თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვაფენილი ასფალტით ჩანაცვლდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 30 405 კვ.მ ფართობს მოიცავს.

„სამუშაოების შედეგად, არსებული რიყის ქვაფენილი სამფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, დამონტაჟდება ბოძკინტები და მოაჯირები“, – თქვა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე შეიცვლება მოძველებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. განახლდება გაზის მილები, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელები. დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით.

კალაძის თქმით, კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩაერთვება, ქუჩის გასწვრივ კი მწვანე ნარგავები განთავსდება.

  • ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან ადის, სადაც რეაბილიტაცია 2026 წლის 23 ივლისს დაიწყო და ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.