ნეპალსა და ტიბეტს შორის საზღვრის გასწვრივ მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, სულ მცირე, 165-ს მიაღწია, ხოლო თითქმის 1 400 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
26 აგვისტოს მყინვარის ჩამოშლამ უზარმაზარი ტალახისა და ქანების მასა წარმოქმნა, რომელიც ჰიმალაის დასახლებებში დიდი სისწრაფით გავრცელდა და მთელი სოფლები წალეკა. სტიქიიდან ერთი დღის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ხუთშაბათს გადარჩენილებს ეძებდნენ.
ნეპალის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნულმა უწყებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში 826 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათგან თითქმის 600 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ტიბეტში ჩინურმა მაუწყებელმა CCTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გირონგის ოლქში 558 დაკარგულს ეძებენ, მათ შორის 260 უცხოელი. 27 აგვისტოს დილის მდგომარეობით, იქ სამი ადამიანის დაღუპვა იყო დადასტურებული, ხოლო ორი ადგილობრივი მცხოვრების გადარჩენა მოხერხდა.
რა ვიცით ნეპალსა და ტიბეტში მომხდარი წყალდიდობის შესახებ?
სტიქია 26 აგვისტოს მოხდა, როდესაც მყინვარის ჩამოშლამ მდინარე ლჰენდე-ხოლაში წყალდიდობა გამოიწვია. ეს მდინარე ბჰოტეკოშის შენაკადია და მდებარეობს დერეფანში, რომელიც ტრეკერებსა და მომლოცველებს შორის პოპულარული მარშრუტით კატმანდუს ლჰასასთან აკავშირებს.
ნეპალის პოლიციის წარმომადგენელმა აბი ნარაიან კაფლემ Reuters-ს განუცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება:
“ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან სამძებრო სამუშაოები განვაახლეთ და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო მეტი ცხედარი ვიპოვოთ”,
DW წერს, რომ ნეპალში დაკარგულთა შორის დიდი რაოდენობით უცხოელი ტურისტები არიან.
ტურიზმის საბჭოს წარმომადგენელმა სუნილ შარმამ Associated Press-ს განუცხადა, რომ დაკარგულთა შორის 133 ინდოელი მომლოცველია, რომლებიც ტიბეტში, ინდუისტებისთვის წმინდა კაილაშის მთისკენ მიემგზავრებოდნენ. მათ გარდა, დაკარგულად ითვლება 47 ამერიკელი, 34 ავსტრალიელი, 33 ბრიტანელი და 24 კანადელი.
Reuters-მა პოლიციისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისგან ოდნავ განსხვავებული მონაცემები მოიპოვა: მათი ინფორმაციით, დაკარგულ ტურისტებს შორის 177 ინდოეთის, 63 აშშ-ის, 34 ავსტრალიის, 33 დიდი ბრიტანეთისა და 25 კანადის მოქალაქეა.
ლევან ტიელიძე: “მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია”