“3 დაკარგულს ისევ ვეძებთ… სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება ღამითაც” – ბარნაბიშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია ღამითაც, სპეციალური განათებებისა და მოწყობილობების საშუალებით გაგრძელდება.
„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვხატო 6-7 თებერვლის სტიქიური მოვლენების შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში და მაღალმთიან აჭარაში გარდაცვლილი ჩვენი მოქალაქეების ახლობლების მისამართით. აჭარაში სტიქიურ მოვლენებს შეეწირა ორი ჩვენი მოქალაქე. რაც შეეხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთს, ამჟამადაც მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ბოლო ინფორმაციით, კიდევ ორი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. აქედან გამომდინარე, 10 დაკარგულიდან 1 მოქალაქე გადაყვანილი საავადმყოფოში და უტარდება მკურნალობა, 6 ცხედარია ნაპოვნი, 3 დაკარგულ მოქალაქეს კი კვლავ ვეძებთ. ღამიდან მოყოლებული არ გაჩერებულა სამაშველო ოპერაცია. ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობის ყველა უწყება, რაც საჭირო იყო ამ ღონისძიების დროს. შებინდებას იწყებს, მაგრამ სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება ღამითაც, სპეციალური განათებებისა და მოწყობილობების საშუალებით“, – აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.