„უნდა შეიცვალოს წესი, რომლის მიხედვითაც, სებ–ის პრეზიდენტს ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვს“ – IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი

„მიგვაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს წესი, რომლის მიხედვითაც, სებ–ის პრეზიდენტს ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვს“, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველიმ bm.ge-ს ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მათი რეკომენდაციაა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც მთლიანად საბჭოს გააძლიერებს.
„რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: სებ–ის საბჭოში დღეს 4 ვაკანსიაა. კარგი იქნებოდა, რომ ეს პოზიციები შევსებულიყო კვალიფიციური კადრებით. ამ ნაწილში სიამოვნებით დავინახავდით რაიმე წინსვლას. ჩვენ გვსურს ასევე დავინახოთ როგორ აწესრიგებს სებ–ის შესახებ კანონი თანამდებობის გადაცემის პროცესს. დღეს ასეთი ჩანაწერი კანონში არ არსებობს. ჩვენ ასევე გვსურს, გავაძლიეროთ სებ–ის საბჭოში არა–აღმასრულებელი წევრების როლი და საზედამხედველო ფუნქცია. ასევე მიგვაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს დღეს არსებული საპრეზიდენტო წესი, რომლის მიხედვითაც, სებ–ის პრეზიდენტს აქვს უფლება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები და ის შეიცვალოს კოლეგიალური მოდელით, როდესაც პრეზიდენტს ბორდის წევრების მხარდაჭერა დასჭირდება გადაწყვეტილებების გასატანად”, – განაცხადა ენდრიუ ჯუველმა.