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, სათადარიგო ნაწილებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფაზე მუდმივად ზრუნვაა.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ 2007 წელს დაარსდა, 2019 წლიდან კი კავკასიის რეგიონში ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს სამშენებლო, საგზაო, სასოფლო-სამეურნეო და სპეციალური დანიშნულების მძიმე ტექნიკას, ასევე სრულ საგარანტიო და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული მწარმოებლის, JCB-ს ოფიციალური დილერია.




