გლაციოლოგი ლევან ტიელიძე 26 აგვისტოს ნეპალ-ტიბეტის საზღვრის რეგიონში მომხდარ ტრაგიკულ სტიქიურ მოვლენას აფასებს და წერს, რომ “იმ სამეცნიერო დარგების გაძლიერება, რომლებიც ბუნებრივი საფრთხეების შესწავლასა და პროგნოზირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, სადაც 2025 წლის ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით 800-ზე მეტი მყინვარია”.
მისი თქმით, “მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია”.
ქართველი მეცნიერი მიიჩნევს, რომ “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამეცნიერო დარგების გაძლიერებაც, რომლებიც ბუნებრივი საფრთხეების შესწავლასა და პროგნოზირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს: გეომორფოლოგიის, ფიზიკური გეოგრაფიის, გეოლოგიის, გლაციოლოგიის, ჰიდროლოგიის, გეოფიზიკის, კლიმატოლოგიისა და სხვა მიმართულებების გაძლიერებული სწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში”.
“ნეპალ-ტიბეტის საზღვრის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული სტიქიური მოვლენა, წინასწარი შეფასებით, გლაციალური ღვარცოფის ტიპის უეცარი წყალმოვარდნა იყო. თითქმის დადასტურებულია, რომ იგი მყინვარის ჩამონგრევამ ან კლდოვან-ყინულოვანი მასის ზვავმა გამოიწვია, რასაც, სავარაუდოდ, წინ უძღოდა მიწისძვრის მიერ გამოწვეული ბიძგი. ამას ემატებოდა ბოლო დღეებში ნეპალსა და სამხრეთ ტიბეტში მოსული უხვი ნალექიც. ამ დროისთვის დაკარგულად დაახლოებით 400 ადამიანი ითვლება.მყინვარული სტიქიური პროცესები, შესაძლოა, მიწისძვრების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საშიში და დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენაა. სამწუხაროდ კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარებთან დაკავშირებული საფრთხეები კიდევ უფრო აქტიური ხდება.ასეთ პირობებში პრევენცია და რისკების სწორად მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: აუცილებელია ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება, მაღალმთიან რეგიონებში სწორი და უსაფრთხო განაშენიანება, მათ შორის ჰიდრო-ელექტრო და სხვადასხვა საინჟინრო ნაგებობების შესაფერის უბნებში განთავსება, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და სტიქიური პროცესების მუდმივი მონიტორინგი.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამეცნიერო დარგების გაძლიერებაც, რომლებიც ბუნებრივი საფრთხეების შესწავლასა და პროგნოზირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს: გეომორფოლოგიის, ფიზიკური გეოგრაფიის, გეოლოგიის, გლაციოლოგიის, ჰიდროლოგიის, გეოფიზიკის, კლიმატოლოგიისა და სხვა მიმართულებების გაძლიერებული სწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში.ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც სადაც 2025 წლის ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით 800-ზე მეტი მყინვარია. შესაბამისად, მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია”, — წერს ლევან ტიელიძე სოციალურ ქსელში.
ბოლო მონაცემებით, ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება.
ლევან ტიელიძე ქართველი გლაციოლოგი და გეოგრაფია, რომელიც მყინვარებს, მათ ცვლილებასა და კლიმატის გავლენას იკვლევს. ის ავსტრალიაში მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.