ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე:
მოვლენათა მცირე თანმიმდევრობა:
– რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ჰაკერების მიერ მოპარული სბერბანკის აღმასრულებელი დირექტორის, გერმან გრეფის საიდუმლო ანგარიში. ომის გაგრძელების შემთხვევაში, ის რუსეთის სრულ გამარჯვებას 7% შანსს აძლევს. არის სხვა სცენარებიც, რომლებშიც რუსეთი ასე თუ ისე გამარჯვებული გამოდის, მაგრამ ჯამში ეს ციფრი 20%-ს არ სცდება. სცენარების 50%-ზე მეტი, გრეფის მიხედვით, რუსეთის სრულ კატასტროფას მოასწავებს. ეკონომიკა ვერ გაუძლებსო.გერმან გრეფი და სბერბანკი ფრაერები არ გეგონოთ. ეს რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი ბანკია. ამაზე დგას რუსეთის ეკონომიკა. ეს ომი არც კრემლის და არც სიმფეროპოლის აღებით არ დამთავრდება, მისი დამთავრება სამ შესაძლო ფაქტორს შეუძლია: რუსეთის ეკონომიკური კოლაფსი, რუსეთის შიგნით სახელმწიფო გადატრიალება (ამის პრერეკვიზიტი ეკონომიკური კოლაფსი უნდა იყოს), პუტინის ფიზიკურ სიკვდილის შემდეგ დაწყებული სახალხო თუ სამთავრობო აშლილობა. ამიტომ ურტყამს უკრაინა რუსეთის ეკონომიკის საფუძვლებს. გრეფიც ეკონომიკაზე საუბრობს;– ოთხი დღის წინ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საკმაოდ თამამი მილოცვა ჩაწერა, რომელიც უკრაინის საელჩომ საკუთარ გვერდზე გაავრცელა;– ამავე დღეებში, საქართველო გაეროში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თანაწარმდგენი გახდა. ეს აზერბაიჯანსა და სომხეთსაც არ გაუკეთებიათ, რომლებსაც არტიკულირებული აქვთ თავიანთი პროუკრაინული პოზიცია;– დღეს ქოცებმა ანტირუსი პოლიტპატიმრები გამოუშვეს;– გუშინწინ, პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ოკუპირებული ტერიტორიების კურატორი, სერგეი კირიენკო ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა და, რბილად რომ ვთქვათ, არაფერი მიუთითებდა საქართველოსთან კომპრომისებისკენ. რუსეთის საგარეო უწყებამ, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების 18 წლისთავთან დაკავშირებით, გაავრცელა განცხადებები, რომ რუსეთი განაგრძობს ამ რეგიონების “დამოუკიდებლობის” გამყარებას.ამ ყველაფერს ანალიზი და კონტექსტში ჩასმა სჭირდება:
1. ვინ აღარ, მათ შორის ქოცებმა, დაინახეს, რომ რუსეთი ომს ვერ იგებს. მე ამას ყოველთვის ვამბობდი, როგორც 1945 წლის მარტში არგენტინამ გამოუცხადა ომი ნაცისტურ გერმანიას და ამით საკუთარი თავი გადაირჩინა, ისე იქნებიან ქოცები.ანტიუკრაინული რიტორიკა, ამ ეტაპზე, მხოლოდ შიდა მოხმარების ინსტრუმენტია, ხალხის ომით შესაშინებლად და “აკაცუკების” გასაშავებლად. საგარეო ასპარეზზე ქოცები უკრაინასთან ლაგდებიან. რადგან ჩვენი ოპოზიციური სპექტრი საგარეო პოლიტიკაში (ან შიდაში) ფაქტორი აღარ არის, ორბანის გარეშე დარჩენილი ქოცების სანქცირება უკრაინელების ხელშია. ქოცები ცუდად მოექცევიან უკრაინას? უკრაინა ბრიუსელში მიაწვება მათ სანქცირებას და გაიტანს. ამიტომ, ნახეს რომ უკრაინა არ აგებს, ნახეს რომ უკრაინას შეუძლია სანქცირებამდე მიიყვანოს რეჟიმი, ამიტომ უნგრეთის არჩევნების დამთავრებისთანავე დაიწყეს უკრაინასთან დალაგება.ამ ეტაპზე, უკრაინელების მიდგომაც გასაგებია: დაინახეს რა, რომ ოპოზიცია ქვეყნის შიგნით ფაქტორს ვეღარ ქმნის, ცვლილებების იმედი არ აქვთ და ისინიც ერგებიან რეალობას. მათი ხედვით, საქართველოს ხელისუფლება არ არის დემოკრატიული, მაგრამ მთავარია ის არ იყოს ანტიუკრაინული. ომში მყოფი ქვეყანაა და გასაგებია მათი პოზიცია. ამ ეტაპზე მაინც, ვერ დავავალდებულებთ მათ ქართულ დემოკრატიაზე იზრუნონ. ეს მეტადრე მაშინ, როდესაც ერის დიდი ნაწილი არ ზრუნავს ამაზე და დედასამშობლოში ცხოვრება გრძელდება… ნუ გვეწყინება, ასეთია მწარე რეალობა. ეს ამბავი მათ სინდისზეც იყოს, ვინც პატარა ეგოებისა და პიროვნული ძიძგილაობის გამო მოკლა ოპოზიციური პოლიტიკური პოლუსი საქართველოში. როგორ წარმომიდგენია ოპოზიციის მკვდრეთით აღდგომა, ამაზე ქვემოთ დავწერ;2. რუსები, თავიანთი არაადეკვატურობით, ქოცების დისტანცირებას უწყობენ ხელს. ადრეც არაერთხელ დამიწერია, ქოცებმა მათ ყველაფერი მისცეს და მზად არიან კიდევ მეტი მისცენ, პარტიების აკრძალვის, სრული დიქტატურის დამყარების, კონსტიტუციის 78-ე მუხლის გაუქმების, ნეიტრალიტეტის გამოცხადების ჩათვლით. მაგრამ (!) კონსტანტინოვკასთან მობუქსავე რუსები, რომლებსაც ომში გამარჯვების მხოლოდ 7% შანსი აქვთ, ჯიუტად ითხოვენ “ახალი რეალობის” დაკანონებას, ანუ ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარებას. ამის მიცემა, ამ ეტაპზე მაინც, ივანიშვილს არ შეუძლია, რადგან ამას ორასოცდაათი ლაშა ნაცვლიშვილიც ვერასდროს გააპრავებს, მათ შორის ქოცების ამომრჩეველთა და მათივე პოლიციელების უდიდეს ნაწილში. არც არის ამხელა დათმობის საჭიროება, რადგან რუსეთის ომში გამარჯვება 7%-ით ფასდება.და რადგან რუსები არ თმობენ, უფრო მეტიც, რადგან მამუკა ფიფიებს და სხვა ქოცებზე უფრო უარესებს აზმანებენ საქართველოს მმართველობას, ქოცებმაც გაბედეს მცირეოდენი ანტირუსული ნაბიჯების გადადგმა და კრემლისთვის დანახება, რომ მათაც აქვთ ბერკეტები;3. არ დაიჯეროთ, რომ ეს დინამიკა დემოკრატიას აღადგენს საქართველოში ან რამე ასეთი. ქოცის სურვილია ხელისუფლების შენარჩუნება და ის, რომ უკრაინამ, ევროპამ და ამერიკამ ისინი ავტორიტარული ფორმაციით მიიღონ. ჩახუტება არაა აუცილებელი და არც სასურველი, მთავარია რომ მიიღონ, მასთან არ იბრძოლონ.ეს რეალობა, მინიმუმ, უკრაინაში ომის დასრულებამდე გაგრძელდება, რაც კიდევ რამდენიმე წელს გასტანს. ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ ეს რეალობა შეიძლება ჩაბეტონდეს კიდეც თუ საქართველოში არ გაჩნდა/აღდგა ოპოზიციური პოლიტიკური პოლუსი;4. როგორ უნდა აღდგეს ის? 2024 წლის არჩევნებამდე, 2013-2021 წლებში, ქვეყანაში იყო ფლაგმანი ოპოზიციური პარტია – ენმ. ეს პარტია, მეტ-ნაკლებად, 30%-ს იღებდა ხოლმე არჩევნებში. ყოველთვის არსებობდნენ “რადიკალი შუაშისტები”, ანტი-ენმ ოპოზიციონერები, მაგრამ მაინც ენმ იყო მთავარი ოპოზიცია. აქ კოორდინირდებოდა ოპოზიციური ხმა და ეს იყო პოლუსი. ამ პარტიის პოზიციას ჰქონდა მნიშვნელობა. ეს სტატისტიკური ფაქტია. 2024 წლის გაყალბებულმა (!) არჩევნებმა ერთი რამ მაინც აჩვენა, რომ ენმ-ს, ფაქტობრივად, აღარ ჰქონდა ორგანიზაცია (განსაკუთრებით რეგიონებში), მისგან დარჩენილი იყო ორი ბრენდი – მიხეილ სააკაშვილი და ნომერი 5. რა ხმებიც აიღო პარტიამ, ამ ორმა ბრენდმა აიღო.თუმცა, ეს აღარ იყო საკმარისი ოპოზიციის ფლაგმანობისთვის. აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში გვყავს არა ერთი ფლაგმანი და სხვა უფრო მცირედი ოპოზიციური პარტიები, არამედ ოთხი მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის მქონე პარტია და ენმ მათ შორის მხოლოდ ერთ-ერთია.ნორმალურ, ჯანსაღ გარემოსა და ადეკვატურ ხალხში ეს ძალიან კარგიც იქნებოდა. ასეთი ძალთა თანაფარდობა პარტიებს შორის თანამშრომლობას, კოორდინაციას, საერთო სამოქმედო გზას მოითხოვს.ბოლო ორმა წელმა დაგვანახა, რომ ეს შეუძლებელია. ამ ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ თანამშრომლობა. აქ არ არის საუბარი რამე იდეოლოგიურ, ღირებულებით და პოლიტიკურ განსხვავებებზე. ამ პარტიებს ცალ-ცალკე რომ დაელაპარაკო, და ბევრჯერ მილაპარაკია, ყველა ერთნაირად ხედავს ქვეყნის პრობლემას. აქ საუბარია პიროვნულ აუტანლობაზე, შეუთავსებლობაზე და სიძულვილზე. რბილად რომ ვთქვათ, ამათი შერიგება გამორიცხულია.შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გვაქვს შემდეგი რეალობა: ქოცები რასაც უნდათ ყველაფერს კადრულობენ და ამაზე არ არსებობს არანაირი პოლიტიკური პასუხი, არც საშინაო და არც საგარეო. პოლიტიკურ ფასს ქოცები აღარ იხდიან, რადგან აქეთ მხარე და პოლუსი აღარ არსებობს. იზამენ რაღაც დიდ უბედურებას, მერე შემოაგდებენ რამე სხვა თემას და რიგითი აქტივისტები და ფეისბუქ “ბაბლი” ამ თემებზე ყაყანებს. ქოცების მხრიდან ეს პოლიტტექნოლოგიაა, ხოლო აქეთ მხარეს მდგომ რიგით აქტივისტს ვერ ავკიდებთ პოლიტტექნოლოგიაში განსწავლულობას. უნდა არსებობდეს პოლიტიკური პოლუსი, რომელიც ქოცების ქმედებაზე პოლიტიკურ პასუხს მოამზადებს და ამ პოლუსს უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი, რომ მას აქტივისტი გაყვეს.რადგან არ აღმოგვაჩნდა საბაზისო პოლიტიკური კულტურა და ცივილიზებული ქცევის უნარი, რადგან ეს ლიდერები ურთიერთსიძულვილს ვერ გასცდნენ, მაშ რა ვქნათ? დავუტოვოთ სამუდამოდ ეს ქვეყანა ჯერ ბიძინას და მერე მის რომელიმე შვილს? წავიდეთ ჩვენი ქვეყნიდან? უკრაინის გამარჯვების შემთხვევაშიც კი ასე მოგვიწევს, თუ აქ ავტორიტეტული ოპოზიციური პოლიტიკური პოლუსი არ შეიქმნა.ამიტომ, მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, უნდა დავუბრუნდეთ ძველ ნაცად გზას – ერთმა პარტიამ უნდა ჩაყლაპოს სხვები და დავიბრუნოთ ფლაგმანი ოპოზიციური პარტია.რომელი იქნება ეს პარტია, ამის დიდი არჩევანი არ გვაქვს და, რაც გვაქვს, მათ შორის უნდა გამოირჩეს. “ახალი ძალები” და წმინდა გიორგი არ ჩამოვა ზეციდან.
თუ ამ პოსტზე რომელიმე ოპოზიციურ პარტიას გული დაწყდება, მე ვუპასუხებ: შეიკარით ერთ მუშტად ოთხივე პარტია, გვაჩვენეთ რომ ხართ პოლუსი და მეც უკან წავიღებ ჩემს აზრებს, როგორც კოშმარულ სიზმარს. ამ ეტაპზე, მე ვხედავ რეალობას, რომელშიც მე და კიდევ ათასებს ამ ქვეყანაში აღარ დაგვედგომება და, როცა ეს ასეა, არავისთან რევერანსებს არ ვაპირებ.



