2026 წლის ზაფხულს აჭარაში, შავი ზღვის საკურორტო სანაპიროებზე მინიმუმ სამი შემთხვევა მოხდა, როდესაც სლავური წარმოშობის კაცები პლაჟზე სრულად გაშიშვლდნენ და ამან კონფლიქტი გამოიწვია.
ერთ შემთხვევაში პლაჟზე მყოფმა ქალმა აიძულა კაცს ჩაცმა პოლიციის გამოძახების მუქარით, მეორე შემთხვევაში პოლიცია გამოიძახეს, მესამე შემთხვევა 26 აგვისტოს მოხდა გონიოში.
კაცს, რომელიც პლაჟზე სველი საცურაო კოსტუმის გამოცვლისას გაშიშვლდა, გონიოელმა მოზარდებმა – ბიჭებმა ჯერ სიტყვიერად აგინეს, შემდეგ კი მის მანქანას ქვები დაუშინეს.
ვიდეოს სოციალურ ქსელში რუსულენოვანი მომხმარებლების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.
„ეს რა სიველურეა“, „ჯოგი“ – წერდნენ ვიდეოს კომენტარებში.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა პლაჟზე გაშიშვლება ძუძუთი კვებას შეადარა „პლაჟზე ტანსაცმლის გამოცვლა – ქვის სროლა, ძუძუთი კვება საჯარო ადგილას – რა გმირობაა“, – დაწერა ირონიულად მან.
ასევე კომენტარების ნაწილი შეეხებოდა აჭარის რეგიონის თავისებურებას, წერდნენ, რომ აჭარა მუსლიმური რეგიონია, ღრმად კონსერვატორული და ამიტომაა მძაფრი რეაქცია პლაჟზე სრულად გაშიშვლებაზე.
„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, სინამდვილეში, რატომაა მიუღებელი პლაჟზე სრულად გაშიშვლება, როგორია საქართველოს კანონმდებლობა ამ მიმართულებით და როგორია საზოგადოებაში დამკვიდრებული დაუწერელი წესები საჯარო ადგილებში მოქცევის შესახებ.
საქართველოში პლაჟზე სრულად გაშიშვლება დასჯადია.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება.
კერძოდ, საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობა, რომელიც იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას – იქნება ეს სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება ან საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
მსგავსი საქციელისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 100-დან 200 ლარამდეა.
ოფიციალურად, საქართველოში ნუდისტური პლაჟი არ გვაქვს.
შესაბამისად, კანონმდებლობითაა განსაზღვრული, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე შავიზღვისპირეთის პლაჟებზე.




