„მოსკოვი მოუწოდებს ლონდონს, უარი თქვას რუსეთის მიმართ მტრულ, აგრესიულ პოზიციაზე, რაც კონფლიქტის ფუნდამენტურად ახალ დონეზე გადაყვანის რისკს ქმნის“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„მოვუწოდებთ გაერთიანებული სამეფოს ყველა მცხოვრებს, გაითვალისწინონ საკუთარი მთავრობის მტრული ქმედებების გარდაუვალი, კატასტროფული შედეგები. მოვუწოდებთ ბრიტანეთის ხელმძღვანელობას, კიდევ ერთხელ საფუძვლიანად გააანალიზოს სიტუაცია და დაუყოვნებლივ და გადამწყვეტად უარი თქვას მტრულ, აგრესიულ პოზიციაზე, რომელსაც მხოლოდ კიევის ნეონაცისტური რეჟიმის აგონიის გახანგრძლივება შეუძლია და კონფლიქტის ფუნდამენტურად ახალ დონეზე გადასვლის რისკს ქმნის.
ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ უკრაინის მიერ მათი იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებზე პასუხი, შესაძლოა, გახდეს ბრიტანეთის ნებისმიერი სამხედრო ობიექტი და სამხედრო ტექნიკა როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. სამხედრო დანაშაულების მონაწილეები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, შესაბამისად დაისჯებიან“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.




