ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სატრანზიტო როლის გაძლიერებას მოემსახურება

შუა დერეფანი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, “შუა დერეფანი” მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი კეთილდღეობისთვის და მას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები უკავშირდება.
„ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით და მომავალში გადავდგამთ, საქართველოს ბუნებრივი როლის კიდევ უფრო მეტად რეალიზებას ემსახურება და კიდევ უფრო მეტად დააკავშირებს ცენტრალურ აზიას, აზიას ევროპასთან”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, აზია-ევროპის დამაკავშირებელმა მარშრუტმა საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა და პოტენციალი კიდევ უფრო გაზარდა, სწორედ ამიტომ „საქართველოს სატრანზიტო როლის სრულად რეალიზების ნაწილში ჩინეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო გასაძლიერებელია”.
“თუ გვინდა, რომ “შუა დერეფანი” იყოს შედეგზე ორიენტირებული დერეფანი, აქ ჩინეთის როლი და მნიშვნელობა არის დიდი და ჩვენ, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაძლიერებას”, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
მისი თქმით, ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ დონემდე აყვანა მნიშვნელოვანია.
„ეს დაეხმარება ჩვენს ქვეყანას უფრო შედეგიანად მოახდინოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის რეალიზაცია, უფრო მეტად შევძლოთ აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება”.
დარჩიაშვილის თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელსაც საქართველო ჩინეთთან აძლიერებს. ამ კონტექსტში ილია დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ძალიან ბევრი სახელმწიფო ცდილობს, ჩატარდა ჩინეთისა და ევროკავშირის სამიტი, -სა და ჩინეთს შორის ლიდერების დონეზე შეხვედრა და ა.შ.
მინისტრობის კანდიდატმა, ასევე ხაზი გაუსვა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მნიშვნელობას.
ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან იყო მაღალი დონის ვიზიტები და გააქტიურებულია ურთიერთობების დინამიკა. მისი თქმით, შუა დერეფნის მნიშვნელობა გადის სწორედ ჩინეთის მონაწილეობასა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართულობაზე.
თავის გამოსვლაში, მინისტრობის კანდიდატმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
„მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ჩინეთი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის”, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება